ახალი ამბები

ტუღუში: თუ საარჩევნო სისტემაზე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, შეიძლება საკონსტიტუციო კომისია დავტოვოთ

10 აპრილი, 2017 • 1420
ტუღუში: თუ საარჩევნო სისტემაზე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, შეიძლება საკონსტიტუციო კომისია დავტოვოთ

“მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი ტუღუში აცხადებს, რომ თუკი საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, საკონსტიტუციო კომისიას დატოვებენ. 

ეს განცხადება გიორგი ტუღუშმა დღეს, 10 აპრილს, საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომის მიმდინარეობისას ჟურნალისტებთან გააკეთა.

დღესვე, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი კონსულტაციებს მართავდა ზოგიერთი პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ საკონსტიტუციო კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით.

ტუღუში ამბობს რომ ამ საკითხზე “ევროპულ საქართველოს” პრეზიდენტთან კონსულტაციები არ ჰქონია. თუმცა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კომისიის დატოვებას არ გამორიცხავს:

“ევროპულმა საქართველომ” თავიდანვე განაცხადა, რომ ძირითადი მიზეზი ჩვენი მხრიდან ამ კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღების იყო ის, რომ მიგვეღწია საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის.

 დარიგებულ ვარიანტში გაუქმებულია მაჟორიტარული სისტემა და საუბარია მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე. ახლა ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ იმას, რომ გაუნაწილებელი მანდატები არა ისე განაწილდეს, როგორც მოცემულ ფორმულაშია, რომ მთლიანად პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ მიიღოს, არამედ მოხდეს მისი პროპორციულად გადანაწილება. თუ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში ეს არის პრიორიტეტი, შეიძლება ჩვენ განვიხილოთ კომისიის დატოვება, მაგრამ, ამ ეტაპზე ვმუშაობთ იმაზე, რომ მივაღწიოთ ისეთ საარჩევნო სისტემას, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, როდესაც ამ კომისიის მუშაობაში დავიწყეთ მონაწილეობის მიღება,”- განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი