ოთხსეზონიანი სამთო კურორტები – მთავრობის გეგმები

საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების მესამე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენცია დღეს, 5 აპრილს, გაიხსნა და სამთო კურორტების განვითარებისთვის საჭირო რამდენიმე თემას მიმოიხილავს – მათ შორის, კურორტების მდგრადი განვითარება და დაგეგმვა, ინვესტიციები და მათი სტიმულირება და ოპერაციული საკითხებია.

კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. მან საქართველოს ტურისტულ პოტენციალსა და სამთო კურორტების განვითარების კუთხით გატარებულ ღონისძიებზე ისაუბრა. მათ შორის -უკვე დასრულებულ და მიმდინარე პროექტებზეც:

ჩვენი ქვეყნის 65%-ზე მეტი მთაგორიანია და მთავრობა აქტიურად ავითარებს მთის კურორტებს, რათა ამ რეგიონებში გაჩნდეს წინსვლის მეტი შესაძლებლობა. სხვადასხვა კვლევის თანახმად, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ტურიზმიდან 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის შემოსავლების მიღების შესაძლებლობა არსებობს. ამის გათვალისწინებით საქართველოს მთავრობამ თავი მოუყარა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს და მიმართა ისინი ჩვენი მთის კურორტების განვითარებისკენ, ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ჩათვლით. ჩვენ გავხსენით ორი ახალი სათხილამურო კურორტი – გოდერძი და თეთნულდი- და შევქმენით ინვესტირებისთვის ხელსაყრელი გარემო” – თქვა პრემიერმა. 

მისი თქმით, კანადურმა კომპანიამ (Ecosign Mountain Planners)  უკვე მოამზადა გუდაური-კობის გენერალური გეგმა; ხოლო კიდევ ოთხი კურორტის – ბაკურიანის, თუშეთის, მესტისა და ბახმაროს გენერალური გეგმები ამჟამად მუშავდება.

პრემიერის თქმით, მთავრობის მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა შედეგები უკვე გამოიღო და ის კონკრეტულ რიცხვებშია გამოსახული:

ბოლო ხუთი სეზონის განმავლობაში საქართველოს სამთოსათხილამურო კურორტების სტუმართა რიცხვი 800%-ით გაიზარდა. სასიხარულოა, რომ ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება და ამ სეზონზე 49%-იანი ზრდა დაფიქსირდა. გარდა ამისა, საქართველოს მიზანია, უმასპინძლოს საერთაშორისო  შეჯიბრს ზამთრის სპორტის სახეობებში. 2016 წელს ქვეყანაში დაფიქსირდა რეკორდი – 6,3 მილიონი ტურისტი, ხოლო ტურიზმიდან შემოსავლებმა 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა” – თქვა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რათა საქართველოს მთის კურორტები ზამთარ-ზაფხულ დატვირთული იყოს და მთელი წლის განმავლობაში ტურისტებს ჰქონდეთ ლაშქრობებში,  გასართობ თუ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

კონფერენციის ფარგლებში 35-მდე ქვეყნის 300-მდე მოწვეული დელეგატი საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრებს. მომხსენებლები ისაუბრებენ სამთო კურორტების ეკონომიკური პოტენციალის შესახებ,როგორ უნდა მოხდეს ტურიზმის სფეროებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა. ასევე, კონფერენციაზე განხილული იქნება სამთო ტურიზმის განვითარების პერსპექტივები.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის, ევროპისა და აზიის სამთო კურორტების მესამე საერთაშორისო კონფერენცია 05.04.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის, ევროპისა და აზიის სამთო კურორტების მესამე საერთაშორისო კონფერენცია 05.04.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, კონფერენციის მიზანია, მოისმინონ უცხოელი კოლეგების გამოცდილება, რათა საქართველო ოთხივე სეზონის სამთო კურორტად იქცეს:

„თქვენ იცით, რომ სივრცითი განვითარების კუთხით, სამთო კურორტების განვითარება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და სახელმწიფო არაერთი ათეული მილიონი ლარის ინვესტირებას ახორციელებს ამ მიმართულებით. ასევე, საკმაოდ მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს დებს კერძო სექტორი.  ამ გამოცდილების გაზიარება გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენი სამთო კურორტები გახდეს ოთხსეზონიანი,  12 თვის შემოსავლების მქონე კურორტები. სწორედ ესაა დღევანდელი  კონფერენციის ძირითადი თემატიკა. ასევე, განიხილება ინოვაციური მეთოდების გამოყენების საკითხები, რომლებიც ტურისტულ სექტორში შემოსავლების, დასაქმების  და, შესაბამისად, ქვეყნის კეთილდღეობის გაზრდისკენ არის მიმართული“, – აღნიშნა პირველმა ვიცეპრემიერმა, ქუმსიშვილმა.

 

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის, ევროპისა და აზიის სამთო კურორტების მესამე საერთაშორისო კონფერენცია 05.04.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის, ევროპისა და აზიის სამთო კურორტების მესამე საერთაშორისო კონფერენცია 05.04.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

კონფერენცია ორ დღეს გასტანს და 7 აპრილს დასრულდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი