36754

ბარამიძე: როცა ადამიანი სქესს იცვლის, დოკუმენტშიც უნდა მიენიჭოს მისთვის სასურველი სქესი

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, სანდრო ბარამიძის განცხადებით, როცა ადამიანი სქესის კორექციის ოპერაციას იკეთებს, მას ის სქესი უნდა მიენიჭოს, რომლის სურვილიც ჰქონდა. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების საკითხის განხილვისას განაცხადა.

პარლამენტის სხდომაზე “პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ სანდრო ბარამიძეს ჰკითხა, საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით ტრანსგენდერი ქალი ქალად ჩაითვლება თუ არა.

სანდრო ბარამიძის განცხადებით, როცა ადამიანი სქესის კორექციის ოპერაციას იკეთებს, მის დოკუმენტებში ის სქესი უნდა ჩაიწეროს, რომლის მიღების სურვილიც ჰქონდა:

“ეს არის ცალკე კანონმდებლობის თემა. მე ვშიშობ, რომ ჩვენი კანონმდებლობა მთლად ცალსახა ამასთან დაკავშირებით არ არის. ეს ამ კონკრეტული ცვლილებების თემა არ არის. ბუნებრივია, უნდა ჩამოვყალიბდეთ,  როცა ადამიანი სქესს იცვლის, მაშასადამე მას უნდა მიენიჭოს ის სქესი, რომლის სურვილიც ჰქონდა, რომ ჰქონოდა. თუმცა ვიმეორებ, ეს მოცემული კანონმდებლობის თემა არ არის. ეს სხვა კანონმდებლობის თემაა,” – აღნიშნა ბარამიძემ.

საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლა შესაძლებელია დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობებში, ასევე, პირადობის მოწმობაში, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პიროვნება ქირურგიული ოპერაციის შედეგად შეიცვლის სქესს.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ ეს – კაცი ქალის პირადობის მოწმობით და პირიქით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.