ევგენი მიქელაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

რატომ შემცირდა სამუსიკო სკოლებზე მოთხოვნა

საბჭოთა პერიოდში მშობლები თითქმის სავალდებულო წესად მიიჩნევდნენ, რომ თავიანთ შვილებს, განსაკუთრებით გოგოებს, სამუსიკო განათლება მიეღოთ. თუმცა ბოლო 20 წლის მანძილზე ეს მიდგომა შეიცვალა, რამაც, თავის მხრივ, სამუსიკო სკოლებში მოსწავლეთა და მასწვლებელთა კონტიგენტის შემცირება გამოიწვია.

სალომე ჭანტურიძე 28 წლისაა. დედის სურვილით, სკოლაში სიარულის დაწყებასთან ერთად, სამუსიკო სკოლაშიც შეიყვანეს. თუმცა, როგორც სალომე იხსენებს, პრობლემა ის იყო, რომ არანაირი მუსიკალური მონაცემი არ გააჩნდა:

“ისეთი უსმენო ვიყავი და ისე უსმენოდ მატარებდნენ ამ სამუსიკო სასწავლებელში, რა მინდოდა, მეც არ ვიცი. ფორტეპიანოზე დავდიოდი, მასთან ერთად იყო სოლფეჯიო, გუნდი და ა.შ. მე დავდიოდი 6 წელი, მაგრამ რანაირად მიმიღეს, მართლა გასაკვირია. ტანჯვა-წამება იყო ჩემთვის, მაგრამ დედაჩემს უნდოდა, რომ დაკვრა მცოდნოდა. მასწავლებელმა სახლშიც კი მომაკითხა, ერთხელ რომ გავიპარე, სიარული რომ აღარ მინდოდა. გაკვეთილს რომ ატარებდა, მთელი ოქტავა მხარზე მქონდა,” – იხსენებს სალომე.

როგორც სალომე ამბობს, სამუსიკო სასწავლებელში მისაღებ გამოცდაზე ვერც ერთი ნოტის გამოცნობა ვერ შეძლო, მაგრამ სასწავლებელში მაინც ჩარიცხეს. სალომეს თქმით, მის მსგავსად, სამუსიკო სკოლაში მისი თანატოლების და ნაცნობების უმეტესობა დადიოდა, რასაც იმ პერიოდში არსებულ ტენდენციას უკავშირებს:

“მასწავლებელი მაძალებდა, დაძალებით გავყავდი გამოცდაზე. რისი მსწავლელი ვიყავი, არაფერი ვიცოდი. მუსიკაზე წასვლა ტანჯვა იყო ჩემთვის, განა მარტო ის, რომ მეცადინეობა მეზარებოდა, ჩემთვის ძალიან რთული იყო. ცუდი ტენდენცია იყო, საბჭოთა კავშირში მცხოვრები ადამიანების მცდელობა, რომ მისი შვილი აუცილებლად პიანონზე დაკვრას უნდა ფლობდეს, შვიდწლედი უნდა ჰქონოდა დამთავრებული – კარგ ტონად ითვლებოდა ეს,” – ამბობს სალომე.

სალომესგან განსხვავებით, მუსიკალური შვიდწლედი დაასრულა თამუნა სულაშვილმა. სამუსიკო სკოლაში ისიც მშობლების სურვილით, 6 წლის ასაკში შევიდა – ახლა 39 წლისაა და ფიქრობს, რომ ამ დროის განმავლობაში ტენდენცია საგრძნობლადაა შეცვლილი.

“იძულების ფონი არ ყოფილა, უფრო ტენდენციას დავარქმევდი. იმ პერიოდის შეხედულება იყო, რომ ბავშვს უნდა ესწავლა ფორტეპიანოზე დაკვრა, ასეთი მიდგომა იყო. ჩემს კლასელებშიც საკმაოდ ბევრნი იყვნენ, ვინც სამუსიკო სკოლაში დადიოდა. იმ პერიოდის ქიზიყში ასეთი შეხედულება იყო, რომ თუ ოჯახს პრეტენზია ჰქონდა, რომ კარგი ოჯახი გქონდა, მაგ შემთხვევაში შვილები, ბიჭების ჩათვლით, აუცილებლად უნდა გეტარებინა მუსიკაზე,” – იხსენებს თამუნა.

ევგენი მიქელაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ევგენი მიქელაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მუსიკალურ სკოლაში არც თამუნას შვილებს უვლიათ და, როგორც ამბობს, მათი თანატოლებიც ნაკლებად იყვნენ დაკავებული მუსიკალური აქტივობებით, ვიდრე მისი თაობა:

“ტენდენცია ახლა კატეგორიულად შეცვლილია. უბრალოდ, დადის ბავშვი მუსიკაზე იმ შემთხვევაში, თუ სურვილი აქვს თავად მას. თუმცა ჩემი შვილი მსაყვედურობს ახლა, მერე რა, რომ მე არ მინდოდა, მაინც უნდა გეტარებინეო. ვფიქრობ, საჭიროა, რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავდეს ბავშვი. მუსიკა ძალიან კარგ ზეგავლენას ახდენს ბავშვზე, აღქმა ხდება სხვანაირი, აღქმა ხდება კლასიკური მუსიკის,” – ამბობს თამუნა.

იმ მოსაზრებას, რომ ამ მხრივ ტენდენცია ქვეყანაში შეიცვალა, მუსიკის პედაგოგებიც იზიარებენ. თინა ღვინერია ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური მუსიკალური სკოლის დირექტორის მოადგილეა. წლებია თავადაც ფორტეპიანოს პედაგოგად მუშაობს. როგორც ამბობს, ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში სამუსიკო სკოლებში ოჯახის მცირეწლოვანი წევრების შეყვანის ტრადიცია მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუ ადრე პრესტიჟულად ითვლებოდა, რომ ბავშვებს მუსიკალური განათლება მიეღოთ და ეს ნაწილობრივ სავალდებულოც იყო, ახლა ეს მეტწილად ბავშვის სურვილზეა დამოკიდებული.

“წინა პერიოდთან შედარებით, საბჭოთა პერიოდი რომ ავიღოთ, თითქმის სავალდებულო იყო მუსიკალური განათლება. ყველა თავმოყვარე ოჯახი თვლიდა თავის მოვალეობად, რომ თავიანთი შვილებისთვის მიეცათ მუსიკალური განათლება. იქნებოდა ბავშვი მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული თუ არა, მუსიკალურ სკოლაში დადიოდა ყველა. 3-4 წელს მაინც ასწავლიდნენ.  ეს ასე აღარ არის,” – ამბობს ის.

თინა ღვინერიას თქმით, ამას ხელს რამდენიმე ფაქტორი უწყობდა, რამაც დღესდღეობით აქტუალობა სხვადასხვა მიზეზის გამო დაკარგა:

“აღარ არის რამდენიმე ფაქტორის გამო- დასაქმების თვალსაზრისით, სამუსიკო მოღვაწეობის წარმოების თვალსაზრისით; ფილარმონია აღარ არის, რომელიც აწესრიგებდა საკონცერტო ცხოვრებას მთელ საქართველოში და რეგიონებში იმართებოდა კონცერტები; იყვნენ ფილარმონიის სოლისტები, რომლებიც როგორც საზღვარგარეთ გადიოდნენ კონცერტებით, ასევე რეგიონებში; კულტურის სახლები იყო და ა.შ. კულტურული ცხოვრება რეგიონებში ძალიან აქტიური იყო. თუმცა სახელმწიფოსთვის დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომ იზრუნოს და უფასო მუსიკალური განათლება მისცეს თავის მოზარდებს. ქვეყანა ახლა ამის უფლებას თავს ვერ მისცემს,” – ამბობს თინა ღვინერია. 

ევგენი მიქელაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ევგენი მიქელაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

პედაგოგის თქმით, ამჟამად ოჯახებს, შვილს რომ მუსიკალური განათლება მისცენ, ფულის გადახდა უწევთ, რისი საშუალებაც ბევრ მათგანს არ აქვს.

“მე მახსოვს, 1990-იან წლებში იყიდებოდა ოჯახებიდან პიანინოები, რომელიც იყო ერთადერთი სარჩო, რომ მერე საჭმელი ეყიდათ. ინსტრუმენტები მართლა აღარ არის. გადასახადები დაწესდა, სულ რამდენიმე სამუსიკო სკოლა დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტზე, დანარჩენებმა უნდა გადაიხადონ. ეს ყველაფერი უკვე აფერხებს. სამუსიკო მოღვაწეობის გაგრძელების პერსპექტივა, ან სამსახურში მოწყობის პერსპექტივა რადგან აღარ არის, ამდენად, ოჯახებში ჩნდება საკითხი – რატომ უნდა დავახარჯინოთ დრო მუსიკალურ განათლებაში, რადგან ეს ყოველდღიურ მუშაობას მოითხოვს, ეს არ არის ასე მარტივი. ამიტომ აწყობთ, უფრო ისწავლონ კომპიუტერი, ისწავლონ ენები, რაც უფრო გამოსადეგი იქნება მათთვის,” – ამბობს თინა.

ტენდენციის ცვლილებასთან ერთად შემცირდა სამუსიკო სკოლებში მოსწავლეების რაოდენობაც. როგორც თინა ღვინერია ამბობს, კლება მეტწილად მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ სახელოვნებო სკოლებზე აისახა.

7 წლის კატო ევგენი მიქელაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში დადის. როგორც თავად კატო ამბობს, მისი კლასელებიდან სამუსიკო სასწავლებელში არავინ დადის. კატო “პატარა რომ იყო”, მუსიკის მასწავლებელი უნდოდა გამოსულიყო და ამიტომ მშობლებს სთხოვა ფორტეპიანოზე დაკვრის შესასწავლად სამუსიკო სკოლაში შეეყვანათ.

კატოს ბაბუის გიორგი კახიშვილის თქმით, რომ არა თავად შვილიშვილის სურვილი, ოჯახი კატოს მუსიკაზე სიარულს არ დააძალებდა:

“მისი მონდომებით მოხდა. ადრე, უნდოდათ თუ არა, ინსტრუმენტს ყველა ყიდულობდა სახლში იმიტომ, რომ მოდაში იყო, მერე ის ინსტრუმენტი რომ იდგა ისე და არაფერს აკეთებდა, ბავშვები მუსიკაზე შეჰყავდათ. ზოგი ამართლებდა, ზოგი ვერა. დღეს ასე არ არის, ძალით არ უნდა მიიყვანო, დაძალება არ შეიძლება,” – ამბობს კატოს ბაბუა.

ევგენი მიქელაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ევგენი მიქელაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მოსწავლეების რაოდენობის კლებაზე საუბრობს მე-19 სახელოვნებო სკოლის დირექტორიც. თამაზ მოლაშვილს სკოლაში მუშაობის 53-წლიანი გამოცდილება აქვს. აქედან 17 წელი დირექტორის თანამდებობას იკავებს. როგორც ამბობს, ბოლო 20 წლის განმავლობაში მის სკოლაში მოსწავლეების რაოდენობა განახევრდა და თუ ადრე ყველა მიმართულებაზე 800 მოსწავლე ჰყავდათ, ახლა მათი რაოდენობა 400-მდე შემცირდა. მოსწავლეების რაოდენობის შემცირება კი ტრაგიკულად აისახა მუსიკის მასწავლებლების ხელფასებზე. როგორც თბილისის მე-19 სამუსიკო სკოლის დირექტორი ამბობს, მის სკოლაში მასწავლებლის ანაზღაურება ერთ მოსწავლეზე თვეში 15 ლარს არ აჭარბებს. თამაზ მოლაშვილის თქმით, ერთ მასწავლებელს, საუკეთესო შემთხვევაში, 10 მოსწავლე ჰყავს და თვეში 150 ლარს გამოიმუშავებს:

1 მოსწავლისგან მასწავლებლის ხელფასი თვეში 15 ლარს არ აჭარბებს. ესეც ჩვენი დადგენილია. ჯერ გვითხრეს, სწავლის გადასახადი გინდა 35 დააწერე, გინდა 45, მაგრამ ვიფიქრე, მოსწავლეები არ გაიქცნენ-მეთქი და 35 დავაწესეთ, ეს ნაწილდება ყველაფერზე და ხელფასები ძალიან ცოტაა. ამიტომაა, რომ ჩვენი პედაგოგები ერთ ადგილზე კი არა, 2-ზე, სამზე და ოთხზე მუშაობენ,” – ამბობს მოლაშვილი. 

მისი თქმით, პრობლემაა კადრების ნაკლებობაც, რადგან მცირე ხელფასის გამო კონსერვატორიის კურსდამთავრებულებები სამუშაოდ სახელოვნებო სკოლებში აღარ მიდიან:

ახლა კურსდამთავრებული კონსერვატორიის ჩვენთან სამუშაოდ აღარ მოდის. 15 წელზე მეტია, ჩემს კოლეგებს 32 ხელოვნების სკოლიდან ვეკითხები – ვინ მოვიდა თქვენთან? ყველას პასუხია – არავინ. სამაგიეროდ მე მყავს 3 პედაგოგი 80 წელს მიღწეული. სამივე მუშაობს სამ ადგილას, ჩემთან და ორ სხვა სკოლაში. სამივეს სამ ადგილზე 107 მოსწავლე ჰყავს, 80 წელს რომ არიან მიღწეულები, ღმერთმა ნუ ქნას და სამივე ორი კვირაც ავად რომ გახდეს, ეს მოსწავლეები ვინ უნდა ამეცადინოს?” – ამბობს თამაზ მოლაშვილი.

მიუხედავად ამ დაბრკოლებებისა, მისი თქმით, ბოლო 17 წლის განმავლობაში მხოლოდ თბილისის მე-19 სახელოვნებო სკოლიდან კონსერვატორიაში სხვადასხვა მიმართულებაზე 31-მა კურსდამთავრებულმა ჩააბარა, თუმცა კადრების პრობლემა აქაც თვალსაჩინოა:

ჩემს ახალგაზრდობაში მილიციის ორკესტრი არსებობდა. ერთხელ, ერთმა ჩინოვნიკმა ბრძანა, გამოეყვანათ დასაკვრელად მილიციის ორკესტრი, მერე სამხედრო ორკესტრს მოუსმინა და გადაწყვიტა, შეეერთებინა და ერთად მოესმინა, მაგრამ ვერ მოხერხდა. მილიციის ორკესტრში რომ უკრავდნენ, ფორმა გაიხადეს, ჩაიცვეს სამხედრო ორკესტრის ფორმა და უკრავდნენ სამხედრო ორკესტრში. ეს ტენდენცია ახლაც გრძელდება, რომ იცოდეთ. ერთი კაცი რომ ცუდად გახდეს, ორ ან სამ ადგილას აღარ ეყოლებათ შემსრულებელი,” –  იხსენებს მოლაშვილი.

მოსწავლეების რაოდენობის კლებაზე საუბრობს თბილისის მე-10 სახელოვნებო სკოლის დირექტორი ტარიელ ბერაძეც, რომელიც ამ თანამდებობას უკვე 39 წელია იკავებს. იგი ამბობს, რომ მოსწავლეების რაოდენობა ბოლო 20 წლის განმავლობაში თითქმის განახევრდა. ტარიელის თქმით, თუ ადრე მის სკოლაში 550 მოსწავლე ირიცხებოდა, ამ ციფრმა ჯერ 350-მდე იკლო, დღესდღეობით კი მათ სკოლაში 412 მოსწავლე სწავლობს.

ამჟამად თბილისში მუნიციპალიტეტის ბალანსზე 33 ხელოვნების სასწავლებელია. სახელოვნებო სასწავლებლები 2007 წლიდან თვითდაფინანსებაზეა, დედაქალაქის მერია სახელოვნებო სკოლებს კომუნალურ გადასახებს და ინტერნეტის სერვისის ხარჯებს უფარავს. 2017 წლის აპრილის მონაცემებით, თბილისის სახელოვნებო სკოლებში 8 992 მოსწავლე ირიცხება.  660 მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტს სახელოვნებო სასწავლებელში სწავლის საფასურს მერია უხდის. მერია აფინანსებს სოციალურად დაუცველი ოჯახების 2250 არასრულწლოვნის სახელოვნებო განათლებასაც. არამოთხოვნადი სპეციალობების შენარჩუნებისთვის კი, როგორიცაა „ბიჭუნათა კაპელა“, ჩასაბერი საკრავები, სასულე და სიმებიანი ინსტრუმენტები და ქართული საგუნდო ხელოვნება, მერია ამ მიმართულებებზე 754 მოსწავლეს აფინანსებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი