ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატები დებატებში

25 დეკემბერი, 2012 • 1130
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატები დებატებში

დებატების დაწყებამდე მეორე ტურში გასულმა ხუთმა კანდიდატმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ საკუთარი ხედვები წარმოადგინა.

ჟურნალისტი ნათია აბრამია, რომელიც BBC–ში მუშაობს ბოლო რამდენიმე წელია, აცხადებს, რომ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში იმ პროფესიული სტანდარტის დანერგვა სურს, რაც BBC–ში ნახა. მან ასევე ისაუბრა საკუთარ მენეჯერულ გამოცდილებაზე, რომელიც მიღო სწორედ ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელში რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად.

ნათია აბრამია კანდიდატებს შორის აღმოჩნდა ერთადერთი, რომელმაც ფინანსთა სამინისტროსგან მოითხოვა დეტალური ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალებისა და ქონების შესახებ, ასევე, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების შესახებ.

როგორც ნათია აბრამია ამბობს, მისი მმართველობის პირობებში ფინანსების ხარჯვა იქნება გამჭვირვალე და თანამშრომელთა შემცირება შესაძლოა მოხდეს თუნდაც იმ კონსულტანტების ხარჯზე, რომლებიც ხელფასს იღებენ, მაგრამ სამსახურში არ დადიან. მისივე განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში, შემცირების შემთხვევაში, ღირსეული ადამიანები დარჩებიან.

ნათია აბრამიას მოსაზრებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს საზოგადოებრივი დაკვეთის შემსრულებელი, მიუკერძოებელი და მაყურებელს აწვდიდეს ამომწურავ ინფორმაციას, რადგან მისი მოვალეობაა დემოკრატიის სადარაჯოზე ყოფნა.

დირექტორობის კიდევ ერთი მსურველი ნიკოლოზ მახარაშვილი პროფესიით მენეჯერია.
ამბობს, რომ მისი მიზანი “პერფომანსული მენეჯმენტის” შექმნაა, “რაც გულისხმობს “სამენეჯმენტო ქოლგის” შექმნას, რაც მოიცავს შიდა სტრუქტურებს. შიდა სტრუქტურების განვითარება კი ორგანიზაციის განვითარების ფაქტორია”.

ნიკოლოზ მახარაშვილის თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელში საჭიროა “Hr რუკის შექმნა”, ასევე “ფანდრაიზინგის” სამსახურის განვითარება – თანხის მოზიდვა, კრიზისული მენეჯმენტის, პიარის სამსახურისა და “ლიდერშიპის ინსტიტუტის” განვითარება.

ნიკოლოზ მახარაშვილის მოსაზრებით, უნდა ჩატარდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევა და ამის მიხედვით საზოგადოებრივი მაუწყებლისადმი არსებული მოთხოვნების დადგენა. მისივე თქმით, საჭიროა შეიქმნას სპეციალური საბჭო, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელში იტვრითავს პასუხისმგებლობას და მენეჯმენტთან ერთად იმუშავებს არხის კრიზისიდან გამოსაყვანად.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატი გიორგი ბარათაშვილი ამჟამად გიორგი ჭანტურიას მოვალეობას ასრულებს. იგი არხის ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელია. მისი ხედვით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საზოგადოების ყველა ფენის ინტერესი უნდა დააკმაყოფილოს, ასევე, ჩატარდეს კვლევები საზოგადოებრივ საჭიროებებთან დაკავშირებით და შეიქმნას ე.წ. სამხატვრო საბჭო, რომელიც გადაწყვეტს, რა ტიპის გადაცემები მომზადდეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე. გიორგი ბარათაშვილმა არხის განვითარების მისეულ პრიორიტეტად დაასახელა 2015 წელს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად არხის მომზადება, კრიზისიდან გამოყვანა და მისთვის ახალი შენობის მოძიება, რადგან არსებული შენობა ავარიული და მოძველებულია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კიდევ ერთ მსურველ თიკა რუხაძეს მიაჩნია, რომ როცა არსებობს სამეურვეო საბჭო, ზედმეტია კიდევ დამატებით სამხატვრო საბჭოს შექმნა. მისი თქმით, არხის მენეჯერის თანამდებობა უნდა იყოს შესაბამისი ძალაუფლებით აღჭურვილი, რომ მან შეძლოს არხის მართვა. თიკა რუხაძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დამატებითი ფინანსების მოძიება შეიძლება მოხდეს მისი ქონების რაღაც ნაწილის გასხვისებით, ან იჯარით გაცემით, რაც, მისი აზრით, თანამშრომლების შენარჩუნებაში დაეხმარება საზოგადოებრივ მაუწყებელს.

დირექტორობის მეხუთე მსურველი მეგი თავდუმაძეა, რომელიც ამბობს, რომ განათლება აშშ–ში აქვს მიღებული და Wall Street–ზე 5 წელი მართავდა კომპანიას, რომელმაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი გადაიტანა და ახლაც სტაბილურად აგრძელებს მუშაობას. მეგი თავდუმაძეს საკუთარ უპირატესობად საქართველოში სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისა და გავლენიანი ჯგუფებისგან დისტანცირება მიაჩნია. ამბობს, რომ მისი მმართველობის პირობებში საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი იქნება, ხოლო მაუწყებელი ისეთი გახდება, როგორსაც მოითხოვს საზოგადოება. ამის დადგენა კი მეგი თავდუმაძეს კვლევების ჩატარებით ესახება.

 

დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში, დავით პაიჭაძის გადაცემა “დიალოგში” 1 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. კანდიდატებმა 4 მთავარ კითხვას უპასუხეს, რისთვისაც მათ თანაბარი დრო ჰქონდათ გამოყოფილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი