ახალი ამბები

საბჭოთა მენტალიტეტია, როცა ადამიანს და სახელმწიფოს ერთმანეთს უპირისპირებ – პრეზიდენტი

6 აპრილი, 2017 • 2013
საბჭოთა მენტალიტეტია, როცა ადამიანს და სახელმწიფოს ერთმანეთს უპირისპირებ – პრეზიდენტი

“როცა ადამიანს [უფლებებს] და სახელმწიფოს ერთმანეთს უპირისპირებ, საბჭოთა მენატალიტეტია”, – ეს განცხადება პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “მოსმენების კანონთან” დაკავშირებით გააკეთა. მან ამ საკითხის შესახებ თავისი არგუმენტები კიდევ ერთხელ განმარტა:

“რატომ არ უნდა იყოს მოსმენები საგამოძიებო სტრქუტურაში (არც ერთში, არც სუს-ში, არც პოლიციაში, არც პროკურატურაში): იმიტომ, რომ ასეთმა მექანიზმმა შეიძლება ძალიან დიდი ოდენობით  ინფორმაციის მოპოვების სურვილი და ინტერესი გააჩინოს. სპეცსამსახურების გამჯვნის აბსოლუტურად დემოკრატიული ტრადიციაა ეს. რაზე წავიდა საუბარი, რომ ერთი მხრივ, თურმე არსებობს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, არის სახელმწიფოს ინტერესები, და ეს ორი რამ თურმე ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია და ჩვენმა განსწავლულმა იურისტებმა და დეპუტატებმა რამენაირად საშუალო უნდა დაიჭირონ ამ ორ რამეს შორის. არა, ასე არ არის. როცა ადამიანს და სახელმწიფოს ერთმანეთს უპირისპირებ, საბჭოთა მენატალიტეტია. სახელმწიფო არის თითოეული ადამიანის ინტერესების ჯამი და არაფერი სხვა”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი © EPA/GEORG HOCHMUTH

გიორგი მარგველაშვილი © EPA/GEORG HOCHMUTH

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე პოლიტიკური პარტიის წევრები და სხვა მოქალაქეები ფარული მოსმენების საკითხზე პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ.

მოსმენების კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში პირველად არ ასაჩივრებენ. 2016 წელის 14 აპრილს სწორედ “ეს შენ გეხებას” სარჩელის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ მოსმენების არსებული კანონმდებლობა არაკონსტიტუციურად ცნო და განაცხადა, რომ მოსმენების “გასაღები” არ უნდა იყოს იმ ორგანოს ხელში, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძების ფუნქცია და ამ მონაცემების გაცნობისა და დამუშავების ინტერესი აქვს.

ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ მეცხრე მოწვევის პარლამენტმა შეცვალა კანონი – მოსმენების “გასაღები” მიანიჭა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის” დაქვემდებარებაში შექმნილ სსიპ “ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს”.

პრეზიდენტმა ამ კანონპროექტთა პაკეტს ვეტო დაადო, თუმცა, პარლამენტმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა და ვეტო დაძლია.

“ეს შენ გეხებაში” გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, პოლიტიური პარტიების ნაწილი და ომბუდსმენი მიიჩნევენ, რომ პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესასრულებლად მიღებული კანონი კვლავ არაკონსტიტუციურია და მოსმენებს კვლავ ამ ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესებული ორგანო განახორციელებს, რაც ზრდის ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევის რისკებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი