ახალი ამბები

EU-ის 5 წევრის შემდეგ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად შესაძლოა ევროპის სხვა სახელმწიფოებმაც აღიარონ

4 აპრილი, 2017 • 6837
EU-ის 5 წევრის შემდეგ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად შესაძლოა ევროპის სხვა სახელმწიფოებმაც აღიარონ

ჰოლანდიის, საფრანგეთის, ბელგიის, ბულგარეთის და ავსტრიის შემდეგ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში შესაძლოა ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებმაც შეიყვანონ. ამის შესახებ ნეტგაზეთს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გოგა ტაბატაძემ განუცხადა.

“სხვა ქვეყნებიც ფიქრობენ, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. საუბარი არის ევროკავშირის ერთიანი სიის შექმნაზე. დღეისათვის თითოეულ ქვეყანას ინდივიდუალური სია აქვს. ახლა მიმდინარეობს კრიტერიუმების შემუშავება, რომელიც ერთიან მიდგომებზე იქნება დაფუძნებული და ერთიან სიას შეიმუშავებს ევროკავშირისთვის”, – ამბობს გოგა ტაბატაძე.

კონკრეტული ქვეყნის უსაფრთხოდ აღიარება არ ნიშნავს იმას, რომ მის მოქალაქეებს თავშესაფრის მიღებაზე განაცხადის შეტანა ეკრძალებათ. არც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარს ვერ მიიღებენ, თუ ისინი სამშობლოში რეალური საფრთხის წინაშე დგანან და ევროპული ქვეყანა ამაში დარწმუნდა. თუმცა, ტაბატაძის განმარტებით, უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში სახელმწიფოს შეყვანა ნიშნავს იმას, რომ იმ ქვეყნის მოქალაქეები თავშესაფრის მოთხოვნაზე პასუხს მალე მიიღებენ. 

“ადრე თუ 6 თვე სჭირდებოდა, ახლა პასუხს მიიღებს 1 თვეში”, – აცხადებს ტაბატაძე.

ევროპის რომელიმე ქვეყანაში ჩაბარება და თავშესაფრის მოთხოვნა წლების განმავლობაში მიგრანტებისათვის საცხოვრებელი სტატუსის მოპოვების ერთ-ერთ გზად განიხილება. გარდა ამისა, მას თან გაკრვეული სოციალური ბენეფიტებიც ერთვის, რომელსაც ადამიანები ლოდინის პირობებში იღებენ.

საქართველო 2013 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას უსწრებდა ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის მიხედვით: 9110-მა ადამიანმა მიმართა ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანას თავშესაფრის მოთხოვნით. განცხადებების მხოლოდ 5 პროცენტი დაკმაყოფილდა. 2014 წელს ეს რიცხვი შედარებით შემცირდა – 8555 აპლიკანტი, რომლის 50 პროცენტი 18-34 წლის ადამიანიებზე მოდის. როგორც 2013, ასევე 2014 წელს თავშესაფრების მაძიბელების რაოდენობის მიხედვით, საქართველო EU-ს “რეიტინგის” ოცეულში იყო.

“რაც შეეხება შენგენის სივრცის წევრ სახელმწიფოთა თავშესაფრის სისტემების შესაძლო ბოროტად გამოყენებას საქართველოს მოქალაქეების მიერ, მიუხედავად მინიჭების/აღიარების დაბალი კოეფიციენტისა, საქართველოს შეტანა წევრ სახელმწიფოთა სიებში, სადაც ფიქსირდებიან წარმომავლობის უსაფრთხო ქვეყნები, შესაძლოა კიდევ ერთი საშუალება აღმოჩნდეს თავშესაფრის სისტემების ბოროტად გამოყენების პრევენციისათვის’, – ესაა ციტატა ევროკომისიის მიერ მომზადებული დასკვნიდან, რომელიც საქართველოსა და EU-ს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის ფარგლებში მომზადდა. ეს დოკუმენტი თან ახლავს ევროკომისიის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ამ უკანასკნელმა ევროპარლამენტსა და მინისტრთა საბჭოს მიმართა საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ზონაში სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით.

საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიანიჭა ისრაელმაც. ისრაელის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეების ნაწილი, რომლებიც ისრაელში ტურისტებად მიდიოდნენ, იქ თავშესაფარს ითხოვდნენ, რაც ისრაელის კანონმდებლობით ავტომატურად განიჭებს 3 წლით მუშაობის უფლებას. ელჩის თქმით, სტატისტიკა ამ კუთხით განსკაუთრებით გაიზარდა 2016 წელს. თუმცა, როგორც ცურმა “პანორამის” წამყვან გია აბაშიძესთან ინტერვიუში განაცხადა, ცოტა ხნის წინ პრევენციის მიზნით ისრაელმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მოქალაქეები “რეალური საფრთხის” გარეშე თავშესაფარს ვეღარ მიიღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი