ახალი ამბები

“0.00009 ტოლერანტობა” – ლაშა ბახუტაშვილის მხარდასაჭერად სიმბოლური აქცია გაიმართა

5 აპრილი, 2017 • 1544
“0.00009 ტოლერანტობა” –  ლაშა ბახუტაშვილის მხარდასაჭერად სიმბოლური აქცია გაიმართა

დღეს, 5 აპრილს, თბილისში, ავლაბრის აღმართზე ბანერი, წარწერით “0.00009 ტოლერანტობა” გადმოკიდეს, რითიც სოლიდარობა გამოუცხადეს ლაშა ბახუტაშვილს.

აქციის ორგანიზატორი “თეთრი ხმაურის მოძრაობაა”, ხოლო გზავნილი – სიმბოლური აქციით ეჩვენებინათ, რამდენად მიზერულ სამართლიანობაზეა საუბარი.

დღეს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო საკონსტიტუციო სარჩელის, “ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” არსებითად განხილვა.

თეთრი ხმაურის მოძრაობის პროტესტი ლაშა ბახუტაშვილის საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პარალელურად

თეთრი ხმაურის მოძრაობის პროტესტი ლაშა ბახუტაშვილის საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პარალელურად

დავის საგანია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის ნაწილის სიტყვების- “ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე” (ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტისთვის გათვალისწინებული სასჯელი) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან დაკავშირებით.

ლაშა ბახუტაშვილი სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის 2013 წელს დააკავეს. მას 0,00009 გრ ნარკოტიკული ნივთიერება დეზომორფინისთვის (მოხმარებულ ნემსში არსებული ნარჩენისთვის) 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ბახუტაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის ნოემბერში მიმართა.  2016 წლის 25 მაისს   “თეთრი ხმაურის” მოძრაობის აქტივისტების მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მოქალაქე ბესო ხუციშვილი ამბობს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა აიძულეს, დახმარებოდა ლაშა ბახუტაშვილის დაკავებაში, შემდეგ კი თვითონაც დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი