პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს და უშიშროების საბჭოს წევრებს ვეღარ წარადგენს – კონსტიტუციის პროექტი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი არანაკლებ 10 წლის ვადით.

საქართველოს დღეს მოქმედი კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს; მთავრობასთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან გადააყენებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, სხვა მხედართმთავრებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, რომელიც “ოცნებამ” წარადგინა საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფებთან კონსულტაციების შემდეგ, პრეზიდენტს ეს უფლებამოსილება აღარ აქვს და მას კავშირი აღარ ექნება უშიშროების საკთხებთან.

გამონაკლისი იქნება საომარი მდგომარეობა: “საომარი მდგომარეობის დროს კონსტიტუციური ორგანოების საერთო კოორდინაციის მიზნით იქმნება ეროვნული თავდაცვის საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი”.

დღეს მოქმედი კონსტიტუციით, “საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი არანაკლებ 10 წლის ვადით”.

ცვლილებების პროექტით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს წევრთაგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით 10 წლის ვადით ირჩევს პარლამენტი. ამას გარდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში შედის არანაკლებ 16 მოსამართლე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი