ახალი ამბები

დეკანოზ მამალაძის ადვოკატებმა პროკურატურას საჩივრით მიმართეს

5 აპრილი, 2017 • 1742
დეკანოზ მამალაძის ადვოკატებმა პროკურატურას საჩივრით მიმართეს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა მხარეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს. დაკავებული დეკანოზის ადვოკატის, გიორგი ფანცუალაის თქმით, ის პროკურატურისგან რეაგირებას სამი დღის განმავლობაში დაელოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ადვოკატები გეგმავენ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ:

“ამ ორი თვის განმავლობაში, ყველანაირად ირღვევა მხარეთა თანასწორობის პრინციპი და აღნიშნულთან დაკავშირებით შევიტანეთ საჩივარი პროკურატურაში, რაზეც მათ სამდღიანი ვადა აქვთ. თუ დადებითი პასუხი არ იქნება, ამის შმედეგ, ვაპირებთ წასვლას ევროპულ სასამართლოში, სტრასბურგის სასამართლოში” – ამბობს ფანცულაია.

მისი თქმით, სანამ სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ, ადვოკატები გეგმავენ ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ნორმა გამოიყენონ და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს:

“გავასაჩივრებთ მხარეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევას, რომლის ერთ-ერთი გამოხატულება არის გაუთქმელობის ვალდებულება და აქედან გმაომდინარე, არ გვეძლევა საშუალება სხვადასხვა მიმართულებით მოვახდინოთ სათანადო დაცვა. ჩვენ აქამდეც მივმართეთ ამ მოთხოვნით პროკურატურას ახლა არსებული კანონმდებლობით, მივმართეთ საქმის ზემდგომ პროკურორს. ჩვენ ვგეგმავთ ყველა წესი და კანონი დავიცვათ და სწორედ ამის შემდეგ მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს. პროცედურულად რაც საჭიროა, ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ყველა ეტაპი გავლილი გვქონდეს” – თქვა ფანცულაიამ.

ადვოკატის თქმით, გაუთქმელობის ვალდებულება დაცვის მხარეს წამგებიან პოზიციაში აყენებს, რადგან გარდა იმისა, რომ ადვოკატები საზოგადოების ინფორმირებას ვერ ახდენენ, ასევე ეზღუდებათ ბრალდებულის დაცვითი საქმიანობაც:

“ვინაიდან გაუთქმელობაზე გვაქვს ჩვენ უარი, ეს გაუთქმელობა მარტო იმ კუთხით არ ირღვევა, რომ ჩვენ ადამიანებს ვერ ვესაუბრებით და საზოგადოებას ინფორმაციას ვერ ვაწვიდით. ჩვენ, მოწმეს ვერ გამოვკითხავთ, იქიდან გმაომდინარე, რომ მოწმეს რომ კითხვები დაუსვა საქმის მასალიდან ხომ უნდა დაუსვა?! ე.ი. მოწმეს ვერ გმაოვკითხავთ, რომ ჩავატარო დამოუკიდებელი ექსპერტიზა მხარემ, ხომ უნდა გადავცე ექსპერტს მასალები, რომ ჩაატაროს ექსპერტიზა – ამასაც ვერ გავაკეთებ” – ამბობს ადვოკატი. 


პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავა, როცა ბერლინში მიემგზავრებოდა. მას ბრალად ედება პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლები), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. ე.წ. ციანიდის საქმეზე მტკიცებულებების ნაწილი პროკურატურამ 8 მარტს გახადა საჯარო.

გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს. ადვოკატების თქმით, გიორგი მამალაძეს პარტრიარქის მდივან–რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა თავად სთხოვა ციანიდის შეძენა. დეკანოზი პატრიარქის ძმისშვილის, ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ეპარქიაში მუშაობდა წლების მანძილზე. ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს განცხადებით, არ გამორცხავს, რომ დეკანოზი შორენა თეთრუაშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას წამოეგო.

მასალების გადაბეჭდვის წესი