ახალი ამბები

ფარული მოსმენების კანონზე პრეზიდენტი საკონსტიტუციოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართავს

7 აპრილი, 2017 • 1866
ფარული მოსმენების კანონზე პრეზიდენტი საკონსტიტუციოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართავს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ფარული მოსმენების კანონთან დაკავშირებით მოქალაქეების ინიციატივას მხარს უჭერს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით. ამის შესახებ პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“სწორედ ჩვენი მოქალაქეების, ყველა ჩვენგანის, თქვენი თავისუფლებისთვის, კანონზე, რომელმაც ბოლო დროს ყველაზე მეტი ღელვა გამოიწვია, საზოგადოების აქტიურობიდან და  ერთიანი სულისკვეთებიდან გამომდინარე, მე გადავწყვიტე ე.წ.მოსმენების კანონთან დაკავშირებით მხარი დავუჭირო მოქალაქეების სარჩელს და მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს განსხვავებული სტატუსით – სასამართლოს მეგობრის სტატუსით, რაც მე მომცემს შესაძლებლობას, დავეხმარო სასამართლოს უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა

კამპანია “ეს შენ გეხებას” ცნობით, მოსმენების კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის შესატანად მათ 300-მა მოქალაქემ მიმართა.

მოქალაქეები მოითხოვენ, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს კანონი, რომლის თანახმადაც, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს განახორციელებს სსიპ ოპერატიულ ტექნიკური სააგენტო, ანუ, ის ორგანო, რომელიც დაინტერესებულია რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მოპოვებითა და დამუშავებით.

“ეს შენ გეხებას” განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მოქალაქეების სარჩელებს მომავალი კვირის დასაწყისში შეიტანენ.

“ეს შენ გეხებას” გარდა, ფარული მოსმენების კანონებს ასაჩივრებენ “ევროპული საქართველო”, “ნაციონალური მოძრაობა”, “რესპუბლიკელები”, “თავისუფალი დემოკარტები”, სახალხო დამცველი.

ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერის, გიორგი ბურჯანაძის თქმით, სარჩელით მოითხოვენ, რომ არსებითი განხილვის გარეშე, გამწესრიგებელ სხდომაზევე საკონსტიტუციო სასამართლომ ეს ნორმები არაკონსტიტუციურად ცნოს.

“პარლამენტმა ამ ახალი კანონით რეალურად დაძლია ის გადაწყვეტილება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ 1 წლის წინ, 14 აპრილს მიიღო. შესაბამისად, მთავარი არსია, რომ თუ სასამართლო ამას არ გააკეთებს, ის თავის პრესტიჟს ვეღარ დაიცავს. დღეს თუ ასე დაუძლევს პარლამენტი რაღაცას, ხვალ და ზეგ უფრო მარტივად დაუძლევენ ყველაფერს და მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება ფარატინა ქაღალდი იქნება,”- გვეუბნება გიორგი ბურჯანაძე.

მოსმენების კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში პირველად არ ასაჩივრებენ. 2016 წელის 14 აპრილს სწორედ “ეს შენ გეხებას” სარჩელის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ მოსმენების არსებული კანონმდებლობა არაკონსტიტუციურად ცნო და განაცხადა, რომ მოსმენების “გასაღები” არ უნდა იყოს იმ ორგანოს ხელში, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძების ფუნქცია და ამ მონაცემების გაცნობისა და დამუშავების ინტერესი აქვს.

ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ მეცხრე მოწვევის პარლამენტმა შეცვალა კანონი – მოსმენების “გასაღები” მიანიჭა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის” დაქვემდებარებაში შექმნილ სსიპ “ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს”. პრეზიდენტმა ამ კანონპროექტთა პაკეტს ვეტო დაადო, თუმცა, პარლამენტმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა და ვეტო დაძლია.

“ეს შენ გეხებაში” გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, პოლიტიური პარტიების ნაწილი და ომბუდსმენი მიიჩნევენ, რომ პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესასრულებლად მიღებული კანონი კვლავ არაკონსტიტუციურია და მოსმენებს კვლავ ამ ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესებული ორგანო განახორციელებს, რაც ზრდის ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევის რისკებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი