ახალი ამბები

მთავარი პროკურორი როლანდ ახალაიას ბრალეულობის საკითხს არ გამორიცხავს

25 დეკემბერი, 2012 • 966
მთავარი პროკურორი როლანდ ახალაიას ბრალეულობის საკითხს არ გამორიცხავს

“როლანდ ახალაიას მოწმის სახით დაკითხვაზე დაბარება უკავშირდება ერთ საქმეზე საპროცესო შეთანხმების მართლზომიერებას და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გეტყვით, იკვეთება თუ არა მისი დანაშაული, არაფერია გამორიცხული”, – განაცხადა მთავარმა პროკურორმა.

 

არჩილ კბილაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პარლამენტარის მოწმის სახით დაკითხვაზე დაბარებას არ სჭირდება პარლამენტის ნებართვა და ეს საჭიროა მხოლოდ მაშინ, თუ დეპუტატის წინააღმდეგ იწყება სისხლის სამართლებრივი დევნა. კბილაშვილის თქმით, ჯერჯერობით არც ერთ დეპუტატთან მიმართებაში ამის საჭიროება არ არსებობს.

 

შეგახსენებთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატი როლანდ ახალაია პროკურატურაშია დაბარებული.  რამდენიმე კვირის წინ დაკითხვაზე ასევე დაიბარეს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” დავით საყვარელიძე. საყვარელიძემ პროკურატურის ამ მოთხოვნას უარით უპასუხა. არჩილ კბილაშვილის თქმით, საქართველოში არ არსებობს თანამდებობის პირი, რომელსაც უფლება ექნება, თავისი თანამდებობიდან გამომდინარე, უარი უთხრას გამოძიებას მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე. იმ შემთხვევაში, თუკი პირმა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე უარი განაცხადა, პროკურატურამ შესაძლოა, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, დაიწყოს მისი სისხლის სამართლებრივი დევნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი