ახალი ამბები

პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას უსმენენ

7 აპრილი, 2017 • 1444
პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას უსმენენ

პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა დაიწყო. პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას მთავრობის წევრების ნაწილი, სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოს, დიპლომატიური კორპუსისა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებიც ესწრებიან.

პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ საინტერესო დისკუსია წარიმართება:

“დღეს ჩვენ მოვისმენთ მოხსენებას, რომლის შინაარსს პრეზიდენტი განსაზღვრავს. მოხსენების შემდეგ გაიმართება საპარლამენტო დებატები, რომლის ფარგლებში სიტყვით გამოვლენ როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები და, იმედია, საინტერესო დისკუსია შედგება. ჩვენ დაველოდებით მოხსენების შინაარსს და ამის საფუძველზე გავაკეთებთ აქცენტებს,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“პატრიოთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, პრეზიდენტისგან გაწონასწორებულ მოხსენებას ელოდება:

“მე მინდა, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პრეზიდენტის მოხსენებას მოვუსმინო, სადაც აქცენტები დასმული იქნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე, მოსახლეობის უკიდეგანო სოციალურ გაჭირვებაზე, საარჩევნო სისტემის რეფორმაზე, საკონსტიტუციო რეფორმაზეც ძალიან საინტერესოა პრეზიდენტის პოზიცია. მე არ ველოდები კონფრონტაციულ მოხსენებას, ველოდები კონსტრუქციულ მოხსენებას,” – აღნიშნა ინაშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, პრეზიდენტმა მოხსენებაში იმ მანკიერ მხარზე უნდა  გაამახვილოს ყურადღება, რაც ბოლო ოთხი წლის განმაობაში  ქვეყანაში ხდებოდა:

“ყველა სახის ცვლილება მიმართულია ერთი მიზნისკენ, რომ მომავალ არჩევნებში ხელისუფლებამ შეინარჩუნოს ძალაუფლება. არავითარი სახელმწიფო ინტერესები არ არის იმაში, რომ თავისუფალი იყოს მედია, კარგად მოუსმინონ ხალხს ან პრეზიდენტს ჩამოართვან უფლებამოსილება. ეს არის ძალაუფლებისათვის ბრძოლის ძალიან უხეში ფორმა. იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი დღეს გამოსვლილსას იტყვის სიმართლეს და იმ ყველა მანკიერ მხარეზე გაამახვილებს ყურადღებას, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ხდებოდა ქვეყანაში,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი