ახალი ამბები

კახა კალაძე: ვფიქრობდი, რომ პრეზიდენტი უფრო მომზადებული და ობიექტური იქნებოდა

7 აპრილი, 2017 • 1539
კახა კალაძე: ვფიქრობდი, რომ პრეზიდენტი უფრო მომზადებული და ობიექტური იქნებოდა

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცეპრემიერ კახა კალაძის განცხადებით, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაში სიახლე არაფერი ყოფილა.

კახა კალაძის თქმით,  პრეზიდენტმა ის თქვა, რასაც ყოველთვის ამბობს:

“თუმცა ვფიქრობდი, რომ ვინაიდან პრეზიდენტი პარლამენტში მობრძანდებოდა, სადაც პრემიერ-მინისტრი, მთავრობა და დიპლომატიური კორპუსი იქნებოდნენ, უფრო მომზადებული იქნებოდა,  თემებს უფრო ჩაუღრმავდებოდა და უფრო ობიექტური იქნებოდა, მაგრამ განსხვავებული გამოსვლა მოვისმინეთ, რაც მისი გადასაწყვეტი იყო.”

მინისტრის თქმით, ეკონომიკურ ნაწილში პრეზიდენტის  მოსაზრებას არ ეთანხმება:

“რადგან ყველა პროექტი, რომელიც საქართველოში ხორციელდება, ეს იქნება ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა თუ სხვა მიმართულება, განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში შეიქმნას სამუშაო ადგილები. ყველაზე დიდი მოთხოვნა და დიდი პრობლემა ზუსტად ამ მიმართულებითაა და ასეთი მასშტაბური პროექტებით არის შესაძლებელი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და შესაძლებელია ახალი სამუშაოების შექმნა, რაც ამ პროექტებით დადასტურდა,” – აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მომხმარებელთა უფლებები დაუცველია ფასწარმოქნის ნაწილშიც და ამიტომ საჭიროა კონკურენციის კანონის უფრო ქმედითად ფორმულირება, აღსრულება და კონკურენციის სააგენტოს უფრო გააქტიურება. ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი