პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლის ძირითადი აქცენტები

დღეს, 7 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური გამოსვლა გაიმართა.

გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა კრიზისზე მართლმსაჯულების სისტემაში, თავდაცვასა და უსაფრთხებაზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ოკუპაციაზე, მედიაში არსებულ პრობლემებზე, კრიმინალთან ბრძოლაზე და ა.შ.

პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსმენების კანონთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართავს

,,სწორედ ჩვენი მოქალაქეების, ყველა ჩვენგანის, თქვენი თავისუფლებისთვის, კანონზე, რომელმაც ბოლო დროს ყველაზე მეტი ღელვა გამოიწვია, საზოგადოების აქტიურობიდან და  ერთიანი სულისკვეთებიდან გამომდინარე, მე გადავწყვიტე ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით მხარი დავუჭირო მოქალაქეების სარჩელს და მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს განსხვავებული სტატუსით – სასამართლოს მეგობრის სტატუსით, რაც მე მომცემს შესაძლებლობას, დავეხმარო სასამართლოს უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში“.

მოსმენების კანონის წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს განახორციელებს სსიპ ოპერატიულ ტექნიკური სააგენტო, ანუ ის ორგანო, რომელიც დაინტერესებულია რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მოპოვებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ კამპანია  “ეს შენ გეხება”, მოქალაქეები და ომბუდსმენი. ასევე, პარტიები:  “ევროპული საქართველო”, “ნაციონალური მოძრაობა”, “რესპუბლიკელები” და “თავისუფალი დემოკარტები” .

პრეზიდენტი მხარს უჭერს მთავრობის ინიციატივებს განათლების რეფორმის კუთხით

“გასულ წელს მე მხარი დავუჭირე პრემიერის ოთხ ინიციატივას, მათ შორის, განათლების სფეროს ფუნდამენტური რეფორმირების იდეას და 2017 წელი განათლების წლად გამოვაცხადე… მიგულეთ თქვენს პარტნიორად საგანმანათლებლო ინიციატივებსა და რეფორმებში, რადგანაც ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემა, რეალურად სწორედ განათლებასთან არის დაკავშირებული. განათლება  დაცულობის გარანტიაა.  ჩვენ ცოდნა გვიცავს! გვიცავს სიცრუისგან, სიყალბისგან, მანიპულირებისგან.

განათლებულ ადამიანს ვერც პროპაგანდა დააბნევს და ვერც ხელოვნური საფრთხობელა დააშინებს. განათლება და სახელმწიფოებრივი აზროვნება პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან.  მხოლოდ მაშინ შეგიძლია დაიცვა საკუთარი და ქვეყნის თავისუფლება, როდესაც იაზრებ ღირებულებებს, როგორც მოქალაქე, როგორც შენი ერის შვილი, როგორც შენი ერის მეხსიერების მატარებელი”.

მიმართვა პოლიტიკურ პარტიებს: მოძებნეთ გამაერთიანებელი იდეები

“ადგილობრივი პრობლემების მოგვარების ბერკეტი დეცენტრალიზაცია და არჩევითობაა. მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს: ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენ გვჭირდება რეალური თვითმმართველობა; გვჭირდება საარჩევნო რეფორმა და მე ამ საკითხში მხარს ვუჭერ თქვენს კონსოლიდირებულ ძალისხმევას. მაგრამ უმნიშვნელოვანესია, ჩვენს საზოგადოებას ახალი არჩევანი ძლიერმა პოლიტიკურმა აქტორებმა შესთავაზონ.

ქართული დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ძლიერი პოლიტიკური მოთამაშეების ჩამოყალიბება. მოძებნეთ გამაერთიანებელი იდეები, იპოვეთ ერთმანეთთან მისასვლელი გზები და მრავალჯერ იმედგაცრუებულ ამომრჩეველს შესთავაზეთ ძლიერი, სანდო არჩევანი”.

საზოგადოება მედიასივრცეში სახფათო და გაუმჭვირვალე პროცესების დასრულებას ელოდება

პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას მედიას მიმართა:

“ჩვენ ვნახეთ, რამდენად კონსოლიდირებულნი იყავით, როდესაც რამდენიმე თქვენგანს საფრთხე შეექმნა. ჩვენ ვნახეთ, რამდენად ეფექტურად მოახდინეთ არა მხოლოდ კოლეგების, არამედ ქართული საზოგადოების გაერთიანება დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპის – სიტყვის თავისუფლების დასაცავად.

მედიაში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადად გამოკვეთა, რომ თქვენი ძალა თქვენს ერთობაშია. მე ვისურვებდი, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეთ. მზად ვარ, დაგეხმაროთ ეფექტური დიალოგის გაღრმავებაში სისტემური და კომპლექსური გაძლიერებისთვის.

რაც შეეხება მედიის კუთხით არსებულ პრობლემებს, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, საერთაშორისო საზოგადოებაც აქტიურად ელოდება სახიფათო და გაუმჭვირვალე პროცესების დასრულებას მედიასივრცეში. დემოკრატია, მეტი დემოკრატია არის პასუხი ყველა პრობლემაზე”.

პრეზიდენტი მიესალმება კრიმინალთან ბრძოლის უწყებათაშორის პროგრამებს

“რაც შეეხება კრიმინოგენულ  ვითარებას, რაც ასევე აღელვებს საზოგადოებას: ადრეც მითქვამს, კრიმინალთან ეფექტური ბრძოლისთვის გადამწვეტია უწყებათაშორისი და, ამავე დროს, საზოგადოების გამაერთიანებელი პროგრამები. ასეთი თანამშრომლობის კარგი მაგალითია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც ერთობლივად განხორციელდა რამდენიმე სახელმწიფო უწყების მიერ და რომელმაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ასეთი პროგრამების განხორციელებაში, გიდასტურებთ ჩემს მხარდჭერას.”

სახალხო დამცველის ანგარიშის გათვალისწინება ბევრ საფრთხეს აგვარიდებს

“უახლოეს ხანში თქვენ ამ ტრიბუნიდან სახალხო დამცველი მოგმართავთ მოხსენებით, რომელშიც ბევრ პრობლემურ საკითხზეა გამახვილებული ყურადღება. სახალხო დამცველი კონსტიტუციური თანამდებობაა და მის მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე ადეკვატური რეაგირება სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია.

შესაბამისად, სახალხო დამცველის ანგარიშის ანალიზი და გათვალისწინება ბევრ საფრთხეს აგვაცილებს. გვახსოვდეს, ერთეულ გადაცდომაზე მკაცრი რეაგირება თავიდან აგვარიდებს მახინჯი შემთხვევების სახელმწიფოებრივად საშიშ ტენდენციებად ჩამოყალიბებას.

გვახსოვდეს, ასეულობით ჩვენი მოქალაქე ელოდება რეაგირებას სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების, უკანონო პატიმრობის, სამართლიანი სასამართლოს შეზღუდვის, ხანდაზმულების, ბავშვების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დარღვევის, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის, გარემოზე დამაზიანებელი ზემოქმედების თუნდაც ერთეულ შემთხვევებზე.

მცდარია შეხედულება, თითქოს პოლიტიკური რეაგირებისთვის აუცილებელია დანაშაულის სისტემურობა. პრევენცია ერთეულ შემთხვევაზე პრინციპული რეაგირებით იწყება”.

გვჭირდება მაღალავტორიტეტულ ექსპერტთა მისია, რომელიც სასამართლო კრიზისის ზუსტ მიზეზებს გამოკვეთს და დაგვეხმარება გამოსავლის ძიებაში

“ბოლო დროს საერთო სასამართლოებში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ამ სფეროში კრიზისია.  შემოდგომაზე მე ვახსენე ამ კრიზისის გადაწყვეტაში ევროპის კავშირის ექსპერტთა მისიის ჩართულობის აუცილებლობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ –  ჩვენ გვჭირდება მაღალავტორიტეტულ ევროპელ ექსპერტთა მისია, რომელიც სასამართლო კრიზისის ზუსტ მიზეზებს გამოკვეთს და დაგვეხმარება გამოსავლის ძიებაში.

სასამართლო სისტემის უკვე ტრადიციად ქცეული სირთულეების ფონზე, უმნიშვნელოვანესი იქნებოდა ყველაზე თამამი და არაორდინარული მოსაზრებების მოსმენა სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში. ვფიქრობ, თუ ეს  იდეები  ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან კოორდინაციაში ჩამოყალიბდება, რევოლუციურ გარდატეხას შეიტანდა სასამართლო სისტემის ფუნქციონირებაში.

მოქალაქე დაუცველია, თუ მას არ აქვს სამრთლიანი სასამრთლოს უფლება!

მოქალაქე დაუცველია, როდესაც ხელყოფილია მისი უფლება, ილოცოს, როდესაც მას ამცირებენ ეთნიკური წარმომავლობის გამო; მოქალაქე დაუცველია, როდესაც მას სდევნიან მისი განსხვავებულობის გამო, როდესაც მას ჩაგრავენ სექსუალური ორიენტაციის გამო; მოქალაქე დაუცველია, როდესაც მას არასათანადოდ ეპყრობიან სამართალდამცავები, როდესაც მას დევნიან პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით, როდესაც მასზე ძალადობს ის, ვისაც მისი დაცვა ევალება, როდესაც მისი პირადი ცხოვრება არ არის ხელშეუხებელი, როცა მას უკანონოდ უსმენენ.

სახელმწიფოს უსაფრთხოება დაუცველია, სანამ არ არის დაცული  ქვეყნის ყველა მოქალაქე”.

აუცილებელია საქართველოს აქტიური ჩართულობა შავ ზღვაზე უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობაში

“ნატოს ვარშავის სამიტზე პრიორიტეტედ შენარჩუნდა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსეპქტივა, ასევე საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიული დიალოგის მონაწილედ მიიწვიეს. შავი ზღვის უსაფრთხოება საქართველოში იწყება. უსაფრთხო შავი ზღვა  კი რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის და გრძელვადიანი მშვიდობის წინაპირობაა. სწორედ ამიტომაა აუცილებელი საქართველოს აქტიური ჩართულობა შავ ზღვაზე უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობაში. მომავალი ბრიუსელის სამიტის ფორმატიდან გამომდინარე, საქართველო სამიტზე არ იქნება წარმოდგენილი. მივმართავ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ხელმძღვანელებს და მათ წარმომადგენლებს ჩვენს ქვეყანაში – პატივცემულ ელჩებს: იყავით ჩვენი ხმა ნატოს მომავალ სამიტზე – ევროპული უსაფრთხოება, მათ შორის, საქართველოს და შავი ზღვის უსაფრთხოებით განისაზღვრება!”

სამხედრო სავალდებულო სამსახური მხოლოდ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას უნდა ემსახურებოდეს

“რეზერვისა და მობილიზაციის განახლებული კონცეფციის ჭრილში ვხედავ სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენის საკამათო საკითხის საბოლოო გადაწყვეტას. მივესალმები განახლებულ მიდგომას, როდესაც თითოეული ახალწვეული გაივლის საწყისი საბრძოლო მომზადების სამთვიან კურსს; მაგრამ მიმაჩნია, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური მხოლოდ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას უნდა ემსახურებოდეს და ამიტომ სხვა სახელმწიფო უწყებებმა იმ ფუნქციების განსახორციელბლად, რომლებსაც დღეს წვევამდელები ახორციელებენ, უნდა გამონახონ ალტერნატიული რესურსები”.

უნდა შემუშავდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია
“თანამედროვე გამოწვევების, საფრთხეების და, ასევე რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები და მთლიანად საზოგადოება ქვეყნის უსაფრთხოების ერთიან ხედვასთან დაკავშირებით გავერთიანდეთ. სწორედ ეროვნული უსაფრთხოების ერთიანი მიდგომის ჩამოსაყალიბებელად დავავალე ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს, დაეწყო საჯარო დისკუსიები. ამ დისკუსიის შედეგად ჩვენ შევთანხმდებით ეროვნული უსაფრთხოების ერთიან მიდგომაზე, რომლის განხორციელება სახელმწიფოს, შეიარღებულ ძალებს და საზოგადოებას ერთიან თავდაცვით სისტემად აქცევს.

ეროვნული უშიშროების საბჭო არის ის კონსტიტუციური ორგანო, სადაც განვიხილავ საბჭოს აპარატის მიერ შესრულებულ დავალებას და საბჭოს წევრებთან ერთად ვითათბირებ ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების შესახებ.

პარალელურად, უნდა განახლდეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, შემუშავდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და დაიხვეწოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა”.

მეგობარი სახელმწიფოების ჩართულობით უნდა შეიქმნას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანტიანექსიური პოლიტიკა

“ამოქმედდა ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, ძალაში შევიდა შენგენის ზონაში უვიზო მოკლევადიანი მიმოსვლის რეჟიმი. მაგრამ ჩვენ მიღწეულით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. საქართველოს დეკლარირებული და საბოლოო მიზანი ევროპულ სახელმწიფოთა ისტორიულ ოჯახში დაბრუნებაა.

საგარეო პოლიტიკის მიზანია, უზრუნველვყოთ მეგობარ ქვეყანათა მეტი ჩართულობა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ბალტიის, სკანდინავიის, ვიშეგრადის ჯგუფისა და მეგობარ ქვეყნებთან თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატები. დღეს, თეთრი სახლის ახალი ადმინისტაციის პირობებში, უმნიშვნელოვანესია ქართული პრობლემატიკის კიდევ უფრო გააქტიურება და ვაშინგტონის რადარებზე აქტიურად დაფიქსირება.

თანამშრომლობისა და პარტნიორებთან აქტიური პოლიტიკის წარმატებული მაგალითია არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც ქართული სახელმწიფო და პარტნიორები წარმატებით ვახორციელებთ. ამ წარმატების საპასუხოდ, რუსეთის ფედერაცია დგამს ნაბიჯებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით. ამიტომ, ისევე როგორც არაღიარების პოლიტიკის შემთხვევაში, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების აქტიური ჩართულობით უნდა შეიქმნას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანტიანექსიური პოლიტიკა და გადაიდგას შეთანხმებული ნაბიჯები ანექსიის თავიდან ასაცილებლად.

ამავე დროს, არ შეიძლება, დღესვე უმწვავესი რეაქცია არ გვქონდეს ახალი გამყოფი ხაზებისა და მავთულხლართების გავლების პოლიტიკაზე, გალის რაიონის სკოლებში ქართულენოვანი სწავლების შეზღუდვაზე, ადამიანების გატაცებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული ძეგლების ხელყოფის ფაქტებზე. ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან თემებზე ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ!”

მოგიწოდებთ, “მოითხოვოთ ქართული”!

ქვეყნისათვის გადამწყვეტია ეროვნული წარმოების მეტად სტიმულირება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩემს მიერ დაწყებული კამპანია “მოითხოვე ქართული”, რომელიც ხელს უწყობს  ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და ეროვნული ვალუტის გაძლიერებას. ამ პროექტის ფარგლებში, ეროვნული წარმოების პოპულარიზაციის პარალელურად, ჩვენ შევქმენით დაგროვების ბარათი, რომელზეც მომხმარებელს ქულები ქართული პროდუქციის შეძენისას დაერიცხება. ამ ბარათის პირველი მფლობელები დღეს თქვენ გახდებით – ასე რომ, მოგიწოდებთ, “მოითხოვოთ ქართული”!”

შრომის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების დაწესება აუცილებელია

“ეკონომიკის ან ინვესტიციების ზრდა არაფრისმთქმელ სტატისტიკურ მონაცემად დარჩება, თუ არ მოხდება ისედაც მწირი დოვლათის ეფექტური გადანაწილება, სამუშაო ადგილების შექმნა. სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოში ინვესტიციების ზრდის პირდაპირპროპორციულად არ იქმნება სამუშაო ადგილები. ხშირია შემთხვევა, როდესაც ინვესტორებს უცხოელი მუშახელი ჩამოჰყავთ ადგილობრივი კადრების კვალიფიკაციის ნაკლებობის გამო. შესაბამისად, იმისთვის, რომ უცხოური ინვესტიციებიდან მეტი სარგებელი მივიღოთ, საჭიროა, ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლება ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტად ვაქციოთ.

მუშახელის დაცულობა და უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფა, რაც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას, საკანონმდებლო დონეზე მოგვარებადია. არ ვგულისხმობ შრომის ბაზრის მკაცრ რეგულირებას, თუმცა შრომის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების დაწესება აუცილებელია.

პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი