ახალი ამბები

პოლიციელის მხრიდან ცემის შესაძლო საქმეზე შოთა პაკელიანი გამოკითხეს

3 აპრილი, 2017 • 2245
პოლიციელის მხრიდან ცემის შესაძლო საქმეზე შოთა პაკელიანი გამოკითხეს

დღეს, 3 აპრილს, პროკურატურამ შოთა პაკელიანი მოწმის სახით გამოკითხა. გამოკითხვა 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელიც ეხება მის სავარაუდო ცემას პოლიციელების მხრიდან.

“წარიმართა გამოკითხვა, სადაც სრულად და ობიექტურად დაფიქსირდა, რა ინფორმაციაც შოთა პაკელიანმა მაიწოდა გამოძიებას. თუმცა უშალოდ შინაარსს ვერ მოგახსენებთ. გამოძიება დაწყებულია 333-ე ,მუხლის მესამე ნაწილით, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში მოხდა გამოკითხვა”, – განაცხადა გამომძიებელმა ირაკლი ქარდავამ.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა დეტალურად ისაუბრა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, რომელიც გააშიშვლეს სხვა უცხო ადამიანების თანდასწრებით, რა დროსაც მან თავი იგრძნო დამცირებულად. შემდეგ დეტალურად აღწერა ცემის მომენტი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა დაასახელა ორი პოლიციელი, ზუსტად რომელიც ახსოვს, რომელიც უშუალოდ მას აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, სცემდა”, – განაცხადა გიორგი მახარაძემ.

შოთა პაკელიანის ოჯახის წევრები ისანი-სამგორის მე-7 განყოფილების თანამშრომლებს მის სასტიკად ცემასა და წამებაში ადანაშაულებს, თუმცა შსს-ში აცხადებენ, რომ  სხეულზე დაზიანებები მიმალვის დროს, წაქცევის შედეგად მიიღო და მას პოლიციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

პაკელიანის ოჯახის ინფორმაციით, ის 4 დღის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. მათი განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში გადაღებულ ფოტოებზე 26 წლის ახალგაზრდას ძალადობის კვალი სხეულზე ნათლად ატყვია.

პაკელიანი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 23 მარტს დააკავეს. “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ცნობით, დაკავების მომენტში შეშინებულმა პაკელიანმა მის ხელთ არსებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარება შიშის საფუძველზე მოასწრო. მოძრაობის ცნობით, განყოფილების შენობაში გადაყვანის შემდეგ, მას პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთერება “ბიო” დაუდეს და რამდენიმესაათიანი ფიზიკური ანგარიშსწორების საფუძველზე მისგან აღიარებითი ჩვენების მოპოვებას ცდილობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი