ახალი ამბები

თბილისის მერია აუტიზმის თერაპიის ქვეპროგრამაში ცვლილებებს გეგმავს

10 აპრილი, 2017 • 2381
თბილისის მერია აუტიზმის თერაპიის ქვეპროგრამაში ცვლილებებს გეგმავს

თბილისის საკრებულო თბილისის მერიასთან ერთად “აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის” ქვეპროგრამაში ცვლილებების შეტანას გეგმავს. ცვლილებები მიხედვით:

[checklist]

  • პროგრამაში დარეგისტრირებულ პირებს დაემატებიან ბავშვები, ვისი პირველადი რეგისტრაციის ადგილი თბილისია და ორი წელი შეუსრულდათ.
  • პროგრამაში დარეგისტრირებულ პირებს დაემატებიან თბილისში რაიონების მიხედვით შეცვლილი რეგისტრაციის მქონე ბავშვები.
  • თბილისში რეგისტრაციიდან მოცდის პერიოდი 2 წლის ნაცვლდ განისაზღვრა 1 წლით

[/checklist]

“შემოგვაქვს სამი ძირითადი ცვლილება, ვინაიდან ივლისში ხდება 2 წელი, რაც ეს პროგრამა დაიწყო, უკვე გაჩნდნენ ბავშვები, რომელთა პირველადი რეგისტრაცია ქალაქი თბილისია და 2 წლის ხდებიან. ცხადია, ის ბავშვები, რომლებსაც  აუტისტური სპექტრის დარღვევები დაუდგინდებათ, მოხვდებიან ამ პროგრამაში. მეორე ცვლილება კი გულისხობს იმას, რომ თუ ბავშვებმა რეგისტრაცია დაკარგეს თბილისში და მათი ცხოვრების ფაქტი თბილისში დადასტურდება, ისინიც ავტომატურად მოხვდებიან ამ პროგრამაში, მესამე ცვლილებაცაა, ჩვენ შემოგვაქვს მოცდის პერიოდი, ეს მოცდის პერიოდი იყო 2 წელი, ჩვენ ვცვლით ჩანაწერს და ვამცირებთ ამ პერიოდს ერთ წლამდე”, – განაცხადა თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურეობის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გელა ცივიაშვილმა, რომელმაც ასევე განმარტა, რომ თუ ბავშვი გადმოეწერება თბილისში და ერთი წელი აქ იცხოვრებს, ამის შემდეგ ექნება ამ სერვისით სარგებლობის უფლება.

აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე თბილისში რეგისტრირებული ბავშვებისთვის რეაბილიტაციის ქვეპროგრამა 2015 წლის ივლისში დაიწყო. შესაბამისად, ეს პროგრამაც 2015 წლის 1 ივლისამდე დარეგისტრირებულ ბავშვებს აფინანსებდა, რაც აუტისტური დარღვევის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტის საფუძველი არაეთხელ გახდა. 

თბილისის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე კომპლექსური თერაპიის სეანსები 626 ბავშვს უფინანსდება. შემოდგომაზე, ცვლილებების განხორციელების შემდეგ, პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა 700-ს გადააჭარბებს. მერიის ცნობითვე, აპრილის მონაცემებით, მომლოდინეთა სიაში 69 ბავშვია. პროგრამის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი