ახალი ამბები

ბარსელონის მიმართულებით დაგეგმილი პირდაპირი რეისები ჩარტერული იქნება

4 აპრილი, 2017 • 4066
ბარსელონის მიმართულებით დაგეგმილი პირდაპირი რეისები ჩარტერული იქნება

5 ივლისიდან “ჯორჯიან ეარვეისი” თბილისიდან ბარსელონის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას გეგმავს. თუმცა, როგორც ავიაკომპანიის წარმომადგენელმა (რომელსაც ბილეთის ფასის შესახებ ვკითხეთ) ბექა მჭედლიშვილმა ონლაინ-მიმოწერაში გვითხრა, საუბარია არა რეგულარულ არამედ ჩარტერულ რეისებზე, რომელიც ტურ-ოპერატორთან იქნება მიბმული.

ინფორმაცია ზემოხსენებული პირდაპირი რეისების შესახებ თბილისისა და ბათუმის აეროპორტებმა გაავრცელა.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ბარსელონის მიმართულებით რეისები ყოველკვირეული იქნება.

ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეიზი“ ლონდონისა და პრაღის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელებასაც იწყებს.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, თბილისი-ლონდონი  (გეთვიკის აეროპორტი)-თბილისი საჰაერო ხაზზე ოპერირებას ავიაკომპანია 15 მაისიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და შაბათს გეგმავს. ავირეისები თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებაზე კი 22 მაისიდან, ასევე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და შაბათს შესრულდება.

ამასთან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან  „ჯორჯიან ეარვეისი“ განაახლებს ოპერირებას კიევისა და ხარკოვის მიმართულებებით შემდეგი განრიგით:

თბილისი-კიევი (ჟულიანის აეროპორტი)-თბილისი – ავიარეისები განხორციელდება 2 აპრილიდან, ყოველდღიურად, კვირაში 7 სიხშირით;

თბილისი-ხარკოვი-თბილისი – ფრენები შესრულდება 12 აპრილიდან სეზონის ბოლომდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი