ახალი ამბებისაზოგადოება

როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს NATO-ს შესახებ [Video]

7 აპრილი, 2017 • 3646
როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს NATO-ს შესახებ [Video]

როგორ უნდა ვასწავლოთ სკოლის მოსწავლეებს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) შესახებ? რა აინტერესებთ მასწავლებლებს და მოსწავლეებს? და რა მითები არსებობს ნატოს შესახებ მოსახლეობის ახალგაზრდა ნაწილში?

რა აინტერესებთ მოსწავლეებს და მასწავლებლებს?

[blue_box]საქართველოს დეოკუპაცია და ნატო[/blue_box]

რა გეგმები აქვს ნატოს, რომ საქართველოში არსებული კონფლიქტი მოგვარდეს? მიიღებს თუ არა ნატო ისეთ ქვეყანას წევრად, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები აქვს? დაუბრუნდება თუ არა ეს ტერიტორიები საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემდეგ? – ეს იყო შეკითხვები, რომლებსაც ნატოს დღეების ფარგლებში გამართულ სემინარზე “ ნატო – არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის” მასწავლებლები ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში, უილიამ ლაჰიუს და ნატოს სამეკავშირეო ოფისის დიპლომატიის ოფიცერს, მაგნუს ეიოლფსონს უსვამდენენ.

მასწავლებლების მთავარ ინტერესს საქართველოს დეოკუპაციის და საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხები წარმოადგენს. ეს იმითაც შეიძლება აიხსნას, რომ სემინარზე მყოფი მასწავლებლების უმეტესობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იყვნენ, თუმცა თბილისის 155-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ნათია ხლუსიძე ამბობს, რომ მისი მოსწავლეების მთავარი ინტერესიც ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებია:

“ძირითადად სვამენ შეკითხვას, რა შედეგი ექნება ნატოში გაწევრიანებას. ასევე აინტერესებთ რუსეთის დამოკიდებულება, რუსეთი ყოველდღე ახორციელებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, ამიტომ აინტერესებთ, რა შედეგი მოჰყვება ნატოში გაწევრიანებას. ზოგადად, უარყოფითი და დადებითი”, – ამბობს ის.

ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ არაერთხელ უპასუხა ზემოთ ჩამოთვლილ შეკითხვებს, მან მასწავლებლებს უთხრა, რომ ოკუპირებული ტერიტორების მიუხედავად, შესაძლებელია საქართველო ნატოს წევრი გახდეს, ხოლო კითხვაზე, როგორ მოგვარდება ოკუპაციის საკითხი საქართველოს წევრობის შემთხვევაში, მან თქვა:

“მნიშვნელოვანია, გავიგოთ ნატოს შესაძლებლობების მაქსიმუმი, ჩვენ რას ვაკეთებთ და რა მიზნები გვაქვს. ჩვენი მიზანი დაცვა და უსაფრთხოებაა, ნატოს პრინციპული პოზიციაა, რომ ეს კონფლიქტი მშვიდობიანი გზით გადაიჭრას. ნატო, როგორც ინსტიტუცია, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ამ კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას უჭერს მხარს”,- განაცხადა ლაჰიუმ.

[blue_box]ნატოს წევრობის თარიღი[/blue_box]

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ნატოს შესახებ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს აინტერესებთ, არის ის, თუ როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა. შეხვედრაზე სიტყვით გამომსვლელებმა არაერთხელ დაიმოწმეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება და ცალსახად განაცხადეს, რომ საქართველო ერთ დღესაც აუცილებლად გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. უილიამ ჰალოუ ამბობს, რომ მასწავლებლების და მოსწავლეების ეს ინტერესი ბუნებრივია:

ვფიქრობ, რომ ეს გასაგებია. ეს დაფუძნებულია თქვენს გულწრფელ სურვილზე, იყოთ უსაფრთხოდ რუსეთის ზეწოლისგან, მათ შორის, სამხედრო ზეწოლისგან. ეს პრიორიტეტია ადამიანებისთვის.  ის, თუ როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი,, უფრო რთული საკითხია. ნატო გადაწყვეტილებებს კონსენსუსით იღებს. 28 წევრი ქვეყანა უნდა შეთანხმდეს იმის შესახებ, როდის უნდა გახდეს საქართველო ნატოს წევრი. ისინი აკვირდებიან საქართველოს პროგრესს ნატოს წევრობის გზაზე.

მე ძალიან ბევრი ადამიანისთვის ამიხსნია, რომ რეფორმების პროცესი აუცილებლად არ მოიტანს ნატოს წევრობას. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის მოითხოვს საჭირო ცვლილებებს იმისათვის, რომ თქვენი ქვეყნა მეტად სტაბილური გახდეს, პოლიტიკურადაც მათ შორის. რეფრორმები უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას, თანასწორობას, კანონის უზენაესობას. ეს საქართველოს საბოლოოდ უკეთეს ქვეყანად აქცევს”,- ამბობს ჰალოუ.

[blue_box]ნატო, როგორც ღირებულებითი ერთობა[/blue_box]

ნატოს სამეკავშირეო ოფისის დიპლომატიის ოფიცერმა, მაგნუს ეიოლფსონმა მასწავლებლებს იმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ შეიქმნა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი, რა არის ამ ერთობის მიზანი. მასწავლებლებმა მოისმინეს ისიც, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საუბარი იყო იმის შესახებაც, რომ ნატოს არსებობის აუცილებლობა აღარ არსებობს, თუმცა წევრმა ქვეყნებმა ახალი საფრთხეები გააანალიზეს. სახალხო დიპლომატიის ოფიცერმა თავის ქვეყნის შესახებაც ისაუბრა – ისლანდია, მაგალითად, ნატოს წევრი ქვეყანაა, მაგრამ მას სამხედრო შენაერთები არ გააჩნია, თუმცა ის პასუხისმგებლობას იღებს საერთო უსაფრთხოებაზე და საჭიროების შემთხვევაში იმ წვლილს შეიტანს სხვა წევრი ქვეყნების დასახმარებლად, რაც მოეპოვება, მაგალითად, სამედიცინო რესურსებს.

მასწავლებლებს საკმაოდ დეტალურად აუხსნეს, როგორია ნატოს ორგანიზაციული სტრუქტურა, როგორ ფინანსდება ალიანსი. მაგნუს ეიოლფსონმა თქვა, რომ იმისთვის, რათა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისში იმუშაოს, ხელფასს ისლანდიის მთავრობა იხდის. რაც მთავარია, მასწავლებლებს აუხსნენს, როგორ მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღების პროცესი – რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ალიანსი იღებს, საერთო თანხმობის შედეგია. ნატოს წევრები ერთმანეთს ვერაფერს აიძულებენ და ქვეყანას შეუძლია მიიღოს ამ ერთობის დატოვების გადაწყვეტილება, ისევე როგორც ქვეყანამ თავადვე უნდა განაცხადოს წევრობის სურვილის შესახებ:

“სკოლის მოსწავლეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მიიღონ სამოქალაქო განათლება. ეს ნიშნავს, რომ ბავშვებს ასწავლით საკუთარი ქვეყნის, მთავრობის შესახებ, ასწავლით, თუ როგორ მუშაობს დემოკრატია და არჩევნები. ასწავლით მათ ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის შესახებ, მთავრობისა და მოქალაქის ურთიერთობის და იმის შესახებ, რა პასუხისმგებლობები აქვს ახალგაზრდა მოქალაქეებს, რომ პოზიტიური წვლილი შეიტანონ, პატივი სცენ იმ გარემოს, რომელშიც ცხოვრობენ, იყვნენ კარგი მოქალაქეები და მეზობლები. ამ კონტექსტში უნდა დაიწყოს საუბარი იმის შესახებ, თუ რა არის ნატო, რადგან საკითხები, რომლებსაც სამოქალაქო განათლების ფარგლებში სწავლობენ, ნატოს საბაზისო ღირებულებებია. ამიტომ ეს გააადვილებს მოსწავლეებთან ნატოს შესახებ საუბარს. როდესაც ახალგაზრდა ადამიანებს ესმით, რა არის დემოკრატია, მათ შეუძლიათ გაიგონ, როგორ მუშაობს ნატო, რომელიც დემოკრატიული ქვეყნების ორგანიზაციაა, სადაც კოლექტიურად იღებენ გადაწყვეტილებებს და ყველა წევრი ქვეყანა ერთმანეთის თანასწორია, ისევე როგორც ყველა მოქალაქე უნდა იყოს თანასწორი კანონის წინაშე. რომ საქართველო, წევრობის შეთხვევაში, განიხილება სხვა წევრების თანასწორად და საბოლოო გადაწყვეტილებაში  თანაბარი ხმა აქვს.

ამიტომ მიმაჩნია, რომ ნატოს შესახებ მოსწავლეებს თავიანთი საზოგადოებისგან განცალკევებულად  არ უნდა ვესაუბროთ. ახალგაზრდა ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, დააფასონ თავიანთი ქვეყანა და იამაყონ მისით. იამაყონ იმით, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, ქვეყნის საუკეთესო ინტერესს ემსახურონ და თანამოქალაქეებს ამავე ღირებულებების მიხედვით მოექცნენ, რომლებიც თანასწორობასა და კანონის უზენაესობაზე იქნება დაფუძნებული”,- ამბობს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში,

[blue_box]მითები ნატოს შესახებ[/blue_box]

176-ე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი თეონა ნემსიწვერიძე ამბობს, რომ წლები დასჭირდა, მოსწავლეებში ნატოს შესახებ არასწორი წარმოდგენები შეეცვალა. ყველაზე გავრცელებული მოსაზრება, მისი თქმით, არის ის, რომ საქართველო მატოში გაწევრიანებით ოკუპირებულ ტერიტორიებს საბოლოოდ დაკარგავდა. ეს მოსაზრება პოპულარულია ნაწილშიც. კიდევ ერთი წარმოდგენა საქართველოში ნატოს ჯარების განთავსებას უკავშირდება:

“ისინი ოჯახიდან მოდიოდნენ აბსოლუტურად სხვა ინფორმაციით და მე სკოლაში საერთოდ სხვა ინფორმაციას ვაწვდიდი. მოსწავლეები იმეორებდნენ იმის შესახებ, რომ ნატოს ჯარი ჩადგებოდა საქართველოში და საქართველო ვალდებული იქნებოდა, ის შეენახა. ძალიან ბევრი დრო დამჭირდა იმის ასახსნელად, რომ ნატოს მუდმივი ჯარი არ ჰყავს”,- ამბობს ისტორიის მასწავლებელი.

უილიამ ჰალოუ ამბობს, რომ ნატოს შესახებ მითები დაფუძნებული რუსეთის და საბჭოთა კავშირის ხედვაზე იმის შესახებ, თუ რა იყო და რა არის ნატო დღეს. მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი მითია, რომ ნატო კარნახობს წევრ ქვეყნებს, რა უნდა გააკეთონ და აკონტროლებს მათ.

“ასე საბჭოთა კავშირი იქცეოდა. ნატოს ამას არ აკეთებს და არც შეუძლია ამის გაკეთება. ეს ძალაუფლება ნატოს არ აქვს. მითია ისიც, რომ ნატოს დიდი სამხედრო ძალა აქვს, როგორც რუსეთი ამას უწოდებს, აგრესიული სამხედრო ძალა. როცა რეალურად, ჩვენ არ გვყავს ნატოს ჯარი, საჰაერო ძალები ან ფლოტი. ნატო არ არის ქვეყანა. ჩვენ გვყავს 28 წევრი ქვეყანა, რომლებსაც თავიანთი სამხედრო შენაერთები ჰყავთ და ჩვენ ვიზიარებთ კოლექტიურ პასუხისმგებლობას ჩვენს თავადაცვაზე.  ნატოს აქვს სათავო ოფისი, სამხედრო შტაბი, სადაც ყველა წევრს ჰყავს წარმომადგენლობა. შტაბი მუშაობს იმისთვის, რომ შეიმუშაონ წესები და დოქტრინები, რომლითაც ნატო იხელმძღვანელებს, რათა ერთად ვიმუშაოთ და ერთმანეთს დავეხმაროთ. ეს არის საკითხი, რომელიც ბევრ ადამიანს არ ესმის”

[blue_box]ალტერნატიული რესურსები ნატოს შესახებ ინფორმაციის მისაღებად[/blue_box]

ნატოს შესახებ სკოლის დამამთავრებელ კლასებში ისწავლება, პედაგოგები ამბობენ, რომ სახელმძღვანელოებში მოცემული ინფორმაცია მწირია:

“სახელმძღვანელოში რაც წერია, ძალიან მწირი ინფორმაციაა, თუ დამატებითი რესურსი არ მოიძიე ან ვინმე კომპეტენტური პერსონები არ ნახე, ეს საკმარისი არაა” – ამბობს თეონა ნემსიწვერიძე.

სემინარის დროს მასწავლებლებს საინფორმაციო ბუკლეტებიც დაურიგეს ნატოს უღთიერთობის შესახებ საქართველოსთან, ნატოს და რუსეთის ურთიერთობების შესახებ და ნატოს ისტორიის მოკლე მიმოხილვაც. ასევე, ონლაინ რესურსებზეც მიუთითეს, რომელიც “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის” ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

“რაც შეეხება მასალებს, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, კონკრეტულად სასწავლო მასალებზე არა, თუმცა ვმუშაობთ, რომ მასწავლებლებისთვის არსებობდეს ქართულ ენაზე ინფორმაცია და არა მხოლოდ მასწავლებლებისთვის” – ამბობს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი