ახალი ამბები

“დასაქმების ბიუროებად აქციეს” – პრობლემები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში

4 აპრილი, 2017 • 2301
“დასაქმების ბიუროებად აქციეს” – პრობლემები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სუსტი ცენტრები მუნიციპალიტეტებში – პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში დღეს, 4 აპრილს, მსჯელობენ, რა პრობლემებია და როგორ უნდა განავითარონ საზოგადოებრივი ჯანდაცვა რეგიონებში.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, სოციალური მომსახურება ადგილობრივი თვითმმართველობების ერთ-ერთი ძირითადი როლია, თუმცა თვითმართველობის განვითარების ამ ეტაპზე “ეს როლი საკმაოდ მცირეა” და ძირითადი პროგრამები ცენტრალური დონეზე ხორციელდება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარებაში მუნიციპალიტეტების როლზე და არსებულ პრობლემებზე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა.

გამყრელიძის განმარტებით, საქართველოში ცენტრალურ დონეზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრია (NCDC). ხოლო ადგილობრივ დონეზე არიან აიპ-ები, რომლებიც გამგეობებთან არიან შექმნილი და რომელთა დირექტორებსაც გამგებელი ნიშნავს.

ამირან გამყრელიძის მიერ კომიტეტის შეხვედრაზე წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივ დონეზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში (აჭარის გარდა, სადაც განსხვავებული სისტემა მოქმედებს), 61 ტერიტორიულ ერთეულში, 1020 საშტატო ერთეულია, აქედან 284  არის ექიმი.

ამირან გამყრელიძემ პრობლემებს შორის დაასახელა ის ფაქტი, რომ გამგებლები თვითნებურად ნიშნავენ ამ აიპ-ების ხელმძღვანელებს, საერთო სტანდარტი არ არსებობს და შტატები ბევრ შემთხვევაში გაბერილია:

“არ არის სტანდარტი, ვინ უნდა დაინიშნოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორად რაიონში. ამიტომ, ხშირად შეცვალეს, დასაქმების ბიუროებად აქციეს. სტანდარტი უნდა იყოს, რომ ვთქვათ, 100 000-იან მუნიციპალიტეტს სჭირდება ამხელა საზოგადოებრივი ჯადაცვა, 10 000-იანს – სხვა. არ დავასახელებ რაიონებს, სადაც 45-50 ადამიანი დაასაქმეს ამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში და ეს არასწორია, ანუ არ არის გაწერილი, როგორ უნდა იყოს, იმიტომ, რომ ეს ადგილობრივი ხელისუფლბის პრეროგატივაა.  ჩვენი წინადადებაა, რომ აქ უნდა იყოს კოორდინაცია  ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის და უნდა არსებობდეს მეთოდური რეკომენდაცია, ვინ, როგორ, რანაირად უნდა დასაქმდეს ამ დაწესებულებებში,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში იგნორირებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხები:

“როდესაც ჩავდივარ რაიონებში, გამგებლებს ვთავაზობ, აი, თქვენ, გამგებლები ფლობთ სიტუაციას რაიონში, როგორია თქვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა?  რა აწუხებთ მათ? რა დაავადებებია გავრცელებული? რის წინააღმდეგ უნდა აწარმოოთ ძირითადი ბრძოლა – ამას ვინმე გეუბნებათ? მერე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს ვეკითხები, ორშაბათის თათბირზე ვინმე გეძახით? გეკითხებათ, რა მდგომარებაა, რა ავადმყოფები შევიდნენ საავადმოფოში და ასე შემდეგ? არავინ არაფერს არ ეკითხება.  ანუ ეს საკითხი იგნორირებული გახდა. რა თქმა უნდა, ყველგან არა, მაგრამ უმრავლესობაში,”- განაცხადა ამირან  გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე კომიტეტის შეხვედრაზე გამოსვლისას

მისი განცხადებით, ამ ნაწილში აქვთ რეკომენდაცია, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს მეტი მაკოორდინირებელი ფუნქცია მიენიჭოს:

“იმის გამო, რომ ჯანდაცვა დღეს ქვეყანაში თითქმის სრულად პრივატიზებულია და ერთადერთი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფერო დარჩა სახელმწიფო სფერო, ამას მიეცეს მეტი მაკოორდინირებელი თვისება,”- ამბობს გამყრელიძე.

კიდევ ერთი პრობლემა საზოგადოებრივი ჯანდაცის ცენტრების მატერიალურ-ტექნიკური ბაზაა. გამყრელიძის გაცხადებით, ეს ცენტრები ან საავადმყოფოების ძველ შენობებში, ან გამგეობებში ფუნქციონირებენ. ასევე, სჭირდებათ ახალი კომპიუტერები და ავტომობილები.

როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, მნიშვნელოვანია, ამ პრობლემების მოსაგვარებლად განხორციელდეს ერთჯერადი, 3 მილიონი ლარის ოდენობით ინვესტიცია:

“რომ ჰყავდთ ერთი მანქანა მაინც, რომ რაიონში იაროს, სოფლებში უნდა ჩავიდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექიმი. ნახოს, წყალი როგორ არის, ნახოს, ბავშვებს რა აწუხებთ, აცრილია თუ არა ყველა და ა.შ. თითო მანქანა რომ ყველას ჰყავდეს, ამას სჭირდება ერთჯერადი ინვესტიცია ქვეყანაში, რომ ეს 61 ცენტრი განაახლო სრულად – 3 მილიონი ლარი, რომელიც არ არის დიდი თანხა და შესაძლებელია, ერთჯერადი გადაწყვეტილებით ეს საკითხი გადაწყდეს,”- ამბობს გამყრელიძე.

მისივე თქმით, უფრო რთული გადასაჭრელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში დასაქმებულების ხელფასების საკითხი, თუმცა შესაძლებელია განხორციელდეს ოპტიმიზაცია:

“აჭარაში სხვანაირად არის მოწყობა, იქ ერთი ცენტრია საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მუნიციპალიტეტებში ჰყავთ 2-2 წარმომადგენელი. თუ აჭარის მაგალითზე, რეგიონალურ მმართველობაზე გადახვალ, ის 1020 ადამიანი ჩამოვა 400-450 ადამიანამდე, რომელიც საკმარისია, რომ ქვეყანაში პრევენციული მედიცინის განვითარებას ადგილობრივ დონეზე სტიმულირება გაუკეთოს,”- ამბობს გამყრელიძე.

როგორც შეხვედრის გახსნისას ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განმარტა, დღევანდელი შეხვედრა არის კომიტეტის 4-წლიანი (2017-2020 წლების) სამოქმედო გეგმის მოსამზადებელი შეხვედრების პირველი შეხვედრა. აკაკი ზოიძის თქმით, კიდევ 10-მდე სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რისი საბოლოო პროდუქტიც სამოქმედო გეგმა იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი