ახალი ამბები

2018 წელს წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი საქართველოს ეწვევა

7 აპრილი, 2017 • 1709
2018 წელს წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი საქართველოს ეწვევა

მომავალ, 2018 წელს, წამების საწინააღმდეგო ევროსაბჭოს კომიტეტი საქართველოში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ კომიტეტის ანგარიშიდან ვიგებთ, რომელიც დღეს, 7 აპრილს გამოქვეყნდა.

წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ევროსაბჭოს 47-ივე ქვეყანაში ორგანიზებას უწევს ვიზიტებს დაკავების ადგილებში, რათა შეაფასოს, თუ როგორ ეპყრობიან თავისუფლებააღკვეთილ პირებს. ეს ადგილები მოიცავს ციხეებს, არასრულწლოვანთა დაკავების ადგილებს, პოლიციის განყოფილებებს, იმიგრირებულ პირთა დაკავების ადგილებს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს, სოციალური დაცვის სახლებს.

წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დელეგაციები სარგებლობენ შეუზღუდავი შესვლისა და გადაადგილების უფლებით დაკავების ადგილებში. ისინი პირადად ესაუბრებიან თავისუფლებააღკვეთილ პირებს და ასევე თავისუფლად უკავშირდებიან ნებისმიერ ადამიანს, ვისაც კი შეუძლია ინფორმაციის მიწოდება.

თითოეული ვიზიტის შემდეგ წამების საწინააღმდეგო კომიტეტი შესაბამის სახელმწიფოს უგზავნის დეტალურ ანგარიშს. ეს ანგარიში მოიცავს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მოპოვებულ მონაცემებს, მის რეკომენდაციებს, შენიშვნებსა და მოთხოვნებს გარკვეული ინფორმაციის მიწოდებაზე. წამების საწინააღმდეგო კომიტეტი მოითხოვს ასევე დეტალურ პასუხს ანგარიშში დასმულ საკითხებზე. ეს ანგარიშები და პასუხები ქმნის ერთგვარ დიალოგს შესაბამის სახელმწიფოებთან.

წამება

წამება

ვიზიტებს ახორციელებენ დელეგაციები, შემდგარი კომიტეტის რამოდენიმე წევრისაგან. დელეგაციას თან ახლავს კომიტეტის სამდივნოს თანამშრომლები და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ექსპერტები და თარჯიმნები.

წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დელეგაციები ვიზიტებს ახორციელებენ პერიოდულად, 4 წელიწადში ერთხელ, თუმც, აუცილებლობის შემთხვევაში ხორციელდება დამატებითი საგანგებო ვიზიტები.

კომიტეტმა უნდა აცნობოს შესაბამის სახელმწიფოს, რომ აპირებს ვიზიტის განხორციელებას. შეტყობინების შემდეგ დელეგაციას შეუძლია ნებისმიერ დროს მივიდეს ნებისმიერ ისეთ ადგილას, სადაც თავისუფლებააღკვეთილი პირი შეიძლება იყოს.

კომიტეტის ცნობით, ისინი წელიწადში 10 ქვეყანას სტუმრობდნენ, თუმცა 2018 წლიდან შესამოწმებელი ქვეყნების რიცხვი 8-მდე შემცირდა. 2018 წელს, საქართველოსთან ერთად, კომიტეტი ეწვევა ალბანეთს, ანდორას, ჩეხეთს, უნგრეთს, ნორვეგიას, რუმინეთს და სლოვაკეთს.

მასალების გადაბეჭდვის წესი