ახალი ამბები

“თავს უდანაშაულოდ ვთვლი” – გუკა რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა

6 აპრილი, 2017 • 2312
“თავს უდანაშაულოდ ვთვლი” – გუკა რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა

გუკა რჩეულიშვილმა დღეს, 6 აპრილს, 30 ათასი ლარის ოდენობით გირაოს საფუძველზე საპატიმრო დაწესებულება დატოვა. მას ჩამოართვეს პასპორტიც.

იგი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ გირაოს ეს ოდენობა და პასპორტის ჩამორთმევა მკაცრი ღონისძიებაა:

“მე თავს უდანაშაულოდ ვთვლი და აქედან გამომდინარე, მკაცრია,”- განაცხადა რჩეულიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ.

მისივე თქმით, არ არსებობს საფრთხე, რომ ის გამოძიებას მიემალოს – “როგორ შეიძლება, დედაჩემი და დეიდაჩემი ციხეში ისხდნენ და მე სადმე მივიმალო. აბსურდია”.

მისივე თქმით, ცენტრ-პოინტს დაზარალებულების კუთვნილი თანხა არ მიუთვისებია:

“ბევრი სხვადასხვა კონტექსტია, შეიძლება პოლიტიკურიც არის, ყველა მხარეს აქვს თავისი სიმართლე… ჩვენ მხარესაც, დაზარალებულების მხარესაც. ამიტომ, მთლად ასე პოლიტიკურ კონტექსტში ამას ვერ განვიხილავ… [მითვისების ფაქტს] არ ჰქონდა ადგილი, რამდენიმე  მოვლენამ, როგორიც იყო ომი, კრიზისი, რამდენიმე მმართველო კომპანია, ერთობლიობაში მოიტანა ის შედეგი, რაც გვაქვს. აუცლებლად გამოსავალს ვიპოვით. ჩემთვის პრიორიტეტი დედაჩემია, დედაჩემის გამოსვლა, მაგრამ დაკავშირებული და გაიგივებული მაქვს დაზარალებულების დაკმაყოფილებასთან. ამიტომ ამ ორივე პრობლემას ერთად მოვაგვარებ,”- განაცხადა რჩეულიშვილმა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ბათუმის მაგნოლიის საქმეზე დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე ბრალდებულ გურამ (გუკა) რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობის მაქსიმალური ცხრათვიანი ვადა რამდენიმე დღეში, 12 აპრილს ეწურებოდა, სასამართლო კი კვლავ არსებითი განხილვის ეტაპზეა.

“თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება მაია და გურამ რჩეულიშვილების ბრალდების საქმის არსებითი განხილვა. პროკურატურამ  მტკიცებულებების წარდგენა  2017 წლის იანვარში დაასრულა, რომლის ფარგლებშიც ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში დაკითხული იქნა 60-მდე მოწმე და გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებების 42 ტომი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. პროკურატურა მიმართავს მის ხელთ არსებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას საქმის არსებითი განხილვის დროულად დასრულებისთვის,”- აცხადებს პროკურატურა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი