ახალი ამბები

თამბაქოს კონტორლის შესახებ კანონში ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

5 აპრილი, 2017 • 3022
თამბაქოს კონტორლის შესახებ კანონში ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

თამბაქოს კონტორლის შესახებ კანონში ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს  85-მა დეპუტატმა არც ერთის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.

პროექტის მიხედვით, თამბაქოს მოხმარება აიკრძალება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის, აგრეთვე, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების გარდა.

მოწევა ასევე აიკრძალება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის, ავტობუსში, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაში, საჰაერო ხომალდში, მეტროპოლიტენში, მატარებელში, ტრამვაისა და ტროლეიბუსში, გემზე და სხვა სანაოსნო საშუალებებზე, გარდა  ტაქსის და კატერის. წესების დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეს 5 ლარით დააჯარიმებენ, ხოლო საჰაერო ხომალდში მოწევისთვის – 500 ლარით.

მოწევა საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული), სააღმზრდელო, და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, ნებისმიერი სხვა სასწავლო დაწესებულების, ბიბლიოთეკის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზეც აიკრძალება, აგრეთვე, 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე; სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე; ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე, სადაც ინახება ცეცხლსაშიში ნივთიერებები; მოწევა აიკრძალება სტადიონებზეც.  ამ წესის დარღვევა 10-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

პროექტი ითვალისწინებს მოსამზადებელ პერიოდსაც. კერძოდ, 2018 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია კაფე-ბარების, რესტორნების და საზოგადოებრივი კვების სხვა ობიექტების, სამორინეების, სათამაშო აპარატების სალოების ან/და აზარტული კლუბების შენობა-ნაგებობებში ამ დაწესებულებების ადმინისტრაციის მიერ სპეციალური მოსაწევი ადგილის (ადგილების) გამოყოფა. ეს სპეციალური მოსაწევი ადგილი (ადგილები) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: არ უნდა იკავებდეს შესაბამისი დაწესებულების საერთო ფართობის 50%-ზე მეტს; ჰქონდეს ვენტილაცია, ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა.

ამასთან,  2018 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია საჯარო დაწესებულებების, სილამაზის სალონების, მაღაზიების და სხვა სავაჭრო ობიექტების, კერძო ოფისების, ქარხანა-ფაბრიკების, საამქროების, საწყობების, ტერმინალების და სხვა მსგავსი დაწესებულებების შენობა- ნაგებობაში სპეციალური მოსაწევი ადგილის (ადგილების) გამოყოფა. ეს სპეციალური მოსაწევი ადგილი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:  არ უნდა იკავებდეს დაწესებულების საერთო ფართის 5%-ზე მეტს; სრულად (კედლებით) გამიჯნული უნდა იყოს დაწესებულების სხვა ნაწილებისაგან/ტერიტორიისაგან; ჰქონდეს ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა.

რაც შეეხება სტადიონებს,  2020 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია სტადიონის ტერიტორიის არაუმეტეს 50%-ში თამბაქოს მოწევა. ასეთ გადაწყვეტილებას იღებს სტადიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ამავდროულად, 2020 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია თამბაქოს მოწევა სასტუმროს ნომრების არაუმეტეს 20%-ში. დაუშვებელია სასტუმროს მოსაწევ და არმოსაწევ ნომრებში თამბაქოს მოწევის რეჟიმის ცვლილება. მოსაწევი ოთახების ნომრები უნდა გამოიყოს სასტუმროს ადმინისტრაციის სპეციალური ბრძანებით, რომელიც უნდა განთავსდეს სასტუმროს თვალსაჩინო ადგილზე.

თუ დაწესებულების მფლობელი/ხელმძღვანელი ამ მოთხოვნებს არ შეასრულებს, ის  500 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში- 1000 ლარით.

პაკეტის მიხედვით, იკრძალება თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამაც. კერძოდ, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარების და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების ყველა სახის რეკლამა, გარდა ექსკლუზიურად თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენელთათვის განკუთვნილი ბეჭდური ან ელექტრონული გამოცემისა, რომელიც არაა განკუთვნილი და არ ვრცელდება სხვა პირებზე.

ეს აკრძალვა სახელოვნებო საქმიანობაზეც ვრცელდება. კერძოდ, თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარებისა და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების რეკლამის შემცველი იმ ფილმების ან სხვა შემოქმედებით პროდუქციის მასობრივი ჩვენებისას, რომლებიც დამზადებულია 2017 წლის 1 იანვრამდე, თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარებისა და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების რეკლამა ან მოხმარების დემონსტრირება სრულად უნდა დაიფაროს, ხოლო ჩვენების დასაწყისში და ბოლოში ნაჩვენები უნდა იყოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სატელევიზიო ან რადიორგოლი, ან ბეჭდვითი მასალისთვის პიქტოგრამა მოწევის მავნებლობის შესახებ.

2018 წლის 1 იანვრამდე დამზადებული ის ფილმები ან სხვა შემოქმედებითი პროდუქცია, რომლებიც შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარისა და მისი მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მოხმარების დემონსტრირებას და დემონსტრირების კადრები/ნაწილი არაა დაფარული, წარმოადგენს 18 წლამდე არასრულწლოვანზე მავნე ზეგავლენის მომხდენ ფილმს და პროდუქციას.“

პროექტი მიხედვით, იკრძალება  მაგარი სპირტიანი სასმელების რეკლამის გავრცელება რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით, გაზეთების კაბადონებზე, ჟურნალების გარეკანზე. ასევე იკრძალება ალკოჰოლიანი სასმელის რეკლამის გავრცელება საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში, ხოლო მათგან 100 მეტრის რადიუსში გარე რეკლამა.

თამბაქოს მოწევის ან მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, სხვა ბეჭდური ან ელექტრონული საშუალებით, მასობრივი ჩვენებისა და თეატრალური წარმოდგენის მეშვეობით, “თამბაქოს კონტროლის შესახებ” და “რეკლამის შესახებ” კანონით დადგენილი ნორმების დარღვევით, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა,  თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია ერთეული ღერებით, ერთეული შეფუთვით (კოლოფით), თუ მასში 20 ღერ სიგარეტზე ნაკლებია ან მეტია, ასევე შეფუთვის გარეშე, – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია 18 წლამდე პირზე, – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი