ახალი ამბები

ადა მარშანია: ჯომოლუნგმაზე უნდა ავიდეთ და იქიდან ველაპარაკოთ მთავრობას?

5 აპრილი, 2017 • 2261
ადა მარშანია: ჯომოლუნგმაზე უნდა ავიდეთ და იქიდან ველაპარაკოთ მთავრობას?

“პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციის წევრის, ადა მარშანიას განცხადებით, იპოთეკური სესხით მოსარგებლე პირების პრობლემებზე რამდენჯერმე მოითხოვეს სამთავრობო კომისიის შექმნა, თუმცა, უშედეგოდ.

ქუთაისში, პარლამენტის სასახლესთან იპოთეკით მოსარგებლე პირების აქცია მიმდინარეობს. სწორედ ამ აქციას გამოეხმაურა ადა მარშანია სასესიო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას:

“ეს ადამიანები ისევ და ისევ დადგებიან აქ და მანამ იდგებიან, სანამ სერიოზულ ყურადღებას არ მივაქცევთ მათ. ჩვენ რამდენჯერმე დავაყენეთ სამთავრობო კომისიის შექმნის საკითხი, მაგრამ დღემდე პასუხი არ მიგვიღია.”

ადა მარშანიამ ხელისუფლებას კითხვით მიმართა, თუ რომელი ტრიბუნიდან  და რომელ ენაზე უნდა ესაუბრონ, რომ სათქმელი გააგებინონ:

“რომელი უფრო მაღალი და დიდი ტრიბუნაა საქართველოში, ვიდრე საპარლამენტო ტრიბუნა? რომელ ენაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ აქ, თუ არა ქართულზე?  ჯომოლუნგმაზე უნდა ავიდეთ?  იმ სიმაღლიდან უნდა მივმართოთ მთავრობას? ჟესტების ენაზე უნდა მივმართოთ მთავრობას? რათა გავაგებინოთ მთავრობას, რომ როცა მთელი ფრაქცია ითხოვს ფრაქციის შექმნას, პასუხი უნდა გაეცეს მთავრობიდან ფრაქციას,” – განაცხადა ადა მარშანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი