დაუსაბუთებელი პატიმრობა – რამდენად ითვალისწინებენ სასამართლოები სტრასბურგის პრაქტიკას

როგორ იყენებენ საქართველოს საერთო სასამართლოები თავიანთ პრაქტიკაში ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს – ამის შესახებ დღეს, 5 აპრილს უზენაეს სასამართლოში ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

კვლევის ავტორმა, ევროპის საბჭოს კონსულტანტმა, ნანა მჭედლიძემ ამისთვის საქართველოს მასშტაბით საერთო სასამართლოების მიერ სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე მიღებული 3000-მდე გადაწყვეტილება შეისწავლა. ეს გადაწყვეტილებები და განაჩენები 2013-2016 წლებში არის გამოტანილი.

ნანა მჭდლიძე ამბობს, რომ გვხვდება შემთხვევები, როდესაც მოსამართლეები ამა თუ იმ საქმეზე კარგად იყენებენ ევროსასამართლოს გადაწყეტილებებს, მეორე მხრივ, არის შემთხვევები, როდესაც სასამართლოები ევროპული კონვენციის სტანდარტს არამართებულად ან არასრულად იყენებენ.

როგორც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დირექტორატის ხელმძღვანელმა, კრისტოს გიაკოუმოპოულოსმა უზენაეს სასამართლოში გამართულ კვლევის პრეზენტაციაზე განაცხადა, პროგრესთან ერთად, არის გარკვეული პრობლემები სასამართლოების მიერ წინასწარი პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.

სწორედ აღკვეთის ღონისძიებების დასაბუთება დაასახელა ერთ-ერთ პრობლემად კვლევის ავტორმა, ნანა მჭედლიძემ. აქ მას მოყვანილი აქვს მაგალითი, როდესაც ეროვნული სასმართლოები არაზუსტად ან სტერეოტიპულად იყენებენ ევროსასამართლოს სტანდარტს.

ნანა მჭდლიძე, ევროპის საბჭოს კონსულტანტი

ნანა მჭდლიძე, ევროპის საბჭოს კონსულტანტი

საფუძვლები, რომლებიც ამართლებს პირის პატიმრობაში ყოფნას (დანაშაულის ჩადენის დასაბუთებულ ვარაუდთან ერთად), არის პირის მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, მართლმსაჯულების განხორციელებაში ჩარევის, საზოგადოებრივი არეულობის საფრთხეები, ანდა ბრალდებულის დაცვის აუცილებლობა. როგორც სტრასბურის სასამართლო მიუთითებს, ეს საფუძვლები აუცილებლად დასაბუთებული უნდა იყოს. სტრასბურგის სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ დაუშვებელია, პირს პატიმრობა შეეფარდოს ავტომატურად.

ასევე, ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ პირი, რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უნდა გათავისუფლდეს სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას, თუ სახელმწიფოს არ შეუძლია მოიყვანოს ,,რელევანტური და საკმარისი” არგუმენტები პირის პატიმრობაში ყოფნის გასამართლებლად.

“საერთო სასამართლოს განჩინებებში ყოველთვის უნდა აისახოს, რომ პირის თავისუფლება არის წესი და პატიმრობა – გამონაკლისი,”- ვკითხულობთ კვლევაში.

გარდა ამისა, კვლევა მიუთითებს, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას მტკიცების ტვირთი არ უნდა მოდიოდეს ბრალდებულზე.

ზოგიერთ შემთხვევაში, როგორს კვლევაშია ნათქვამი, სასამართლოს განჩინებები ფაქტობრივი გარემოებების შეფასების გარეშე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებზე, რაც მხოლოდ ფორმალური ხასიათის არის.

კვლევაში მოყვანილია შემთხვევა, როდესაც 2016 წელს მიღებულ ერთ-ერთ განჩინებაში სასამართლომ მხოლოდ ევროპული კონვენციის ციტირებით დაასაბუთა პატიმრობის გამოყენება:

“ბრალდებულის მხრიდან შესაძლებელია განხორციელდეს სამართალდარღვევა, რამეთუ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის c პუნქტის მიხედვით, პირის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს კანონიერი საფუძვლით, პატიმრობის გამოყენებისას, თუ არსებობს სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, ან საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა,”- ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევის ავტორი ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ციტირებას სტერეოტიპული სახე არ უნდა მიეცეს და ეს სტანდარტები კონკრეტული, რელევანტური, ფაქტობრივი გარემოებების ანალიზში უნდა აისახოს.

პრეზენტაციაზე  წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბრალდების სიმძიმე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოსაყენებლად კვლავ ძირითადი საფუძველია, რასაც სტრასბურგი არ ეთანხმება:

“ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ეთანხმება შიდასახელმწიფოებრივი სასამართლოების იმ გადაწყვეტილებებს, რომლებშიც პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, დასაბუთებულია მიმალვის საფრთხის არსებობით ისე, რომ მიმალვის საფრთხე გამართლებულია ბრალდების სიმძიმითა და შესაძლო სასჯელის სიმკაცრით. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების სიმძიმე და, შესაბამისად, შესაძლო მკაცრი სასჯელი, რელევანტური გარემოებაა, მაგრამ არ არის საკმარისი, რომ დაასაბუთოს პირის მიერ მიმალვის საფრთხე. აქედან გამომდინარე, ევროპული სასამართლო ადგენს, რომ ასეთ შემთხვევებში, პირის პატიმრობაში ყოფნა არ არის გამართლებული,”- ვკითხულობთ კვლევაში.

უზენაეს სასამართლოში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დოროტა დლოუხი-სულიგამ განაცხადა, რომ მათ შეუძლიათ, საქართველოს დაეხმარნონ ტრენინგებით, კვლევებით, მაგრამ, ძირითადი სამუშაო თავად მართლმსაჯულების სისტემამ და პარლამენტმა უნდა შეასრულოს:

“ევროპის ადმაინის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტების დანერგვა ვერ მოხდება, თუ არ მოხდება სრულყოფილი რეფორმა. ჩვენ შევიძლია დაგეხმაროთ, მაგრამ თქვენ უნდა განახორციელოთ ძირითადი საქმიანობა… როგორ იმუშავენენ საქართველოში სასამართლოები და თავად მოქალაქეები როგორ აღიქვამენ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი,”- განაცხადა დოროტა დლოუხი-სულიგამ.

ამ პრეზენტაციის შემდეგ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა, სოფო ვერძეულმა განაცხადა, რომ გასააქტიურებელია მუშაობა იმ მიმართულებით, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მართლმსაჯულების სისტემა შეიქმნას, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება უფრო ხარისხიანი მართლმსაჯულება:

“ეს უნდა გამოიხატოს, მათ შორის იმაში, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ უფრო მეტად დასაბუთებეიული განაჩენები, რომლებიც დაეფუძნება იმ საერთაშორისო სტანდარტებს თუ საერთაშიროსი სასამართლოების პრაქტიკას, რომლებიც ადგენენ ძალიან მაღალ სტანდარტს ადამაინის უფლებათა მიმართულებით,”- ამბობს ვერძეული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი