ახალი ამბები

კობა სუბელიანი: ეს აჟიოტაჟი გაუგებარია

28 დეკემბერი, 2012 • 2286
კობა სუბელიანი: ეს აჟიოტაჟი გაუგებარია

“სამინისტროს ფორმულირება იყო ასეთი, აღმოჩნდა 5 არალეგალური საწყობი, რომელიც სამინისტროს ბალანსზე არ არისო. როგორ შეიძლება საწყობი იყოს სამინისტროს ბალანსზე? საწყობები იყო კერძო მფლობელის, რომელთანაც სამინისტროს ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება,”- აცხადებს სუბელიანი. 

 

ყოფილი მინისტრის განცხადებით, ეს არის ჩვეულებრივ, სამინისტროს ბალანსზე არსებული რეზერვები, რომლის გარეშეც სამინისტროს ძალიან გაუჭირდებოდა.

 

გარდა ამისა, სუბელიანი ამბობს, რომ ნივთები და პროდუქტი უკვე დაურიგდათ 2008 წლის რუსული ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს. გარდა ამისა, მისივე თქმით, პარალელურ რეჟიმში, განსახლებების დროს, ამ რეზერვებიდან და მარაგებიდან სამინისტრო დევნილებს სხვადასხვა ნივთით აკმაყოფილებდა.

 

“2008 წლის ოკუპაციის შემდეგ 38 სოფელში დავარიგეთ. იქ, სადაც გაზი იყო, შეშის ღუმელს ვერ მივიტანდით. ახლა ეს მარაგები ამათ უნდა გამოიყენენონ, უამრავი განსასახლებელი ადამიანი ჰყავთ, გამოიყენონ. რატომ ატეხეს ასეთი ამბავი და აჟიოტაჟი, ჩემთვის გაუგებარია,”- ამბობს სუბელიანი.

 

კითხვაზე, რატომ აღმოჩნდა საწყობებში არსებული ნივთები და პროდუქტი ვადაგასული და დაზიანებული, სუბელიანს პასუხი არ აქვს.

 

“მე ძალიან გამიჭრიდება იმის მტკიცება, რომ რაღაც ან გაფუჭებულია, ან დაზიანებულია.”

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 28 დეკემბერს, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2008-2009 წელს დასარიგებელი, დევნილებისათის განკუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთები, სამუშაო იარაღები, საკვები პროდუქტები არალეგალურ საწყობებშია აღმოჩენილი

 

როგორც მინისტრი, დავით დარახველიძე აცხადებს, გამოუსადეგ და დაზიანებულ ნივთებს შორისაა- მაცივრები, საწოლები, ჭურჭელი, თეთრეული, საბნები, ლეიბები, ხალიჩები, ტელევიზორები, 2009 წელს შეძენილი გაზის ბალონები, რომელიც გაზითაა დატენილი, 300 ათასი ლარის ღირებულების შეშის ღუმელი და ა.შ. აგრეთვე, პროდუქტი – მაკარონი, მარილი, წიწიბურა.  

 

დავით დარახველიძის თქმით, დევნილებისთვის განკუთვნილი ნივთებისა და პროდუქტის შესაძენად თანხები გამოყოფილი იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მთავრობის სარეზერვო ფონდიდან. 

 

დევნილთა სამინისტრომ ყველა მასალა პროკურატურას გადასცა. ამასთან დაკავშირებით კობა სუბელიანი ამბობს, რომ დაკითხვის შემთხვევაში იმავეს იტყვის, რასაც მედიასთან საუბარში აცხადებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი