ახალი ამბები

მთავრობამ ყაზბეგში “დარიალჰესი” გახსნა

8 აპრილი, 2017 • 3458
მთავრობამ ყაზბეგში “დარიალჰესი” გახსნა

დღეს, 8 აპრილს, დარიალის ხეობაში “დარიალჰესი” გაიხსნა, რომელიც მთავრობის გამოთვლით, წლიურად 510 მლნ კვტ/სთ ელექტროენეგიას გამოიუმუშავებს.

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნის ცერემონიაზე  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დარიალჰესი ყველაზე მძლავრი და თავისი კონსტრუქციით ყველასგან განსხვავებული სადგურია, რომელმაც უკვე საფუძველი ჩაუყარა სხვა ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში.

“ყველას კარგად მოგეხსენებათ, რამდენად აქტუალურია ენერგოუსაფრთხოება და ენერგოპოლიტიკა დღეს და რამდენად მწვავე თემებია ეს მთელი მსოფლიოსთვის, მით უფრო, რომ დღევანდელ სამყაროში ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახლავთ. ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ საქართველოში შევძელით ამ მასშტაბის, ასეთი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის აშენება, რომლის ამუშავება უდიდეს წვლილს შეიტანს ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების საქმეში”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილი დარიალჰესის გახსნაზე

გიორგი კვირიკაშვილი დარიალჰესის გახსნაზე

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მშენებლობის დროს სრულად იყო დაცული გარემოსდაცვითი სტანდარტები, რომლის უმკაცრეს მონიტორინგს ახორციელებდნენ საერთაშორისო ინსტიტუტები. მან თქვა, რომ დევდორაკ-ამალის ხეობაში დამონტაჟებულია უახლესი ტექნოლოგიის ადრეული შეტყობინების სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა, მუდმივი კონტროლის ქვეშ იყოს მყინვარისა და მდინარის ხეობაში წყლის კრიტიკული დონე და დროულად დაფიქსირდეს ბუნებრივი სტიქიური პროცესები.

კვირიკაშვილის დაპირებით, აქ ირგვება გარემოსთან ყველაზე თავსებადი ადგილობრივი ხის სახეობები და ტყის განაშენიანების დასრულება დაგეგმილია 2021 წლისათვის. პროექტის ღირებულება 1 მილიონ ევროს შეადგენს.

პრემიერმინისტრის თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტროიაში “საინჟინრო თვალსაზრისით ყველაზე რთული ნაგებობა” შეიცავს 5 გვირაბს.

დარიალჰესი

დარიალჰესი

„დარიალი ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 108 მეგავატს შეადგენს, ხოლო ელექტროენერგიის დაგეგმილი საშუალო წლიური გამომუშავება 510 მლნ კვტ/სთ-ია. პროექტის ფარგლებში გამოყენებულია მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ელექტრო-მექანიკური და მანქანა-დანადგარები. ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტი ყოველწლიურად 200 მლნ კვტ/სთ-ით შემცირდება.

პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 123 მლნ აშშ დოლარია. „დარიალი ჰესი“ საქართველოში EBRD-ის მიერ მსოფლიოს მასშტაბით დაფინანსებულ პროექტებს შორის პირველი კარბონ-ნეიტრალური ჰესია. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე 420 ადამიანი იყო დასაქმებული, ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი 70 ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმეტესობა ადგილობრივი მცხოვრებია.

“დარიალჰესი” გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისაა და აქტივისტების პროტესტის ფონზე აშენდა, ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ამ ტერიტორიაზე ჰესის აშენებას. მათი თქმით, ჰესი მდინარე თერგს ზიანს მიყენებს, ხოლო ტემპერატურას შეუცვლის.

ჰესის მშენებლობის დროს დევდორაკის ხეობაში სტიქიური პროცესები ვითარდებოდა.  იყო ბუნებრივი კატასტროფაც. 2014 წელს ხეობაში სქიტია გააქტიურდა – ჩამოწვა მეწყერი, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველოს მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სტიქიას დარიალიჰესთან კავშირი არ ჰქონდა, “მწვანე ალტერნატივა” კი აცხადებდა, რომ მშენებლობის პროცესში დაცული არ იყო გარემოსდაცვითი საკითხები.

მასალების გადაბეჭდვის წესი