თიბილოვს ქართულ სპეცსამსახურებთან და ივანიშვილთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე  ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატისა და ამჟამინდელი პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის კონკურენტი კანდიდატების მხარდამჭერები თიბილოვის ქართულ მხარესთან კავშირების შესახებ ალაპარაკდნენ.

ე.წ. დოკუმენტი, რომელიც რამდენიმე არც ისე ცნობილ ვებ-პორტალზე და ფეისბუკის ოსურ პოლიტიკურ ჯგუფებში გამოაქვეყნეს და  ერთი შეხედვითაც ყალბს ჰგავს, “თიბილოვისა და ქართული სპეცსამსახურების თანამშრომლობას” შეეხება.

აღნიშნულ წერილში, რომელიც თითქოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ბლანკზეა დაწერილი, დეპარტამენტის თანამშრომელი სუს-ის უფროსს, ვახტანგ გომელაურს თიბილოვის შესახებ წერს. ე.წ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2011 წელს ქართულმა მხარემ თიბილოვს გომელაურის სანქციით 10 მილიონი აშშ დოლარი გადასცა სხვადასხვა ინფრასრუქტურული პროექტებისთვის; სუს-მა ცხინვალში იარაღის არხზე აიღო კონტროლი და ამით ფული გამოიმუშავეს თიბილოვმა და მისმა სიძემ. ასევე წერია, რომ თიბილოვი,  მისი გამარჯვების შემთხვევაში, მზად არის, კავშირზე გავიდეს ბიძინა ივანიშვილთან და დაიწყოს მსჯელობა ცხინვალის რეიგონის ფედერაციულ სტატუსზე საქართველოს შემადგენლობაში.

ე.წ. დოკუმენტის ავთენტურობაში ეჭვი ცხინვალშიც ბევრს ეპარება, თუმცა აქტიური მსჯელობის საგანი გახდა მომხმარებელთა ფეისბუკის გვერდებსა და დახურულ ჯგუფებში.

ის, რომ დოკუმენტის ნამდვილობა საეჭვოა, მოწმობს “კონტრდაზვევრვის” არასწორად დაწერილი დასახელებაც  – “ქონტრდაზვერვა”. გარდა ამისა, წერილი დათარიღებულია 2016 წლის 22 სექტემბრით, იმ პერიოდში კი ჯერ არ ყოფილა ცნობილი დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო კანდიდატთა ზუსტი ვინაობა და რაოდენობა, რითიც აღნიშნული დოკუმენტი იწყება.

17796696_795296173956162_8292048624275303414_n

17796393_795296203956159_2846009140124874392_n

Screen Shot 2017-04-06 at 1.53.56 PM

ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარისთვის ნეტგაზეთმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართა. სუს-ში განგვიცხადეს, რომ მსგავს დოკუმენტზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებენ.

“ე.წ. დოკუმენტს, რომელიც გამოქვეყნდა, როგორც კი შეხედავთ და კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ყალბია. გავრცელებულ ინფორმაციაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ”.

2017 წლის 9 აპრილს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები და დე ფაქტო რესპუბლიკისთვის  “ალანიას” დარქმევის საკითხზე რეფერნდუმი იმართება. არჩევნებში მონაწილეობას სამი კანდიდატი მიიღებს, ამჟამინდელი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, ანატოლი ბიბილოვი და ალან გაგლოევი. ორ კანდიდატს, მათ შორის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტს, ედუარდ კოკოითის,არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრეს.  სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დაგეგმილ არჩევნებსა და რეფერენდუმს ქართული მხარე და საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი