უჩა ძოძუაშვილი. ფოტო: დელტა

უჩა ძოძუაშვილი “დელტას” გენერალური დირექტორის თანამდებობაზე აღადგინეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტის” გენერალური დირექტორის თანამდებობაზე უჩა ძოძუაშვილი აღადგინეს. ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროში დაგვიდასტურეს.

უჩა ძოძუაშვილი “დელტის” გენერალური დირექტორის თანამდებობიდან 2016 წლის 18 მაისს, იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის ბრძანებით გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების მიზეზად თავდაცვის სამინისტრო კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებდა. თუმცა ხიდაშელი აცხადებდა, რომ ეს არ იყო მხოლოდ ერთი მიზეზი იმ დიდი პრობლემისა, რომლის წინაშეც მინისტრობის პერიოდში იდგა.

როგორც თინა ხიდაშელმა 2016 წლის აგვისტოში ნეტგაზეთს განუცხადა, ერთადერთი შეცდომა, რომელიც თავდაცვის მინისტრობის დროს დაუშვა, იყო ის, რომ ძოძუაშვილი გაცილებით ადრე არ გაუშვა სამსახურიდან. ყოფილი თავდაცვის მინისტრი არ საუბრობდა “დელტის” ხელმძღვანელის ბრალეულობებზე, თუმცა აცხადებდა, რომ ძოძუაშვილის თანამდებობაზე აღდგენის შემთხვევაში უკვე სხვაგვარად ისაუბრებდა.

თავად უჩა ძოძუაშვილი კი წერდა, რომ თავდაცვის მინისტრის­ ­ბრძანება, რომლითაც “დელტის” გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ყოველგვარ სამართლებლივ საფუძველ­ს იყო მოკლებული და ეყრდნობოდა მხოლოდ თინა ხიდაშელის სუბიექტურ აზრს.­

დღეს, 10 აპრილს, ჩვენ დავუკავშირდით თინა ხიდაშელს, თუმცა მან უჩა ძოძუაშვილის თანამდებობაზე აღდგენის შესახებაც არ ისურვა საუბარი. როგორც ყოფილი თავდაცვის მინისტრი ამბობს, ეს თემა მისგან არანაირ შეფასებას არ იმსახურებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.