ახალი ამბებისამართალი

უკანონო მოსმენების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს 44 სარჩელი შევიდა

6 აპრილი, 2017 • 3385
უკანონო მოსმენების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს 44 სარჩელი შევიდა

ფარული მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობის გაუქმების მოთხოვნით 44 სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს “რესპუბლიკურმა პარტიამ” და “ევროპულმა საქართველომ” შეიტანეს. ანალოგიური მოთხოვნით სარჩელის შეტანას სხვა პოლიტიკური პარტიებიც აპირებენ.

ხვალ, 7 აპრილს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში კამპანია “ეს შენ გეხება” შეიტანს. ამ კამპანიის ფარგლებში სარჩელს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოქალაქეებიც ავსებენ. ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს წარმომადგენლის ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე 300-მდე მოქალაქემ ისარგებლა შესაბამისი აპლიკაციის ფორმით. ამ დროისთვის სარჩელი დაახლოებით 30-მა მოქალაქემ დაწერა ბათუმშიც. სარჩელების შეგროვება დღეს, 18:00 საათამდე გრძელდება.

სარჩელის ავტორი შეიძლება ნებისმიერი მოქალაქე გახდეს, ვინც თვლის, რომ უკანონო მიყურადების საფრთხე ისევ არსებობს.

“გამიკვირდება, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს ასობით მოქალაქის სარჩელს. კანონში არაფერი შეუცვლია პარლამენტს იმისთვის, რომ სასამართლოს წინა გადაწყვეტილება შესრულებულად ჩაითვალოს”, – ამბობს დავით ზურაბიშვილი, “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი წევრი.

ნუგზარ მგელაძე, “ევროპული საქართველოს” წევრი: “არ მინდა, ჩემს ქვეყანაში, ერთი მხრივ, დეკლარირებული იყოს დემოკრატიული ღირებულებები და, მეორე მხრივ, უსმენდეს ხელისუფლება ხალხს უკანონოდ. ამიტომ შემაქვს სარჩელი”.

ფარულ მოსმენებზე კანონი პარლამენტმა მიმდინარე წლის პირველ მარტს შეცვალა. ცვლილების განხორციელება სავალდებულო იყო, რადგან 2016 წლის აპრილში საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ კანონმდებლობა, რაც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს არეგულირებს, ანტიკონსტიტუციურია.

სარჩელის ავტორები დღეს მიიჩნევენ, რომ ფორმალურ დონეზე შეცვლილი კანონი რეალობას ვერ შეცვლის, რადგან “გასაღები” ფარულ მოსმენაზე ისევ სუს-ის მიმართ დაქვემდებარებულ ახალ სააგენტოს ექნება. 

IMG_20170406_114022

IMG_20170406_111956

IMG_20170406_110831

 

მასალების გადაბეჭდვის წესი