ახალი ამბები

“ევროპული საქართველო” პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობას სთავაზობს

7 აპრილი, 2017 • 1586
“ევროპული საქართველო” პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობას სთავაზობს

“მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო” პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებზე თანამშრომლობას სთავაზობს. ამის შესახებ დავით ბაქრაძემ პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“მინდა ვისაუბრო მთავარ თემაზე და “ევროპული საქართველოს” სახელით მინდა შემოგთავაზოთ პარტნიორობა. ეს თემა არის ეკონომიკა, ის გაჭირვება და პრობლემები, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. ვწუხვარ, რომ ამ დებატს დღეს მთავრობა აღარ ესწრება. მთავრობა ძალიან სწრაფად დაუბრუნდა საკუთარ ვირტუალურ სამყაროს. იმ სამყაროს, სადაც დღეს მთავარი პრობლემაა სამთავრობო ქალაქის მშენებლობა და ახალი კაბინეტების მოწყობა არის, იმ სამყაროს, სადაც ადამიანებს ჯიბეები აქვთ გამოზნექილი ფულის ბღუჯების ტარებით. ვწუხვარ, რომ მთავრობა თავის სამყაროში დაბრუნდა, ვწუხვარ, რადგან ამით ზიანდება საქართველოს თითოეული მოქალაქე,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში, განსაკუთრებით- სოფლებში, დაბრუნდა შევარდნაძის დროინდელი სიღატაკე.

“ეს არის უბედური, ტრაგიკული რეალობა, რომელიც დღეს  შეიქმნა და გამოსწორება სჭირდება. შეიძლება ეკონომიკა თქვენი პირადპირი მანდატი არ არის, ბატონო პრეზიდენტო, მაგრამ ეს არის ის ცვლილება, რასაც ხალხი ელოდება თქვენგანაც და ჩვენგანაც.  2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თქვენც და მეც ხმა მოგვცეს  იმ ადამიანებმა, ვისაც აქვს პატარა თონე, ჯიხური,  მაღაზია,  იმ ადამიანებმა, რომლებიც ძლივს არჩენენ საკუთარ ოჯახს და ეს ადამიანები არიან დღეს საფრთხეში. ისინი შიშით ელოდებიან ზაფხულს, როდესაც გაიზრდება გაზის საფასური და ბევრი მცირე ბიზნესი დაიხურება. შიშით ელოდებიან მომავალს, რადგან არავინ იცის, როგორი იქნება ლარის კურსი და შეძლებენ თუ არა მუშაობის გაგრძელებას. ამიტომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინიციატივები, როგორ დავეხმაროთ მცირე ბიზნესს.”

დავით ბაქრაძის განცხადებით, საპარლამენტო  უმრავლესობა არ არის მზად, რომ მათ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მოისმინოს და მასზე იმსჯელოს:

“ამიტომ დღეს მინდა ამ ტრიბუნიდან შემოგთავაზოთ თანამშრომლობა, თანამშრომლობა იმ მთავარ თემაზე, რაც აწუხებს ჩვენს ხალხს – უმუშევრობაზე, სიღარიბეზე და გაჭირვებაზე. მინდა შემოგთავაზოთ თანამშრომლობა, რომ ერთად შევძლოთ და გადავდგათ ამ ქვეყანაში ნაბიჯები, რომელიც ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობას ოდნავ მაინც გააუმჯობესებს. დამერწმუნეთ, ეს იქნება საუკეთესო შედეგი და საუკეთესო მემკვიდრეობა პოლიტიკოსისთვის.”

მასალების გადაბეჭდვის წესი