პრეზიდენტი: ცხინვალში ე.წ. რეფერენდუმი მცოცავი ოკუპაციის ანექსიაში გარდასახვაა ყირიმის სცენარით

“ე.წ. რეფერენდუმი სხვა არაფერია, თუ არა მცოცავი ოკუპაციის რეჟიმის აშკარა ანექსიაში გარდასახვა იგივე სცენარით, რომელიც რუსეთის ფედერაციამ 2014 წელს განახორციელა ყირიმთან მიმართებაში”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ე.წ. არჩევნებთან და რეფერენდუმთან დაკავშირებით

“ეს ქმედება მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირეულ პრინციპებს. ტერიტორიაზე, საიდანაც ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ იქნა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და სადაც რეალურ კონტროლს ახორციელებს უცხო ქვეყნის საოკუპაციო ძალა, შეუძლებელია ვისაუბროთ მოსახლეობის თავისუფალი არჩევანის ან ნების თავისუფლად გამოხატვის რაიმე ფორმის შესახებ.

ე.წ. რეფერენდუმი სხვა არაფერია, თუ არა მცოცავი ოკუპაციის რეჟიმის აშკარა ანექსიაში გარდასახვა იგივე სცენარით, რომელიც რუსეთის ფედერაციამ 2014 წელს განახორციელა ყირიმთან მიმართებაში. ამგვარი ქმედება წარმოადგენს უხეშ ზეწოლას საქართველოზე და მიზნად ისახავს ვითარების შემდგომ ესკალაციას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, მტკიცე პოზიცია დააფიქსიროს მეზობელი სახელმწიფოს სუვერენული საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგი მცდელობისა და რუსეთის პრივილეგირებული ინტერესების სფეროების პოლიტიკის მიმართ. “ყირიმის პრეცედენტის” დამკვიდრება საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ საქრთველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, არამედ იმ უნივერსალური და ფუძემდებლური პრინციპების ქმედუნარიანობას, რასაც ეფუძნება თანამედროვე საერთაშორისო წესრიგი”, – თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დღეს, 2017 წლის 9 აპრილს “საპრეზიდენტო არჩევნები” და “სამხრეთ ოსეთისთვის” “სახელმწიფო ალანიას” გადარქმევის საკითხზე პლებისტიცი მიმდინარეობს.

ოფიციალური ინფორმაციით, სულ 77 საარჩევნო უბანია გახსნილი, მათ შორის სამი ჩრდილოეთ ოსეთში, ერთი მოსკოვში და ერთიც – სოხუმში. კენჭსყრაში მონაწილეობას 32 736 ამომრჩეველი მიიღებს.

ოფიციალური ცნობითვე, არჩევნებს  რუსეთიდან, აფხაზეთიდან, დნესტრიპირეთიდან, მთიანი ყარაბაღიდან, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან 80 ზე მეტი საერთაშორისო მონიტორი დააკვირდება.

არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს- ამჟამინდელი ე.წ. პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, ანატოლი ბიბილოვი და ალან გაგლოევი. ორ კანდიდატს, მათ შორის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტს, ედუარდ კოკოითის,არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრეს. 

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დაგეგმილ არჩევნებსა და რეფერენდუმს ქართული მხარე და საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს. ქართული მხარის გარდა, აღნიშნული არჩევნების არალიგიტიმურობის შესახებ განცხადებებს აკეთებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც. 7 აპრილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში არჩევნებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც გააკეთა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com