ახალი ამბები

ინტერვიუ გარემოს დაცვის მინისტრთან

24 დეკემბერი, 2012 • 2595
ინტერვიუ გარემოს დაცვის მინისტრთან

ხათუნა გოგალაძე
ხათუნა გოგალაძე

ქალბატონო ხათუნა, ქვეყნის გარემოსდაცვით პოლიტიკას სპეციალისტები თითქმის ყოველთვის არასახარბიელოდ აფასებდნენ, გადაწყვეტილებების მიმღებნი კი ამას ეკონომიკური განვითარების სურვილით ხსნიდნენ. ფიქრობთ, რომ შეძლებთ მიდგომების შეცვლას?

 

ბოლო წლებში საქართველოში გარემოს დაცვა მეორეხარისხოვან საკითხად განიხილებოდა. ამბობდნენ, ჯერ გარემოს დრო არ არის, ქვეყანა ეკონომიკურად უნდა განვითარდეს, გარემოსთვის მერე მოვიცლითო. ეს მცდარი დამოკიდებულებაა. გარემოს დაცვითი საკითხები თუ არ არის კარგად გააზრებული და განხილული, ნებისმიერი პროექტის განხორციელებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი შეუქცევადი პროცესები და ზიანი ქვეყნისათვის, რომ მერე წლებთან ერთად დიდი ფული დასჭირდეს გამოწვეული მდგომარეობის გამოსწორებას. ასეთი პრაქტიკა არსებობდა განვითარებულ ქვეყნებში და ჩვენ ეს გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ, რომ  არ დავუშვათ მსგავსი შეცდომები.


თქვენ რა გჭირდებათ იმ მიდგომების შესაცვლელად, რაზეც ახლა საუბრობთ, ანუ რა გჭირდებათ ეფექტური მუშაობისთვის გარემოს დასაცავად?

 

პირველ რიგში, უნდა მოწესრიგდეს საკანონმდებლო ბაზა. შემუშავდეს ან გაძლიერდეს ისეთი მექანიზმები, რაც ეფექტიანი გადაწყვეტილებების მისაღებად არის აუცილებელი. თუ არ გვაქვს ძლიერი მონიტორინგის სისტემა, ვერ გვექნება კარგი მონაცემები, მონაცემი თუ არ გვაქვს სანდო, იმის შესახებ სად რა მდგომარეობაა, მაგალითად, დაბინძურების თვალსაზრისით, ვერ მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას, თუ რა უნდა გაკეთდეს და რამდენად აუცილებელი, პრიორიტეტული ან სასწრაფოა მისი გაკეთება. თუმცა არის მეორე მხარეც: ერთია გქონდეს კანონმდებლობა და მეორეა აღსრულების მექანიზმები, რაც არ უნდა კარგი იყოს კანონმდებლობა, თუ არ  სრულდება, თავისთავად აზრი ეკარგება მას. ამიტომ საჭიროა ინტენსიური კონტროლი. აუცილებელია, ასევე, გარემოს დაცვითი საკითხები ასახული იყოს სხვადასხვა სექტორის განვითარების გეგმებში. გარემოს დაცვა იკვეთება ყველა სფეროსთან, ეს იქნება სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება… ამიტომ აუცილებელია ცნობიერების ამაღლება ყველა კუთხით, მოსახლეობა იქნება თუ ბიზნესსექტორი, გადაწყვეტილებების მიმღები და ასე შემდეგ.


სად არის ცხელი წერტილები დღეს საქართველოში, რომელი სფეროები საჭიროებენ სასწრაფო რეაგირებას გარემოს დაცვის კუთხით?

 

გამოყოფა რთული იქნება, რადგან უამრავი პრობლემაა, მაგრამ მაინც გამოვყოფდი ტყეების საკითხს. ამჟამად ტყეები გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არ არის, მაგრამ ახლა ჩვენთვის გარდამავალი პერიოდია და ვიდრე ბუნებრივი რესურსები ჩვენს დაქვემდებარებაში გადმოვა, ვთანამშრომლობთ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან. ასევე, მნიშვნელოვანია ბუნებრივი და ანთროპოგენური რისკების პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებებიც. დღევანდელ პირობებში კლიმატის ცვლილების ფონზე არასწორი დაგეგმვა, არასწორად განვითარებული ინფრასტრუქტურული პროექტები, იგივე ტყეების არამდგრადი მართვის პრაქტიკა ახშირებს კატასტროფებს და ზრდის მის მასშტაბებს. შესაბამისად, აუცილებელია მათი პრევენცია, დაწყებული მაღალი რისკის შემცველობის მქონე ადგილების გამოვლენით, დამთავრებული იმით, რომ გავატაროთ ღონისძიებები გამოვლენილი სამუშაო ადგილების მიმართ, ეს იქნება ნაპირსამაგრი, გამამაგრებელი თუ სხვა სამუშაოები. ეს ყველაფერი  კი პროცესუალურად კანონმდებლობით უნდა მოწესრიგდეს.


ჰიდროპროექტები არის თემა, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს მოსახლეობას, არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა და დღემდე დაზუსტებით არ ვიცით ახალი მთავრობის პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში. რას გვეტყვით ამაზე?

 

დაგეთანხმებით, ეს ის საკითხია, რომლის მიმართაც მოსახლეობას დიდი ინტერესი და ვნებათაღელვა აქვს. არანაკლებ დიდია მთავრობის ინტერესი, რომ თითოეული პროექტი, მათ შორის ჰიდროელექტროსადგურები, გაკეთდეს ისე, რომ მაქსიმალურად ოპტიმალური იყოს შედეგი. ორმოცზე მეტი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაა გათვალისწინებული ინვესტორებთან დადებული მემორანდუმებით. ამ ეტაპზე რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეგიდით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციებიც შედიან. ჯგუფი „ხუდონჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებულ შეთანხმებას შეისწავლის.  მნიშვნელოვანია, რამდენად ეფექტიანი იქნება ამ ჯგუფის მუშაობა. თუ გაამართლა, შემდეგ შეიძლება მსგავსი პრაქტიკა სხვა პროექტებთან დაკავშირებითაც დაინერგოს და ამ ფორმით გადაიხედოს მსგავსი შეთანხმებები.

 

რაც შეეხება სხვა საქმიანობებს, რაზეც  უკვე გაცემულია მშენებლობის ნებართვა, რომლის შემადგენელიც გახლავთ ექსპერტიზის დადებითი დასკვნა, კომპანიას აძლევს კანონიერ უფლებას, განახორციელოს საქმიანობა. იმ შემთხვევაში კი, თუ ადგილი ექნება დარღვევას, რაც წინააღმდეგობაში მოვა გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში წარმოდგენილ საკითხებთან, რასაც ვამოწმებთ გარკვეული პერიოდულობით, ამის შესახებ ინფორმაციას სასამართლოში გადავაგზავნით. სასამართლო დაადგენს ზიანის ოდენობას და მიიღებს გადაწყვეტილებას. კანონმდებლობით პროცესი ასეთია და ცალსახად ყველაფრის გაჩერება, რაზეც ნებართვა უკვე გაცემულია, კანონს მიღმაა.


რა იქნება გარემოს დაცვის სამინისტროს პრიორიტეტები 2013 წელს?

 

პროექტის მიხედვით, რაც უკვე მზადაა და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად განვიხილეთ, გასულ წელთან შედარებით სამინისტროს ბიუჯეტი თერთმეტი მილიონით გაიზრდება. პრიორიტეტებში იქნება ტყესთან დაკავშირებული საკითხები. თანხა, რაც ამ კუთხით განისაზღვრა, არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ მთელი საქართველოს ტყეს მოევლოს და უცებ გამოსწორდეს ყველაფერი, მაგრამ პარალელურად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ინვესტორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათთვისაც კარგი მესიჯია, როცა ბიუჯეტში რაღაცას ითვალისწინებ ამ კუთხით.  იმედი მაქვს, საერთო ძალებით მოვახერხებთ, რომ სისტემა მდგრადი მართვის კუთხით წავიდეს. გათვალისწინებული გვაქვს ასევე ზედამხედველობის დეპარტამენტის შექმნა. ეს იქნება გარემოს დაცვის ინსპექციის მსგავსი სტრუქტურა, რომელიც აღიჭურვება ტექნიკურად, რომ მან ეფექტურად იფუნქციუნიროს, რაც გარემოდაცვითი კონტროლის გამკაცრების გარანტი უნდა გახდეს. 

 

 

ხათუნა გოგალაძე – დაამთავრა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი; ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრატურა გარემოსდაცვითი მეცნიერებებისა და პოლიტიკის განხრით; ინდიანას უნივერსიტეტის (აშშ) მაგისტრატურა სახელმწიფო მართვის სფეროში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით; წლების განმავლობაში მუშაობდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობებისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიმართულებით. 2008 წლიდან მართავდა ეუთო-ს პროექტს, რომელიც მიმართული იყო საქართველოში გარემოსდაცვითი დემოკრატიის ხელშეწყობისკენ. ბოლო წლებში მუშაობდა „ეუთო-ს გარემო და უსაფრთხოების“  ინიციატივის ეროვნული კოორდინატორის პოზიციაზე.

გარემოსდაცვით სფეროში გააჩნია მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი