აბაშიშვილი კობახიძეს: პოლიტიკურ თვითიზოლაციას ახასიათებს მიდრეკილება შეთქმულების თეორიებისადმი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის ბრალდებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პოლიტიკურ თვითიზოლაციას ახასიათებს მიდრეკილება შეთქმულების თეორიებისადმი.

„ზოგადად, როდესაც ხდება საზოგადოებასთან კომუნიკაციის წყვეტა, ხდება ვიწრო წრეში ჩაკეტვა და ვიწრო სივრცეში ამ დროს ადგილი აქვს სხვადასხვა კონსპირაციებს და ეჭვიანობას. ბოლო პერიოდში ძალიან გამოკვეთილი ტენდენციის სახე მიიღო ყველაფრის გადაბრალებამ საქართველოს პრეზიდენტზე. მაგრამ მინდა, ყველას შევახსენო, რომ ბუნებაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უნარი, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები და არა აუცილებლად ვინმეს კარნახით. ცხადია, ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაშიც, არასამთავრობო სექტორშიც, ექსპერტებშიც,“ – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

მისი განცხადებით, სამი წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტის გუნდი, ღიად აწარმოებდა კონსულტაციებს ეროვნულ ბანკთან, მოსმენების კანონთან, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ტერიტორიულ მოწყობასა და აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით.

“საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ექსპერტებთან, არასამთავრობოებთან, პოლიტიკურ პარტიებთან ღიად, მაგრამ ეს იყო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ღია კონსულტაციები თემატურ საკითხებზე და არა კონსპირაციები”.

როგორც გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით პროექტის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი, საკონსტიტუციო კომისიის წევრები ხვდებიან საქართველოს მოქალაქეებს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში და „ვფიქრობ, რომ არის ძალიან საინტერესო დისკუსია მთელ რიგ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად დაეხმარება საკონსტიტუციო კომისიას საერთო სახალხო განხილვების დროს”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი