ახალი ამბები

კაკო ბობოხიძე: მიკვირს, რომ ხალხი ძალიან მშვიდად უყურებს ქვეყნის ნგრევის პროცესს

7 აპრილი, 2017 • 2393
კაკო ბობოხიძე:  მიკვირს, რომ ხალხი ძალიან მშვიდად უყურებს ქვეყნის ნგრევის პროცესს

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, კაკო ბობოხიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის არამართლზომიერი მმართველობის დამთავრება და დამხობა მხოლოდ ხალხს შეუძლია. ეს განცხადება მან დღეს, 7 აპრილს, პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“იმ ადამიანების ტვინში ჩამახედა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ერთი კაცის მსახურება, ვინც არ უნდა იყოს ის, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნის მსახურება. თქვენ, ქართული ოცნების დეპუტატები, ასე არ ფიქრობთ, მაგრამ ასე იქცევით. ამას ძალიან მარტივი მიზეზი აქვს, იმ ერთი კაცის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული თქვენი კეთილდღეობა, თქვენი მდგომარეობა პოლიტიკაშიც. მე, უბრალოდ, ჩვენი ძვირფასი ქართველი ხალხის მიკვირს,” – ამ სიტყვებით კაკო ბობოხიძემ “ქართული ოცნების” წევრებს მიმართა.

ბობოხიძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხალხი მათ მიმართ უფრო კრიტიკული იყო, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლების მიმართ:

“მახსოვს, როგორ გვექცეოდა ხალხი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა საკითხებზე. როცა მცირედით, 20 ლარით გავზრდიდით პენსიას, გაბრაზებული ხალხი უფრო მეტს ითხოვდა. გამოვიდა პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და თქვა, ამ 4 წლის განმავლობაში პენსია არ გაიზრდებაო. სამწუხაროდ, ქართველი ხალხის დამოკიდებულება არის ნულოვანი. მახსოვს, როგორ გვებრძოდა ოპოზიცია ასავალ-დასავალის ჭორებით. ამ დარბაზში ვხედავ ყოფილ ე.წ. უფლებადამცველებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს ლამის რესტორან-რესტორან დასდევდნენ და იმაზე ბრაზობდა ხალხი, პრეზიდენტის გავლის დროს გზა რომ გადაიკეტებოდა.

დღეს გზა კი არა, რკინიგზები იკეტება ერთი კაცის ხუშტურის გამო. ხის ყიდვის გამო პრეტენზიას არ ვუყენებ, მაჩვენეთ ადამიანი, თუნდაც რომელიმე თქვენგანი, რომლის გამოც საათობით გადაიკეტება რკინიგზა. მაჩვენეთ ერთი ადამიანი, რომლის გამოც საათობით გადაიკეტება ცენტრალური მაგისტრალები,” – აღნიშნა ბობოხიძემ.

მისივე აზრით, “ქართული ოცნების” წევრები ხმის ამომღები არ არიან და ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა ხალხმა უნდა დაასრულოს:

“მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ ერთადერთი, ვისაც ქვეყანაში სიტუაციის შეცვლა შეუძლია, ეს არის ქართველი ხალხი. ერთადერთი, ვისაც ბიძინა ივანიშვილის არამართლზომიერი მმართველობის დამთავრება და დამხობა შეუძლია, ეს არის ქართველი ხალხი. ძალიან მიკვირს, რომ ხალხი ძალიან წყნარად და ძალიან მშვიდად უყურებს ქვეყნის ნგრევის პროცესს. 5 წელია უკვე ითმენს ხალხი ქვეყნის ერთ ადგილზე გაჩერებას და სახელმწიფოებრიობის ჩამოშლას ამ ხელისუფლების ხელში”.

კაკო ბობოხიძემ პრეზიდენტსაც მიმართა და უთხრა, რომ მან ხალხის სახელით უნდა იმოქმედოს:

“პრეზიდენტო, თქვენ გაცილებით მნიშვნელოვანი ბერკეტი გაქვთ, ეს არის ხალხის მიერ მოცემული ნდობის მანდატი. თუ თქვენ გამოიჩენთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, გარწმუნებთ, თქვენ გაცილებით მეტი შესაძლებლობა გაქვთ, იმოქმედოთ არა მარტო კანონით განსაზღვრული მანდატით, არამედ იმოქმედოთ ხალხის სახელით. ამ ხელისუფლებისთვის მშვიდად ყურება, ამ ხელისუფლებასთან  დაზავება მასთან შეკვრას ნიშნავს და დამღუპველია ამ ქვეყნისთვის.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი