ახალი ამბები

“ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი” – საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი

10 აპრილი, 2017 • 5311
“ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი”  –  საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი

საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფისთვის შეთავაზებული პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის 27-ე მუხლში ქორწინება განისაზღვრება, როგორც “ქალისა და მამაკაცის კავშირი”.

კერძოდ, საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფებში გამართული კონსულტაციების შემდეგ, “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში მოცემულია შემდეგი ჩანაწერი:

მუხლი 27 (ქორწინების უფლება)

  1. ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას და ნებაყოფლობას.
  2. სახელმწიფო იცავს ოჯახის კეთილდღეობას. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.

“ეს იყო კონსტიტუციური ცვლილების პროექტი, რომელიც წინა პარლამენტშიც იყო ინიცირებული და ამას მოჰყვა საერთო-სახალხო განხილვა. ჩვენ თუ პატივს ვცემთ საკუთარ მოსახლეობას და მის დამოკიდებულებას, პატივი უნდა ვცეთ იმ პროცესს, როდესაც საქართველოს ყველა კუთხეში, გარდა ოკუპირებილი ტერიტორიისა, ჩვენ ყველგან ჩავატარეთ საერთი-სახალხო განხილვა და ამ ცვლილების მიმართ იყო ერთსულოვანი განწყობა. მეორე მხრივ, ეს იყო ჩვენს საარჩევნო პროგრამაშიც. მესამე, ეს ჩანაწერი არავის უფლებას არ ზღუდავს და არ აკნინებს. თუ ჩავიხედავთ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების შესახებ ევროპის კონვენციაში, მეთორმეტე მუხლში სწორედ ქალი და კაცი წერია”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

“ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი ტუღუში ამბობს, რომ ამ ჩანაწერს ვენეციის კომისია ნეგატიურად აფასებს:

“ვენცეციის კომისიამ, თავიდანვე, როიდესაც ის შეხვედრებზე იმყოფებოდა გასულ დღეებში, განაცხადა, რომ ნამდვილად არ მიესალმება მსგავს ჩანაწერს კონსტიტუციაში და ნეგატიურად აფასებს,”- განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

ინიციატივით, რომ ოჯახი განსაზღვრულიყო, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა, 2014 წელს პრემიერი ღარიბაშვილი გამოვიდა. 2016 წელს საინიციატივო ჯგუფმა 200 ათასზე მეტი მოქალაქის ხელმოწერის მქონე მოთხოვნით მიმართა პრეზიდენტს, გამართულიყო რეფერენდუმი შეკითხვით: თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“. პრეზიდენტმა ამ რეფერენდუმის დანიშვნაზე უარი განაცხადა. პრეზიდენტის უარს არ დაეთანხმა საქართველოს მთავრობა და პრემიერმა განაცხადა, რომ ამ ცვლილებას კონსტიტუციაში ახალი პარლამენტი შეიტანდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი