ახალი ამბები

დენზე ტარიფი სემეკს ჯერ არ შეუმცირებია

24 დეკემბერი, 2012 • • 1191
დენზე ტარიფი სემეკს ჯერ არ შეუმცირებია

სემეკის თავმჯდომარემ გურამ ჩალაგაშვილმა „ნეტგაზეთთან“ საუბარში განმარტა, რომ ტარიფს ადგენს მარეგულირებელი კომისია.

 

“მემორანდუმი – ეს არის დოკუმენტი, რომლის გამოყენებაც კანონით აქვს მინიჭებული კომისიას. 2012 წელს კომისიის ბოლო სხდომა ჩანიშნულია 27 დეკემბერს. რადგან დასრულდა „რაო იესთან” და „ენერგოპრო ჯორჯიასთან“ ტარიფის შემცირებაზე მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, 27 დეკემბრამდე შემოტანილი იქნება ხელმოწერილი მემორანდუმი და კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.“     

 

გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, ვიდრე ხელმოწერილი მემორანდუმი სემეკში არ შევა, ტარიფი არ შეიცვლება:

 

„მე ვერ გეტყვით, ხელი მოწერილი არის თუ არ არის მემორანდუმზე. კომისიაში ჯერჯერობით ხელშეკრულება არ შემოსულა ოფიციალურად. ასე რომ, ვიდრე არ შემოვა ჩვენთან ოფიციალური ხელშეკრულებები, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ ხელმოწერასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.“

 

საქართველოს ხელისუფლებასა და კომპანიებს შორის ტარიფის შემცირების შესახებ გაფორმებულ მემორანდიმზე კომენტარს არ აკეთებენ ენერგოგამანაწილებელ კომპანია „თელასში“ და „ენერგოპრო ჯორჯიაში“.

 

„ენერგოპრო ჯორჯიაში“  „ნეტგაზეთს“  განუცხადეს, რომ ვიდრე ტარიფი ოფიციალურად არ შევა ძალაში, კომპანიის ადმინისტრაცია კომენტარს არ გააკეთებს. „ენერგოპრო ჯორჯაში“ არც მემორანდუმის ხელმოწერის საკითხზე და მიღწეული შეთანხმების დეტალებზე საუბრობენ.

 

„თელასის“ პრესსამსახურში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ტარიფის საკითხზე კომენტარს „ინტერ რაოში“ გააკეთებდნენ.

 

„ნეტგაზეთმა“ მოსკოვში „ინტერ რაოს“ პრესსამსახურთან დაკავშირება სცადა, თუმცა კომპანიის სამდივნოში განაცხადეს, რომ „ინტერ რაოს“ ინფორმაციული პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილზე არ იმყოფებოდნენ.   

 

ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების შესახებ კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრსკონფერენციაზე გააკეთა.  

 

მოგვიანებით ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ  „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და კომპანია “ინტერ რაოს” შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად ელ. ენერგიის ტარიფის გაიაფების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. 

 

კალაძის მიერ „ფეისბუქზე“ გავრცელებული ინფორმაციით, „ენერგეტიკის სამინისტრომ “ინტერ რაოსთან” გააფორმა დროებითი, გარდამავლი მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, ელ. ენერგიის სამომხარებლო ტარიფი დროებით, 3 თვის ვადით, 3.5 თეთრით შემცირდება. 

 

შეთანხმების შედეგად “თელასის” აბონენტები, რომლებიც ყოველთვიურად მოიხმარენ 0–დან 100 კვტ/სთ–მდე ენერგიას, 1 კვტ/სთ–ში 13.30 თეთრის ნაცვლად გადაიხდიან 9.94 თეთრს, ხოლო ისინი, ვინც 101–დან 300 კვტ/სთ–მდე მოიხმარენ, არსებული 16 თეთრის ნაცვლად გადაიხდიან 12.46 თეთრს.

 

რაც შეეხება “ენერგო–პროს” აბონენტებს, 0–დან 100 კვტ/სთ–მდე ენრგიის მომხარებლები 12.98 თეთრის ნაცვლად გადაიხდიან 9.44 თეთრს, ხოლო 101–დან 300 კვტ/სთ–მდე მომხარებლები არსებული 16.52 თეთრის ნაცვლად 12.98 თეთრს.

 

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის გურამ ჩალაგშვილის განცხადებით, „ვინაიდან სახელმწიფო აცხადებს, რომ მოლაპარაკებები არის დასრულებული, ეს იმას ნიშნავს, რომ დარჩენილია მხოლოდ და მხოლოდ ხელმოწერა. როგორც კი მოეწერება ხელი, კომისიას შეუძლია იმ წუთშივე მიიღოს ცვლილება ტარიფთან დაკავშირებით და, შესაბამისად, მეორე დღესვე გამოქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეში, რაც ნიშნავს იმას, რომ შემცირებული ტარიფი კომისიის სხდომაზე გატანიდან 24 საათში შევა ძალაში.“

 

კომისია სხდომას 27 დეკემბერს გამართავს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი