ეგზიტპოლი: თიბილოვსა და ბიბილოვს შორის მეორე ტური გაიმართება

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის პროცესი დასრულდა. კენჭისყრის შემდეგ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის შესაბამისად, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა დასაშვები ზღვარი, – ლეონიდ თიბილოვს ხმების 45,8%, ხოლო ანატოლი ბიბილოვს 36, 9% აქვს. შესაბამისად, მეორე ტური გაიმართება.

ეგზიტპოლი დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე კერძო არაკომერციულმა ორგანიზაციამ, “სოციოლოგიური ანალიზის აკადემიამ” ჩაატარა და 2 981 ადამიანი გამოკითხა.

ეგზიტპოლის შედეგებითვე, გამოკითხულთა უმრავლესობამ [81,5%] პლებისტიცში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკისთვის  “სახელმწიფო ალანიას” დარქმევას მხარი დაუჭირა.

არჩევნების წინასწარი შედეგები დე ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო უწყებას ჯერ არ გამოუქვეყნებია.

არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობდა – ამჟამინდელი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, ანატოლი ბიბილოვი და ალან გაგლოევი. ორ კანდიდატს, მათ შორის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტს, ედუარდ კოკოითის,არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრეს. 

დამკვირვებლების ცნობით, არჩევნებზე სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა, თუმცა, ამჟამინდელი პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის ოპონენტთა მხარდამჭერ ფეისბუკის ჯგუფებში ე.წ. კარუსელზე საუბრობენ.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დაგეგმილ არჩევნებსა და რეფერენდუმს ქართული მხარე და საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს. ქართული მხარის გარდა, აღნიშნული არჩევნების არალიგიტიმურობის შესახებ განცხადებებს აკეთებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც. 7 აპრილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში არჩევნებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც გააკეთა.

ცხინვალის გადაწყვეტილებით, 9 აპრილის არჩევნების გამო, ქართულ მხარესთან გამშვები პუნქტი სამი დღით ჩაიკეტა. 

ამომრჩეველთა აქტივობა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებზე ვლადიკავკაზში; ფოტო: ანატოლი ბიბილოვის მხარდამჭერთა ფეისბუკის ჯგუფიდან

ამომრჩეველთა აქტივობა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებზე ვლადიკავკაზში; ფოტო: ანატოლი ბიბილოვის მხარდამჭერთა ფეისბუკის ჯგუფიდან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი