ჭიაბერაშვილი: სამთავრობო ვალის თვალსაზრისით საქართველომ 2003 წლის მონაცემს გადააჭარბა

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სამთავრობო ვალის რაოდენობით საქართველომ იმ მონაცემს გადააჭარბა, რაც ედუარდ შევარდნაძემ დატოვა 2003 წელს. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ზურაბ ჭაიბერაშვილის თქმით, ჩვენ ვხედავთ, რომ უმუშევრობა არ მცირდება, ხოლო ოჯახების შემოსავლები იკლებს:

“ბუნებრივია, ხალხი ელოდება, როდის შეიძლება გამოსწორდეს ეკონომიკური მდგომარეობა. ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია, რომ ჩვენ სამთავრობო ვალის თვალსაზრისით წელს გადავაჭარბეთ იმ მონაცემს, რაც შევარდნაძემ დატოვა 2003 წელს. 2003 წელს მთლიან ეკონომიკასთან მიმართებაში სამთავრობო ვალი იყო 43% და 2017 წელს ეს არის 44%,  ანუ მომავალ თაობებს მოუწევთ იმ ფულის გადახდა, რასაც დღეს თქვენ ბიუჯეტიდან უყაირათოდ ფლანგავთ”.

მისივე თქმით, თუ 2012 წლის და 2016 წლის სამთავრობო ბიუროკრატიულ ხარჯს ერთმანეთს შევადარებთ,  იმ ხარჯს, რომელიც  ხელფასებზე, პრემიებზე და დანამატებზე გაიცემა,  2016 წლის ხარჯი 550 ლარით მეტია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 15,496.18 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.