ახალი ამბებისაზოგადოება

ბრძოლა შიშველი ხელით ტოკიოს ოლიმპიადამდე – კარატისტი ცოლ-ქმრის ისტორია

7 აპრილი, 2017 • 9354
ბრძოლა შიშველი ხელით ტოკიოს ოლიმპიადამდე – კარატისტი ცოლ-ქმრის ისტორია

ამბობენ, რომ ხშირად სანთლის შუქზე, კიმონოზე მოცმული “დუტის ქურთუკით”, უფანჯრო დარბაზში ან ტატამის გარეშეც ვარჯიშობდნენ, მაგრამ დღეს ორივე საქართველოს კარატისტთა ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავენ.

გოგიტა არქანია საქართველოს კარატისთა ეროვნული ნაკრების წევრი, თათია მელუა კი კადეტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელია. მსოფლიოსა და ევროპის რამდენიმეგზის ჩემპიონები, არაერთი საერთაშორისო შეჯიბრის პრიზიორი ცოლ-ქმარი ამჟამად 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებიან – ერთი ბრძოლას, ხოლო მეორე მსაჯობას გეგმავს.

“ბავშვობაში ჩემთვის დასჯა ვარჯიშზე არგაშვება იყო. რამდენჯერ დამიმალავს, რომ სიცხე მქონდა, ან ავად ვიყავი, რომ ვარჯიშიდან უკან არ გამოვებრუნებინე მწვრთნელს,” – ამბობს თათია.

თათია ახლა 30 წლისაა. კარატეს შესწავლა მშობლების სურვილით 7 წლის ასაკში ძმასთან ერთად დაიწყო. მოგვიანებით, მისმა ძმამ ვარჯიშს თავი დაანება, მაგრამ თათიას საბრძოლო ხელოვნება ძალიან მოსწონდა და სწავლა გააგრძელა. მას შემდეგ, როგორც თვითონ მიყვება, შეუძლია თითებზე ჩამოთვალოს, რამდენჯერ ვერ შეძლო ვარჯიშზე მისვლა.

“სულ მახსოვს, ბავშვობაში ძალიან მშურდა ჩემი მეგობრების. თითქოს იმათ სადარდებელი არაფერი ჰქონდათ. სკოლიდან მოვიდოდით, ვიმეცადინებდით და მერე ისინი გავარდებოდნენ სათამაშოდ, მე ვარჯიშზე ვიყავი. მაგრამ, რაღაც გულით თუ გინდა, იმისთვის ყველაფერს დათმობ, ყველაფერს შეძლებ,” – ამბობს თათია.

პირველი ოქროს მედალი ჯერ კიდევ 8 წლისამ ბავშვთა შორის ეროვნულ ჩეპიონატზე აიღო. საქართველოში ბევრი კარატისტი გოგო არ ასპარეზობდა, ამიტომ ხშირად შეჯიბრებებზე ბიჭებთან ერთად გამოდიოდა.

“მახსოვს, ერთხელ გორში შეჯიბრზე ვიყავით. გოგოები საერთო არ იყვნენ, თათია ბიჭებში გამოვიდა და პირველი ადგილი აიღო,” – ამბობს გოგიტა.

17820820_10213067046296502_1598464688_n

სტერეოტიპი, რომ ქალი კარატისტი არ შეიძლებოდა გამხდარიყო, მისი თქმით, ადრე უფრო ძლიერი იყო. ახლა კი უფრო მეტი გოგო ვარჯიშობს. ოჯახში მისი არჩევანის მხოლოდ დიდ ბებოს არ ესმოდა:

“გურული იყო ჩემი დიდი ბებო თამრო და მეუბნებოდა, ქალი რომ კარატეში იტლინკავებს, ის დარჩება გაუთხოვარიო. თუ ნახავდა თამრო ვიდეოს, სადაც მე ვჩხუბობდი და მხვდებოდა, ემასე გინდაო, ამბობდა,”- მაგრამ, თათიას თქმით, არასდროს აინტერესებდა სხვისი აზრი ამ თემაზე და მისთვის მთავარი საკუთარი მიზნები და სურვილები იყო.

ამბობს, რომ საქართველოში თავის დამკვიდრება არ გასჭირვებია, რადგან კონკურენცია შედარებით დაბალი იყო. უფრო მეტად საერთაშორისო ასპარეზზე აწყდებოდა სირთულეებს.

გოგიტა არქანია  2014 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, რაც არა მხოლოდ მის სპორტულ კარიერაში, ქართული კარატეს ისტორიაშიც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია, რომლისთვისაც კაც სპორტსმენს მიუღწევია. ვარჯიში მან უფრო გვიან, 13 წლის ასაკში დაიწყო ზუგდიდში. ახლა 32 წლისაა და ეროვნულ და საერთაშორისო შეჯიბრებებში 14 წლის ასაკიდან ასპარეზობს. ამბობს, რომ სხვადასხვა დაბრკოლებების მიუხედავად, იქნებოდა ეს ჯანმრთელობის, ფინანსური თუ სხვა პრობლემები, სპორტისთვის თავის დანებებაზე არასდროს უფიქრია.

გოგიტა არქანია პრემიერ ლიგაზე ჰოლანდიაში, 2017 წ. ფოტო: კარატეს ეროვნული ფედერაცია

გოგიტა არქანია პრემიერ ლიგაზე ჰოლანდიაში, 2017 წ. ფოტო: კარატეს ეროვნული ფედერაცია

გოგიტა იხსენებს, რომ ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ფინანსური შესაძლებლობების გამო სპორტსმენები შეჯიბრზე წასვლას ვერ ახერხებდნენ; არ ჰქონდათ შესაბამისი რესურსები ვარჯიშისთვის – დარბაზი, ტატამი, მწვრთნელი, და ერთმანეთის კიმონოთიც ვარჯიშობდნენ. არქანიას თქმით, მსგავსმა პრობლემებმა სპორტის ეს სახეობა საკმაოდ დააზარალა. დღეს ვითარება ამ კუთხით გამოსწორებულია. ოლიმპიურ სახეობად აღიარების შემდეგ კარატე უკვე სპორტია და არა მხოლოდ საბრძოლო ხელოვნება. შესაბამისად, სახელმწიფოს მხარდაჭერაც გაიზარდა. მისი თქმით, საქართველო მომზადების დონით ჩამორჩება იმ ქვეყნებს, რომლებმაც წარსულში მეტი იშრომეს კარატეს გასავითარებლად.

“იყო ერთი პერიოდი, როცა ძალიან ბევრი ვარჯიშობდა, მაგრამ არ იყო სახელმწიფოსგან ყურადღება. ყველა თავისი ხარჯებით მიდიოდა შეჯიბრებებზე, იყო რაღაც პრობლემები, ამიტომ ინტერესმაც იკლო. მაგრამ მე ყველაფერს ასე ვაკეთებ – თუ დავიწყე, ბოლომდე უნდა მივიყვანო. კარატეს იმიტომ გავყევი, რომ სულ მჯეროდა, რაღაც გამოვიდოდა და ამხელა შრომა არ დამეკარგებოდა. თუ არ იწვალე, ისე გემო არ აქვს არაფერს. რომ წვალობ, წვალობ და ბოლოს მიაღწევ, ეგ არის, ეგ გიფასდება,” – ამბობს არქანია.

შეხვედრა “პიქსელის” შენობაში, კაფეში გადავწყვიტეთ. თათიას აქვე ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია “თათის ბუტიკი” აქვს და სპორტულ საქმიანობას მცირე ბიზნესის მართვასაც უთავსებს. მაღაზია რამდენიმე წლის წინ გახსნა და სხვადასხვა ბრენდის ნაწარმს ყიდიან.

გოგიტამ ჩვენს მაგიდასთან პატარა ბიჭს უხმო, მათი ყოფილი მოსწავლე აღმოჩნდა. ბიჭის მშობელი გოგიტას ბავშვის ტრავმების შესახებ უყვება და სანდო ექიმზე ეკითხება. ბავშვი ახლა ფრენბურთს თამაშობს და ტერფზე პრობლემები აქვსო. მათაც ურჩიეს, დაარიგეს, წარმატებები უსურვეს. ტიტულებთან ერთად ამ დროის განმავლობაში ტრავმებიც მრავლად მიიღეს, ამიტომ მთელ ქალაქში ექიმსა თუ სამკურნალო საშუალებებსაც კარგად იცნობენ – მოტეხილი, გაბზარული ან ამოვარდნილი კიდურები, დაჟეჟილობები და გაჭიმული კუნთები ძალისმიერი სპორტის ნაწილია.

“ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავედი გაბზარული კოჭით, მაგრამ იმ დროს ტკივილს ვერ გრძნობ. ტატამიდან რომ გამოდიხარ, რომ დამთავრდება ყველაფერი, და, მით უმეტეს, თუ კარგი შედეგით მთავრდება, საერთოდ ვერ გრძნობ ვერანაირ ტკივილს. მერე, მოგვიანებით ხვდები, როგორ გტკივა სხეული,” – ამბობს თათია.

თათია მელუა ახლა მსოფლიოს კატეგორიის ერთადერთი ლიცენზირებული მსაჯია საქართველოდან. რაც ნიშნავს, რომ საერთაშორისო ტურნირებზე მსაჯობის უფლება აქვს. ფოტო: პირადი არქივი

თათია მელუა ახლა მსოფლიოს კატეგორიის ერთადერთი ლიცენზირებული მსაჯია საქართველოდან. რაც ნიშნავს, რომ საერთაშორისო ტურნირებზე მსაჯობის უფლება აქვს. ფოტო: პირადი არქივი

ნაკრების გარდა, კვირაში 6 დღე გოგიტა და თათია დამწყებ კარატისტებს, 70-მდე ბავშვს კლუბ “ალიგატორში” ავარჯიშებენ. ბავშვებთან ურთიერთობა, როგორც ამბობენ, მათთვის ახალი გამოწვევა და დამატებითი პასუხისმგებლობაა – მწვრთნელს მათ ფიზიკურ მომზადებასთან ერთად ფსიქოლოგიური დახმარების გაწევაც უნდა შეეძლოს. ამბობენ, რომ მოსწავლეების წარტებით მიღებულ სიამოვნებას გამარჯვების შემდეგ კვარცხლბეკზე დგომის სიხარულისაგან არ ასხვავებენ.

გულშემატკივრობა კი განსაკუთებით რთული მაშინ ხდება, როდესაც თათია მსაჯია, მისი მოსწავლეები ან ქმარი კი ტატამზე ასპარეზობენ:

“წარმოიდგინე, სადღაც დიდ დარბაზში მეექვსე ტატამზე ვარ მსაჯი და ჩემგან მოშორებით იბრძვის ჩემი მოსწავლე, რომელსაც 7 წლიდან ვზრდით. ის იბრძვის იმისთვის, რითვისაც მეც, გოგიც და ჩვენი კლუბის მესამე მწვრთნელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ვცდილობდით მიგვეღწია; მაგრამ ვარ მსაჯი. არავისთან მიახლოების უფლებაც არ მაქვს, არც დალაპარაკების. ცალი თვალით ვხედავ ჩვენს დელეგაციას და მათი რეაქციებით ვხვდები, იმ ტატამზე რა ხდება.

რომ მორჩა ეს ბრძოლა და აიღო მედალი, ჩემი ტატამის მენეჯერს ვთხოვე, ცოტა ხანი გავალ-მეთქი. გავედი მოშორებით და გავსკდი ტირილით სიხარულისგან.”

17632198_10212991234481254_1075954640245535837_oერმანეთიც 18 წლის წინ შეჯიბრზე გაიცნეს – არა როგორც მოწინააღმდეგეებმა, არამედ როგორც გულშემატკივარმა და სპორტსმენმა. ქუთაისში ეროვნული ჩემპიონატის მოგების შემდეგ, გოგიტასთან “ვიღაც კეპკიანი გოგო” ფოტოს გადასაღებად მივიდა, რომელიც მალევე მის ახლო მეგობრად იქცა.

საერთო მიზნებისა და ინტერესების გამო, ერთი მხრივ, ოჯახური ცხოვრება მარტივია, მაგრამ დატვირთული შეჯიბრებების ცხრილის გამო გოგიტას ხშირად უხდება ქვეყნის დატოვება.

“წელს იანვარში 25 დღე ვიყავი წასული. მერე ნახევარი თებერვალი კიდევ წავედი. მარტშიც 22 დღე წასული ვიყავი. ახლა შაბათს წავალ და რომ ჩამოვალ, მეორე დღეს ისევ მივდივარ. მაგრამ თათია ძალიან მამხნევებს. ასეთ დროს ოჯახის გვერდში დგომა ძალინ მნიშვნელოვანია. სულ მეუბნება: აქ უნდა წახვიდე, წადიო…”

თათია ამ ეტაპზე თავად აქტიურად აღარ გამოდის შეჯიბრებებზე – უფრო ხშირად მსაჯის ან მწვრთნელის ამპლუაში ესწრება ტურნირებს.

თათია ამბობს, ფეხმძიმედ რომ ვიყავი, 9 თვის განმავლობაში სულ 2 თვე მნახაო. ახლა 2 წლის ალექსანდრე ჰყავთ. არ მალავს, რომ ეწყინება, თუ ის კარატისტობას არ გადაწყვეტს. მამა კი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი კარატისტი თუ არ გახდება, სხვა სპორტის სახეობას მაინც გაჰყვება.

გოგიტა და თათია 2016 წელს თურქეთში გუნდურ ევროპის ჩემპინატზე. არქანიამ ბრინჯაოს მედალი, ხოლო მელუამ საერთაშორისო მსაჯის ლიცენზია მიიღო. ფოტო: პირადი არქივი

გოგიტა და თათია 2016 წელს თურქეთში გუნდურ ევროპის ჩემპინატზე. არქანიამ ბრინჯაოს მედალი, ხოლო მელუამ საერთაშორისო მსაჯის ლიცენზია მიიღო. ფოტო: პირადი არქივი

სავარაუდოა, რომ გოგიტა არქანიას განრიგი კვლავ დატვირთული იქნება, რადგან 2018-2019 წლებში ოლიმპიადის 13 სალიცენზიო შეჯიბრია დაგეგმილი. ვინც რეიტინგის მიხედვით საუკეთესო იქნებიან, ისინი 2020 წლის ოლიმპიადაზე იასპარეზებენ. ქართველი კარატისტების მიზანი ჯერჯერობით ოლიმპიადაზე მოხვედრაა.

თათია მელუა ახლა მსოფლიო კატეგორიის ერთადერთი ლიცენზირებული მსაჯია საქართველოდან. რაც ნიშნავს, რომ საერთაშორისო ტურნირებზე მსაჯობის უფლება აქვს. უნდა, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში შედეგი გააუმჯობესოს და მთავარი მსაჯის წოდება მოიპოვოს. ასევე, აგრძელებს მოსწავლეების მომზადებას და მათთან ერთად შეჯიბრებებზე გასამგზავრებლად ემზადება.

მასალების გადაბეჭდვის წესი