ახალი ამბები

სოფრომაძე: საქართველოში სოციალური დახმარების მიღება 1.6 მილიონ ადამიანს სურს

6 აპრილი, 2017 • 3004
სოფრომაძე: საქართველოში სოციალური დახმარების მიღება 1.6 მილიონ ადამიანს სურს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, ზაზა სოფრომაძე ამბობს, რომ სოციალურად დაუცველთა დახმარების მიღება საქართველოში მილიონნახევარზე მეტ ადამიანს სურს:

“სულ ცოტა ხნის წინ, ფულადი დახმარების მიმღებთა მსურველი საქართველოში გახლდათ დაახლოებით 1 600 000 ადამიანი,”- განაცხადა ზაზა სოფრომაძემ. საქსტატის მონაცემებით, 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 729 500 ადამიანია. გამოდის, რომ მოსახლეობის 42.9%-ს სოციალური დახმარების მიღება უნდა.

ზაზა სოფრომაძის თქმითვე, საქართველოში სოციალურ დახმარებას 0.527 მილიონი ადამიანი იღებს.

სოფრომაძემ ეს განცხადება გააკეთა “ევროპული საქართველოს” წევრის, ზურა ჭიაბერაშვილის განცხადების საპასუხოდ. ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ ოქტომბრიდან დღემდე საარსებო შემწეობის გარეშე უკვე 53 000-მდე მოქალაქე დარჩა და ისინი ის ადამიანები არიან, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება – პენსიონრები, ბავშვები და გაჭირვებული ადამიანები.

ზაზა სოფრომაძის თქმით, მსოფლიოში არ არის შექმნილი სისტემა, რომელიც დახმარების ყველა მსურველს დააკმაყოფილებს და გამონაკლისი არც საქართველოა:

“სოციალური დახმარების მოხსნა და დანიშვნა გახლავთ მუდმივი, პერმანენტული პროცესი. დღეისათვის, ფულადი დახმარების მსურველად დარეგისტრირებულია მილიონზე მეტი ადამიანი ბაზაში. დახმარების მიღების უფლება მოპოვებული აქვს 527 ათას მოქალაქეს. ეს გახლავთ საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვი. ის, რომ გარკვეულ რაოდენობას შეუჩერდა, ან შეუწყდა დახმარება, ასევე მუდმივი პროცესია. ასევე ათასობით მოქალაქეს ენიშნება სოციალური დახმარება ყოველთვიურად. შეჩერების პროცესის გააქტიურება ხდება იმის გამო, რომ აგვისტოში უნდა დამთავრდეს ყველა მოქალაქის გადამოწმება, რათა დახმარებები კიდევ უფრო მიზნობრივი და სოციალურად ორიენტირებული იყოს. ამ პროცესში გამოთავისუფლებული თანხები მუდმივად ხმარდება ისევ ახალ დანიშვნებს, ახალი ტიპის სოციალური დახმარების პროგრამებს,”- განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი