ახალი ამბები

საკონსტიტუციო უმრავლესობის სავარაუდო საფრთხე სერიოზულ პრობლემად იქცა – პრეზიდენტი

7 აპრილი, 2017 • 1437
საკონსტიტუციო უმრავლესობის სავარაუდო საფრთხე სერიოზულ პრობლემად იქცა – პრეზიდენტი

“მე ველოდები იმ დროს, როდესაც გამარჯვებული ძალა დაიწყებს მოკავშირეების და არა მტრების ძებნას”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

“გასული წლის ნოემბერში ახალ პარლამენტს მივმართე. მაშინ მოგახსენეთ, რომ ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნა აჩენდა ძალაუფლების კონცენტრაციის საფრთხეს, მაგრამ, ამავდროულად, აჩენდა თამამი რეფორმებისა და ინიციატივების შესაძლებლობებსაც.

რა მივიღეთ რეალურად ხუთი თვის თავზე? სავარაუდო საფრთხე იქცა სერიოზულ პრობლემად, ხოლო რეფორმების დინამიკა არაა შთამბეჭდავი. სამწუხაროა, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ პრაქტიკულად უარი თქვა დიალოგზე და ჩაიკეტა საკუთარ თავში. ამ ფონზე მისასალმებელია გადაწყვეტილება დღევანდელი დებატების გამართვის თაობაზე”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

“მე არაერთხელ მითქვამს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის სამსახურში ვარ და ყველა ამომრჩევლის პრეზიდენტი ვარ. ზუსტად ასევე – თქვენც, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ყველას მინისტრები და დეპუტატები ხართ. და მე ველოდები იმ დროს, როდესაც გამარჯვებული ძალა დაიწყებს მოკავშირეების და არა მტრების ძებნას. რადგან მჯერა, რომ ყველაზე მაღალი ამბიცია, რაც შეიძლება პოლიტიკოსს ჰქონდეს, ეს ქვეყნისა და საზოგადოების გამთლიანებაა. ამიტომ არაერთხელ მოგიწოდეთ და დღესაც მოგიწოდებთ დიალოგისკენ, ინსტიტუციური თანამშრომლობისკენ”, – თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი