სოციალური სახელმწიფო

კონსტიტუციის პროექტით, საქართველო სოციალური სახელმწიფოა

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფებში გამართული კონსულტაციების შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” კონსტიტუციური  ცვლილებების პროექტი წარადგინა, რომლის მიხედვით, საქართველო სოციალური სახელმწიფოა.

კონსტიტუციური პროექტის მეხუთე მუხლის მიხედვით:

  •  საქართველო არის სოციალური სახელმწიფო.
  •  სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების დამკვიდრებაზე.
  •  სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. მაღალმთიანი რეგიონების განსავითარებლად კანონი ადგენს შეღავათებს.
  • სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით.
  •  სახელმწიფო ზრუნავს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის განვითარებაზე.
  •  ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით სახელმწიფო უზრუნველყოფს გარემოს დაცვას, ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობას და ქვეყნის მდგრად ეკოლოგიურ განვითარებას.
  •  სახელმწიფო ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის განსაკუთრებული პირობების შექმნაზე.
  •  სახელმწიფო ხელს უწყობს ქალისა და კაცის თანაბარ მონაწილეობას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

დღეს მოქმედი კონსტიტუციის ტექსტის მიხედვით, საქართველო სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოა, თუმცა მოქმედ ვერსიაში არაფერია ნათქვამი სოციალურ სამართლიანობასა და თანასწორობაზე, ჯანრმთელობისა და სოციალურ დაცვაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი ლინა ღვინიანიძე მიიჩნევს, რომ სოციალური სახელმწიფოს შინაარსის კონსტიტუციით განსაზღვრა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა:

“სოციალური სახელმწიფოს შინაარსი წარმოდგენილ ვერსიაში დაზუსტებეულია, რაც მნიშვნელოვანია.  მოქმედი კოსნტიტუციით, ეს  შინაარსი  ცხადად განსაზღვრული არ არის და საკონსტიტუციო სასამართლო თვითონ განამრტავდა, რა იგუსლიხმება სოციალური სახელმწიფოს პრინციპში. ახლა უფრო მეტს იძლევა კონსტიტუციის ტექსტი, ვიდრე აქამდე,” – ამბობს ლინა ღვინიანიძე და აღნიშნავს, რომ EMC სრულად შეისწავლის კონსტიტუციურ პროექტს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.