ახალი ამბები

აღდგომასთან დაკავშირებით ისრაელის საზღვრის კვეთის პროცედურები კიდევ უფრო გამკაცრებულია

10 აპრილი, 2017 • 1681
აღდგომასთან დაკავშირებით ისრაელის საზღვრის კვეთის პროცედურები კიდევ უფრო გამკაცრებულია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ისრაელის საზღვრის კვეთის პროცედურები კიდევ უფრო გამკაცრებულია.

“აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით კიდევ უფრო გამკაცრებულია საზღვრის კვეთის პროცედურები და, შესაბამისად, გამგზავრების მსურველებმა ზედმიწევნით უნდა დაიცვან საზღვრის კვეთისათვის დადგენილი მოთხოვნები,” – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ:

[checklist]

  • მგზავრობის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტები
  • მგზავრობის სრული პერიოდისათვის საარსებოდ და უკან დაბრუნებისათვის საკმარისი თანხის ფლობის დამადასტურებელი საბუთი
  • სამგზავრო ბილეთი ორივე მიმართულებით

[/checklist]

ყოველ წელს, აღდგომის დღესასწაულის დროს, ისრაელის პოლიცია უსაფრთხოების მიზნით იღებს განსაკუთრებულ ზომებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს:

[checklist]

  • მოქალაქებს, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, მოსალოდნელი ხალხის სიმრავლის გამო რეკომენდებულია, თავი შეიკავონ ეკლესიაში მისვლისგან.
  • დაუშვებელია იმ პირებისათვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელთაც ევალებათ ტაძარში და მასთან მისასვლელ გზებზე წესრიგის დამყარება.
  • ის პირები, რომლებიც დაესწრებიან ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას, უნდა დაემორჩილონ პოლიციის პირველივე მითითებას მათი ადგილმდებარეობის შეცვლასთან დაკავშირებით.
  • აუცილებელია, ყველა მოქალაქე მოერიდოს სასულიერო პირებთან კამათს, რომელთა ფუნქციებშიც შედის ტაძარში წესრიგის დამყარება.
  • იერუსალიმის ძველ ქალაქში ე.წ. სპეციალური სამაჯურების – ტაძარში შესვლის საშვები არ უნდა შეიძინონ – გაყალბებული სამაჯურების მქონე პირებს გამოაძევებენ “მაცხოვრის ტაძრიდან”.

[/checklist]

ისრაელი აძლიერებს უსაფრთხოების ზომებს და გამგზავრებამდე კარგად გაეცანით ისრაელის საემიგრაციო პოლიტიკას, რომელსაც წაიკითხავთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდებზე, ურჩევს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისრაელი საქართველოს მოქალაქეების იდენტიფიცირებას, როგორც საზღვარზე, ისე ქვეყნის შიგნით, ახდენს ბიომეტრიული მონაცემებითა და პირადი ნომრის მეშვეობით, რაც მინიმუმამდე ამცირებს შეცვლილი დემოგრაფიული მონაცემებით ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არალეგალური მიზნებით შეღწევის მცდელობას.

“ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ გახშირდა შემთხვევები, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს არ ეძლევათ უფლება გადაკვეთონ ისრაელის სახელმწიფოს საზღვრი და უწევთ სამშობლოში უკან დაბრუნება. შექმნილი ვითარება განპირობებულია იმით, რომ უმეტეს შემთხვევაში დასტურდება ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს მოქალაქეების არამიზნობრივი მგზავრობის ფაქტები, კერძოდ, ჩვენი მოქალაქეების ისრაელის სახელმწიფოში  არალეგალურად დარჩენისა და მუშაობის მიზნით გამგზავრების კუთხით”, – აცხადებს სამინისტრო.


 

ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, 2017 წლის 17 აპრილიდან ამოქმედდება კიდევ ერთი ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების განცხადებები, რომლებიც ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურს მიმართავენ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით, განიხილავენ დაჩქარებული წესით. იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეს უარს ეტყვიან განცხადების განხილვაზე, მის მიმართ დაუყოვნებლივ დაიწყება ისრაელის სახელმწიფოდან იძულებით გაძევების პროცედურები.

სამინისტროს განმარტებით, ამ რეგულაციის შემოღება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ საქართველოს მოქალაქეები, თავშესაფრის მიღებაზე უარის მიღების შემდგომ მიღებული შეტყობინების მიუხედავად – 7 დღის განმავლობაში დაეტოვებინათ ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორია – არალეგალურად რჩებოდნენ ისრაელის სახელმწიფოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი