ახალი ამბები

თბილისის ზოოპარკს 19 აფრიკული პინგვინი შეემატა

10 აპრილი, 2017 • 3257
თბილისის ზოოპარკს 19 აფრიკული პინგვინი შეემატა

დღეს, 10 აპრილს, თბილისის ზოოლოგიურ პარკს ბრისტოლის ზოოპარკისგან (დიდი ბრიტანეთი) საჩუქრად გამოგზავნილი 19 აფრიკული პინგვინი შეემატა. ამის შესახებ თბილისის ზოოპარკმა გვაცნობა.

11 აპრილს, სამშაბათს, 17:00 საათზე, თბილისის ზოოპარკში ახალი ბინადრების გადმოცემის ცერემონია გაიმართება (მისამართი: მ. კოსტავას ქ. #64). ღონისძიებას დაესწრებიან ბრისტოლის დელეგაცია – ბრისტოლ-თბილისის ასოციაციის თავმჯდომარე და თბილისის საპატიო მოქალაქე დერეკ პიკაპი, ბრისტოლის ზოოპარკის განვითარების დირექტორი რიჩარდ როლინგსი- დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი და თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი.

“თბილისთან დაძმობილებულ ქალაქ ბრისტოლის ზოოპარკმა თბილისის ზოოპარკისთვის აფრიკული პინგვინების ჩუქება 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ გადაწყვიტა. ახალი ბინადრების გამოგზავნა დაძმობილებული ქალაქის მხრიდან მეგობრობის კიდევ ერთი ჟესტია. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ბრისტოლსა და თბილისს დაძმობილების 30 წელი უსრულდებათ,” – აცხადებენ თბილისის ზოოპარკში.

როგორც თბილისის ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე ამბობს, აფრიკული პინგვინების მისაღებად ზოოპარკის არსებულ ტერიტორიაზე გაფართოვდა ძველი პინგვინარიუმი, მოეწყო დამატებითი სივრცე და ქვიშიანი სანაპირო, გაკეთდა ახალი თავშესაფრები და საბუდრები.    

“აფრიკული პინგვინების ჩამოსვლას მოუთმენლად ელოდა ყველა. წყალდიდობამდე ზოოპარკში გვყავდა “ლივინგ ქოსთსის” ზოოპარკის ნაჩუქარი პინგვინები, თუმცა, სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ შევძელით და აი, ისინი კვლავ დაგვიბრუნდნენ. აფრიკული პინგვინები სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში არიან გავრცელებულნი, შესაბამისად, საქართველოს ჰავა სრულად ესადაგება მათი სიცოცხლისთვის აუცილებელ კლიმატურ პირობებს. აფრიკული პინგვინების მიღება ჩვენთვის დიდი პატივია, რადგან ეს სახეობა გადაშენების პირასაა და სპეციალურ პროგრამაშია ჩართული,” – აცხადებს გურიელიძე.

თბილისის ზოოპარკს რამდენიმე დღის წინაც შეუერთდა 14 ახალი ბინადარი: რიგის ზოოპარკმა ერთი უსურიის მამრი ვეფხვი, ლონდონის ზოოპარკმა შვიდი მცირე ზომის კენგურუ (ბენეტის ვალაბი), ხოლო ბენჰემის ზოოპარკმა ექვსი ფაფრიანი ცხვარი აჩუქა საქართველოს დედაქალაქის ზოოლოგიურ პარკს.

მასალების გადაბეჭდვის წესი