ევროკომისიის დირექტორი: ექსპორტი საქართველოდან ევროკავშირში 16%-ით გაიზარდა

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისიის დირექტორმა განაცხადა, რომ ევრიკავშირში საქართველოდან ექსპორტის ზრდას ელოდება.

„ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შედეგები უკვე თვალსაჩინოა. მე ვნახე ეკონომიკური მონაცემები – საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 2015 წელს 16 პროცენტით გაიზარდა და ჩვენ ველით, რომ ასე გაგრძელდება. ეს მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის კეთილდღეობისათვის“, – განაცხადა სამეზობლო პოლიტიკასა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა, ქრისტიან დანიელსონმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ასოცირების შეთანხმების შემდგომი ნაბიჯები და მისი იმპლემენტაციის კიდევ უფრო ეფექტური გზები, მათ შორის ეკონომიკური კუთხით, და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოს პროგრესს.

“განვიხილავთ მობილურობას, მათ შორის ვიზალიბერალიზაციას. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მომავალ თვეებში ამ პროცესის პოზიტიურ დასასრულს ვნახავთ”, – აღნიშნა ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა.

სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე მართლმსაჯულების კუთხით, ასევე, საჯარო ადმინისტრაციის ფუნქციონირებაზე, რაც მიმართულია საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის პერსპექტივის შექმნისაკენ.

სამინისტოროს ცნობით, ევროკომისიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ იმ ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომლებიც ხელს შეუწყობს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი დერეფნის განვითარებას. კერძოდ, საუბარი შეეხო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტს და ამ კუთხით ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ეს პროექტი ევროკავშირისთვის მნიშვნელვანი კომპონენტია სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი განვითარების თვალსაზრისით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com