ახალი ამბები

“ოცნების” საკონსტიტუციო პროექტით, მაჟორიტარული სისტემა უქმდება

10 აპრილი, 2017 • 2664
“ოცნების” საკონსტიტუციო პროექტით, მაჟორიტარული სისტემა უქმდება

ქართული ოცნების მიერ საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მომზადებული საკონსტიტუციო პროექტის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული კომპონენტი უქმდება და მანდატები მხოლოდ პარტიების მიერ პროპორციული წესით მიღებული ხმების რაოდენობის შესაბამისად გადანაწილდება.

თუმცა, პროექტის თანახმად, გაუნაწილებელ მანდატებს ის პარტია მიიღებს, რომელსაც არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა ექნება. ის, რომ გაუნაწილებელი მანდატები მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ პარტიას უნდა მიენიჭოს, ოპოზიციური ძალების უკმაყოფილებას იწვევს. მას მხარს არ უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილიც.

“პარლამენტის წევრის მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც.

პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდნეობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე.

მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდნეობა.

თუ პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს ის პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო”, – ნათქვამია ოცნების მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო პროექტში.

2016 წელს საპარლამენტო არჩევნები მაჟორიტარულისა და პროპორციული წესების კომბინირებული სისტემით ჩატარდა, ანუ 77 მანდატი პროპორციული წესით დაკომპლექტდა, ხოლო 73 – მაჟორიტარულით. ამ სისტემით “ქართულმა ოცნებამ”, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით პროპორციული წესით ხმების საერთო რაოდენობის 48.68% (85 6638 ხმა) მიიღო, პარლამენტში, ჯამში, 115 დეპუტატი შეიყვანა, ენმ-მ თავისი 27.11%-ით (47 7053 ხმა) 27 მანდატი მიიღო, ხოლო პატრიოტთა ალიანსმა ხმების 5.01%-ით (88 097 ხმა) საკანონმდებლო ორგანოში 6 წევრი შეიყვანა.

რა მოხდებოდა 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები იმ სისტემით რომ ჩატარებულიყო, რომელსაც საზოგადოებას “ქართული ოცნება” ახლა სთავაზობს? – ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობას, ანუ 113 მანდატს ვერ მიიღებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი