დეკანოზი გიორგი მამალაძე

დაკავებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა

ადვოკატის ცნობით, დაკავებულმა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა, რადგან მისგან აღსარებას დეკანოზი რევაზ სიხარულიძე მოისმენს. აღნიშნული საპატრიარქოშიც დაადასტურეს.

დაკავებული დეკანოზის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ დეკანოზმა გიორგიმ შიმშილობა იმის გამო შეწყვიტა, რომ საპატრიარქოდან თანხმობა განაცხადეს, მისგან აღსარება მიიღონ. ადვოკატის თქმით, დღეს, 10 აპრილს, 17:00 საათზე, გიორგი მამალაძეს დეკანოზი რევაზ სიხარულიძე შეხვდება.

მიხეილ რამიშვილის თქმით, არაა გამორიცხული, რომ დეკანოზი ასევე შეხვდეს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრებს.

ადვოკატის თქმით, შიმშილობის გამო დეკანოზის ჯანმრთელობა გაუარესდა, მას ისედაც აწუხებდა გული და ხერხემალი.

“ციხის სამედიცინო ნაწილი სრულყოფილად და პასუხისმგებლობით აკეთებს ყველაფერს.  მას  პრობლემა აქვს გულთან, ნაოპერაციები არის. გარდა ამისა, ხერხემლის პრობლემები აქვს, გადასხმები გაუკეთეს. შიმშილობა ჯანმრთელ ადამიანს ავნებს და, მით უმეტეს, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები გაქვს”, – განაცხადა ადვოკატმა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც 10 თებერვალს მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს, 5 აპრილიდან შიმშილობდა პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრის მოთხოვნით.


პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავა, როცა ბერლინში მიემგზავრებოდა. მას ბრალად ედება პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლები), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. ე.წ. ციანიდის საქმეზე მტკიცებულებების ნაწილი პროკურატურამ 8 მარტს გახადა საჯარო.

გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს. ადვოკატების თქმით, გიორგი მამალაძეს პატრიარქის მდივან–რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა თავად სთხოვა ციანიდის შეძენა. დეკანოზი პატრიარქის ძმისშვილის, ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ეპარქიაში მუშაობდა წლების მანძილზე. ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს განცხადებით, არ გამორიცხავს, რომ დეკანოზი შორენა თეთრუაშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას წამოეგო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com