რომელი მომწამვლელი ნივთიერებები გამოიყენს 9 აპრილს – CIA-ის საიდუმლო მასალები

რა მომწამვლელი ნივთიერებები გამოიყენა საბჭოთა კავშირმა 1989 წლის 9 აპრილს მიტინგის დასარბევად? – ამ თემაზე ინფორმაცია იძებნება აშშ-ის დაზვერვის (CIA) განსაიდუმლოებულ მასალებში. 1989 წლის 26 აპრილს CIA European Briefi-ის ფარგლებში, სავარაუდოდ, თბილისიდან იღებს ინფორმაციას, რომელიც იმავე წლის 9 აპრილის მიტინგის დაშლას და საბჭოთა ჯარის მიერ გამოყენებულ მომწამვლელ ნივთიერებას ეხება დემონსტრანტების წინააღმდეგ. უცნობია, ვინ აგზავნის CIA-სთან ინფორმაციას, რომელსაც იმ დროისთვის საიდუმლო კლასიფიკაცია ჰქონდა. CIA-იმ აღნიშნული დოკუმენტი უკვე ონლაინაც გახადა ხელმისაწვდომი.

“დაზარალებულების სიმპტომები მიუთითებს იმაზე, რომ ჯარისკაცებმა ნაციონალისტური დემონსტრაციების ჩასახშობად ცრემლსადენი გაზი და ასევე პირღებინების გამომწვევი ნივთიერება გამოიყენეს.

საბჭოთა საქართველოში ახლახან დანიშნულმა პარტიულმა ლიდერმა განაცხადა, რომ 20 დაღუპულიდან ზოგიერთის სიკვდილი მომწამვლელმა გაზმა გამოიწვია. პრესის მიხედვით, მან განაცხადა, რომ 2 სხვადასხვა გაზი იქნა გამოყენებული, და დაამატა, რომ დაზარალებულების დასახმარებლად ექიმები გაგზავნეს.

დაზარალებულებიც და ოფიციალურად სანქცირებული საგამოძიებო კომისიის წევრებიც აღნიშნავენ შემდეგ სიმპტომებს: ძლიერი თავის ტკივილი, პირღებინება, გამონაყარი კანზე, მეხსიერების დაკარგვა, ირეგულარული დამბლა. თავდაცვის სამინისტროს გაზეთმა გაავრცელა ინფორმაცია ცრემლსადენი გაზის – ქლოროაცეტოფენონის შესახებ, თუმცა არაფერი უთქვამს მეორე გაზზე”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

თავისი კომენტარის ნაწილში დოკუმენტის ავტორი ამბობს:

“სიმპტომებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მეორე გაზია Diphenylchloroarsine, რომელიც ცრემლსადენ გაზთან ერთად გამოიყენეს. პირღებინების გამომწვევი ნივთიერების მაღალი კონცენტრაცია იწვევს ფილტვების დაზიანებას, ინტენსიურ თავის ტკივილს, რომელსაც თან ერთვის ტკივილი მკერდში, სუნთქვის გართულებას და გრძელვადიან პირღებინებას. გარკვეული ოდენობის დოზით მოწამვლის შემთხვევაში შესაძლოა მკურნალობას რამდენიმე კვირაც დასჭირდეს.

ითვლება, რომ პირღებინების გამომწვევი ნივთიერებაც და მომწამვლელი გაზიც ლეტალური შედეგს არ იწვევს, თუმცა მაღალი კონცენტრაციით ან ორგანიზმზე ხანგრძლივი ზემოქმედების შემთხვევაში ცრემლსადენ გაზსაც და პირღებინების გამომწვევ ნივთიარებასაც ადამიანის მოკვლა შეუძლია. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მომიტინგეთა ჯგუფი ალყაში იყო და გაფანტვის საშუალება არ ჰქონდა, შესაძლოა, ეს ფაქტი ყოფილიყო კავშირში დაღუპვის მიზეზთან.

თავდაცვის სამინისტროს გაზეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბჭოთა კავშირმა პირველად აღიარა ქლოროაცეტოფენონის გამოყენება. აქამდე საბჭოთა კავშირი აცხადებდა, რომ მიტინგების კონტროლისათვის მხოლოდ chlorobenzylidene malononitrile (cs)-ს იყენებდა. პირღებინების გამომწვევი საშუალების გამოყენება საბჭოთა კავშირს ჯერ არ უღიარება”, – ნათქვამია დოკუმენტში.


1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული დემონსტრაცია საბჭოთა არმიამ ჩაახშო. 21 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

თბილისში გაფიცვები  და მიტინგები 1988 წელს დაიწყო.

საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 1989 წლის 4 აპრილს, როდესაც ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა თბილისში მთავრობის სახლის წინ, რუსთაველის გამზირზე. მომიტინგეებმა, რომლებსაც ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობის კომიტეტი, მშვიდობიანი დემონსტრაცია მოაწყვეს და შიმშილობა დაიწყეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით.

1989 წლის 9 აპრილს საქართველოში, თბილისში, სამხედრო ძალის გამოყენება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინააღმდეგ პირველი ასეთი შემთხვევა გახდა, შემდგომ კი განმეორდა აზერბაიჯანსა და ლიტვაში.

1991 წელს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ  “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი” მიიღო. 9 აპრილი კი გლოვის დღედ გამოცხადდა.

CIA-ის არქივში 9 აპრილის შესახებ კიდევ რამდენიმე დოკუმენტი იძებნება, რომელსაც შეგიძლია გაეცნოთ IDFI-ის ვებგვერდზე.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com