ახალი ამბები

პრეზიდენტი: საჭიროა კონკურენციის სააგენტოს უფრო გააქტიურება

7 აპრილი, 2017 • 1485
პრეზიდენტი:  საჭიროა კონკურენციის სააგენტოს უფრო გააქტიურება

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მომხმარებელთა უფლებები დაუცველია ფასწარმოქნის ნაწილშიც. ამიტომ საჭიროა კონკურენციის კანონის უფრო ქმედითად ფორმულირება, აღსრულება და კონკურენციის სააგენტოს უფრო გააქტიურება. ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა, მწირი პენსიები და ლარის არასტაბილურობა – სწორედ ეს არის ის პრობლემები, რაც ყველაზე მეტად აწუხებს საზოგადოებას და რაც ყოველგვარი კვლევის გარეშე თვალსაჩინოა:

“დღეს იმედიანად აღვნიშნავთ, რომ წლის დასაწყისიდან, იანვარ-თებერვლიდან, თვისობრივად გაუმჯობესებულია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ტენდენცია მთავრობისა და პარლამენტის, ეროვნული ბანკისა და სხვა აქტორების  აქტიური ჩართულობით მომავლშიც შენარჩუნდება.  თუმცა ეკონომიკის, ან ინვესტიციების ზრდა არაფრის მთქმელ სტატისტიკურ მონაცემად დარჩება, თუ არ მოხდება ისედაც მწირი დოვლათის ეფექტური გადანაწილება, სამუშაო ადგილების შექმნა.   სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოში ინვესტიციების ზრდის პირდაპირპროპორციულად არ იქმნება სამუშაო ადგილები.   ხშირია შემთხვევა, როდესაც ინვესტორებს უცხოელი მუშახელი ჩამოჰყავთ ადგილობრივი კადრების კვალიფიკაციის  ნაკლებობის გამო. ”

შესაბამისად, იმისთვის, რომ უცხოური ინვესტიციებიდან  მეტი სარგებელი მივიღოთ, პრეზიდენტის აზრით,  საჭიროა, ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლება ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტად იქცეს ქვეყანაში. მისივე თქმით,  შრომის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების დაწესება აუცილებელია:

“მუშახელის დაცულობა და უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფა – რაც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას, საკანონმდებლო დონეზე მოგვარებადია.   არ ვგულისხმობ შრომის ბაზრის მკაცრ რეგულირებას, თუმცა შრომის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების დაწესება აუცილებელია.   ბოლო ხანს შესამჩნევია ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენციაც, რაც მათ შორის მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმატებული ერთობლივი მუშაობის შედეგია.”

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ინფლაცია უმძიმესი ტვირთია მოსახლეობისთვის და კერძო სექტორიც ორმაგი წნეხის ქვეშაა. რადგან, ერთი მხრივ, ძვირდება წარმოება და, მეორე მხრივ, იკლებს პროდუქტის რეალიზაცია.

“ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ ეკონომიკა, მეწარმეობა, სახელმწიფოს ფუნქციონირების საფუძველია. შესაბამისად, მეწარმეებისთვის პირობების შექმნა ხელისუფლების არა კეთილი ნება, არამედ საღი აზრის გამოვლინებაა.
ხელისუფლება ბიზნესთან კონსულტაციებს, თანამშრომლობას, ხელის შეწყობას უნდა აღიქვამდეს არა როგორც პრეროგატივას, არამედ ვალდებულებას! მეტიც – უნდა აღიქვამდეს თავისივე გადარჩენისა და ფუნქციონირების წინაპირობად.

და თუ ჩვენ ეს ჭეშმარიტება კარგად გვესმის, მაშინ ეკონომიკური რეფორმების შემუშავება და დანერგვა ბიზნესთან კონსულტაციების გარეშე არ უნდა ხდებოდეს.   მაშინ სამუშაო ადგილების შემქმნელი სექტორის მხარდაჭერა სახელმწიფოს სტრატეგიული მიზანი უნდა იყოს.   მაშინ უნდა ამუშავდეს კერძო არბიტრაჟი, როგორც ბიზნეს-დავების განხილვის ეფექტური და ალტერნატიული საშუალება.”

მისივე აზრით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ბიზნესის დაჯარიმების გზით არა მის შესუსტებაზე, არამედ ბიზნესთან პარტნიორობასა და მეწარმეების მხრიდან დარღვევების თავიდან აცილებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ  ბოლო დროს მსხვილი ბიზნესი კიდევ უფრო მსხვილდება შედარებით მცირე ბიზნესის შესყიდვა-შერწყმის ხარჯზე.

“ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა საფინანსო სექტორში, სადაც არაპროფილური მიმართულების მქონე კომპანიები ჰოლდინგებში ერთიანდებიან და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში ბაზრის კონტროლისკენ  მიილტვიან.     ასეთ პირობებში მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ გაძლიერდება, ვერც დასაქმების პრობლემა გადაიჭრება.”

პრეზიდენტის თქმით, მომხმარებელთა უფლებები დაუცველია ფასწარმოქნის ნაწილშიც. ამიტომ საჭიროა კონკურენციის კანონის უფრო ქმედითად ფორმულირება, აღსრულება და კონკურენციის სააგენტოს უფრო გააქტიურება.

“გასაგრძელებელი და გასაღრმავებელია ის პოზიტიური პროექტები, რომელიც საქართველოს მთავრობის აქტიური ძალისხმევით განხორციელდა – „აწარმოე საქართველოში“, „სტარტაპ საქართველო“, „დანერგე მომავალი“ და სხვა. მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  მსხვილი ინსფრასტრუქტურულიპროექტები, რომლებიც მომავალში ქვეყნის სატრანზიტო, ლოჯისტიკურ და ტურისტულ პოტენციალს გაზრდის.”

გიორგი მარგველაშვილის აზრით,  ასევე თამამი ნაბიჯი იქნებოდა კაპიტალის ბაზრის განვითარება, რაც გრძელვადიან და ალტერნატიულ ფულად რესურსს გააჩენდა კერძო სექტორის გასაძლიერებლად. მისივე თქმით,  საპენსიო რეფორმის დროული განხორციელება ამ სტრატეგიას  უფრო ეფექტურს გახდიდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი